„გვერგვი“ და „კალპი“, „მეკვლე-მეფეხე“ და საახალწლო რიტუალები საქართველოში

Sputnik საქართველოს ჟურნალისტი ნინო გოცაძე კიდევ ერთხელ გამოგზაურებთ საქართველოს ძველი ადათ-წესების სამყაროში და შეგახსენებთ, რა დატვირთვის მატარებელი იყო ჩიჩილაკი და მეკვლე ახალ წელს
Sputnik

სულ ცოტაც და კარს შემოგვიღებს ახალი წელი, ახალი იმედებით, სურვილებითა და ახლის მოლოდინით. ზეიმობს დიდი და პატარა, ყველა ოჯახში ფუსფუსებენ, საახალწლოდ რთავენ ოთახებსა თუ ეზო-აივნებს, ნაძვის ხეებსა და საახალწლო დეკორაციებს. საზეიმო ჭრელა-ჭრულა ფერებშია ჩაფლული მთელი სამყარო. იხსენებენ წინაპრებისგან გადმოცემით ნაამბობ წეს-ჩვეულებებს და ერთმანეთს ხელგაშლილობაში ეჯიბრებიან.

ახალი წლისთვის მზადება და განსაკუთრებული რიტუალები რომ ჰქონდათ უხსოვარი დროიდან საქართველოში, ყველამ ვიცით. სწამდათ, რომ მომავალი წლის კეთილდღეობა და სისავსე ამ დღისადმი მიძღვნილ რიტუალებზე იყო დამოკიდებული. ახალ წელს აკრძალული იყო ოჯახიდან რაიმეს გაცემა-გასესეხება. 

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა დატვირთვის მატარებელია ჩიჩილაკი და მეკვლე და რა რიტუალები უკავშირდება ახალ წელს, ეგებ ახალიც კი ამოვიკითხოთ რამე.

BBC-მ ჩიჩილაკს საშობაო ნაძვის ხის ალტერნატივა უწოდა

ახალი წლის რიტუალებში აუცილებლად უნდა ყოფილიყო საახალწლო რიტუალური კვერები, სიცოცხლის ხე და მეკვლე/მეფეხე, რომელთა გარეშე საზეიმო დღე ვერ ჩაივლიდა.

მთელ საქართველოში ცხვებოდა სხვადასხვა ფორმის და გამოსახულებიანი, გულსართიანი და უსართო კვერები: კაცის ფორმის კაცა-ბასილა, ხარების უღლის გამოსახულებიანი დედო პური, პურის და ღომის თაველი, საცეხველი, ნამგალი, თოხი, წიწილ-კრუხი, გუთანი, კევრი, თოხი, ვაზი, ძროხის ცური, ჩიჩილაკისათვის მრგვალი ყვინჩილა და ბოკელი და სხვ. ახალი წლის წინა დღეს ამ კვერებს საახალწლო გობზე აწყობდნენ, მეორე დილას კი ახალ წელს მიუკვლევდნენ ოჯახის წევრებს, ხარ-საქონელს, ფრინველებს, სამეურნეო სათავს-ნაგებობებს, სათესლე გოდორს, ბეღელს. ზოგ კვერს მაშინვე ჭამდნენ კერიასთან, დაუქორწინებელს არ აჭმევდნენ, ნაფჩხვენებს აუცილებლად ცეცხლში ყრიდნენ. გუთნისა და ხარისას საქონელს შეაჭმევდნენ, თაველებიანს ბეღელში ჩააგდებდნენ ბარაქისათვის, კალოს კვერს სათესლედ გადანახულ მარცვალში დებდნენ, თესვისას კი ხარებს აჭმევდნენ, ან თესლთან ერთად მიწაში მარხავდნენ. 

განსაკუთრებით ლოცულობდნენ ახალ წელს წმინდა ბასილის და ბარბარეს სახელზე. ბასილის სახელზე გამომცხვარ კვერს გულს ამოჭრიდნენ, მეკვლე ამტვრევდა და თაფლში ამოვლებულს ოჯახის ყველა წევს აჭმევდა, დარჩენილს ბარაქიანობის გასადიდებლად ცომში ურთავდნენ, დასათეს თესლში ურევდნენ, ბეღლის თვლებში დებდნენ, ნაწილს საქონელს აჭმევდნენ და წმინდა ბასილს ბარაქიან წელიწადს, გამრავლებას და კარგ მოსავალს შესთხოვდნენ - მოგვეცი სიმრავლე და მოსავალი გაგვიმრავლეო.

შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

სვანეთში აცხობდნენ დიდი ზომის ქიმებიან მრგვალ კვერს „ქალბაბარ“, რომელსაც მზის ღვთაებას ქალბაბარს//ბარბოლს უცხობდნენ. ახალი წლის საღამოს ოჯახის უფროსი დაიჭერდა ხელში ქალბაბარს, გასასვლელ კართან გაჩერდებოდა და წმინდანის სახელზე ლოცვას წარმოთქვამდა: „ქალბაბარო მადლიანო, მრავალ ამაღამის ღამეს კარგ გულზე გვამყოფე, მრავალ ამ დროს კარგ გულზე! მშვიდობის დრო მოგვეცი, მადლიანო, კარგი წელიწადი შეგვიცვალე, მადლიანო!“. ლიმზჷრის (ლოცვა-შეწირულობის) გათავების შემდეგ გადააბიჯებდა კარის ზღურბლს და იქვე გაჩერდებოდა. ოჯახის დანარჩენი წევრებიც გარეთ გავიდოდნენ და მომზჷრის (მლოცველის) პირდაპირ კალოზე გაჩერდებოდნენ. მომზჷრი მოიმარჯვებდა ქალბაბარს და ოჯახის წევრებისაკენ ისროდა. ვინც დაიჭერდა კვერს, ისევ უკანვე გადაუგდებდა. ასე სამჯერ ესროდნენ ერთმანეთს ამ კვერს. შემდეგ დაინაწილებდნენ და მიირთმევდნენ. 

მეტად საინტერესოა საახალწლო დღესასწაულის მთავარი პერსონაჟი - მეკვლე. ახალი წლის წინა დღეს მეკვლის როლს ოჯახის უფროსი, ხოლო ახალი წლის დღეს საგანგებოდ შერჩეული „ფეხბედნიერი“ პირი მეკვლე/მეფეხე ასრულებდა. მეკვლე-მეფეხის შინ შემოსვლა-დალოცვას მოყვებოდა ღვთის წყალობა, სიმდიდრე-ბარაქიანობა და ყოველგვარი სიკეთე. მისი ერთერთი მთავარი ფუნქცია საახალწლო რიტუალის, საწესო ხვნა-თესვის შესრულება და რიტუალური კვლის გავლება ყოფილა. სამიწადმოქმედო იარაღით, კავწერით, მეკვლეს გაყავდა კვალი - მიწას „წერავდა“ და „გაწერილ“ კვალში ყრიდა მარცვალს. სწამდათ, რომ მეკვლე „ბედის მწერალია“, რადგან მის მიერ შესრულებულ რიტუალზე იყო დამოკიდებული მომავალი წლის მოსავლის ავკარგიანობა და ოჯახის ბარაქიანობა.

ბარბოლ/ბარბალის დღესასწაული, ტრადიციები და საქართველოს ანტირელიგიური მუზეუმი

ახალი წელი დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, გურია, იმერეთი) ჩიჩილაკის და გვერგვის (რაჭა-ლეჩხუმი) გარეშე ვერ ჩაივლიდა. ჩიჩილაკი და გვერგვი „მსოფლიო ხის“, „წმინდა ხის“ და სიუხვისა და ბარაქის სიმბოლო იყო. 

იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში თლიდნენ ჩიჩილაკებს, რომელსაც ბავშვები სუროს, შქერის, კურკანტელის (კუნელის) და სხვა ტოტებითა და ტკბილეულობით რთავდნენ, თავზე ერთ ბოკელს (ყველის გულიანი, შუაში გახვრეტილი, მრგვალი კვერი) ჩამოცვამდნენ და აბრეშუმის ყვითელ ძაფს შემოახვევდნენ, როგორც მზის სიმბოლო. ჩიჩილაკზე ჯვრის ორ ბოლოზე მრგვალ „ყვინჩილა“ კვერებს წამოაცვამდნენ, ორზე კი ვერცხლის ფულიან ვაშლებს ამაგრებდნენ. ასე მორთული ჩიჩილაკი სიუხვის და ბარაქის სიმბოლოდ და მზის ღვთაების ემბლემად იყო მიჩნეული. ჩიჩილაკზე კიდებდნენ სხვადასხვა რიტუალურ კვერებსაც. იმერეთში სცოდნიათ სამი ჩიჩილაკის მორთვა. ერთი საახალწლო გობზე იდგმებოდა, მეორეს მარანში კიდებდნენ, მესამეს კი ჭიშკარზე ამაგრებდნენ.

ახალი წლის წინა დღეს, ჩიჩილაკის მორთვის შემდეგ გააწყობდნენ საახალწლო გობს - „გასალოც საფერხავს“, გობის შუაგულში ეწყო დიდი ხაჭაპური, დედო პური, კაცა-ბასილა, რიტუალური კვერები, ღორის თავი, მოხარშული ქათამი, კოთხოთი გაცეხვილი ღომის მარცვალი შიგ ჩადებული კვერცხით, რომელიც ნაყოფიერების და სიუხვის სიმბოლოდ იყო მიჩნეული, პატარა ქოთნით სანთელ-საკმეველი, ოქროს და ვერცხლის ნივთები, სუროსა და შქერის ტოტები, ტკბილეული, ღვინო დოქით და სხვა სანოვაგე. ჩიჩილაკს და გობს კართან დებდნენ. ამით მთავრდებოდა საახალწლო სამზადისი. საღამოს ოჯახი ილოცებდა, შემდეგ კი სავახშმოდ დაჯდებოდა, დალოცავდა ძველ წელს და ღმერთს ახალი წლის უკეთ დაბედებას შესთხოვდა. 

ახალი წლის დილას, მეკვლე - მეფეხური სანთელანთებული ჩიჩილაკითა და საახალწლო გობით ხელში რამდენჯერმე შემოუვლიდა სახლის ყველა კუთხეს, სხვა ნაგებობებს და დოვლათის და ბარაქის სიმბოლოს - ღომის მარცვალს იატაკზე აბნევდა, ოჯახის წევრებს და საქონელს თავზე აყრიდა. ამის შემდეგ ატარებდნენ რიტუალურ ხვნა-თესვას.

ჩიჩილაკი: ახალი წლის ქართული სიმბოლო

რაჭა-ლეჩხუმში წნავდნენ „გვერგვს“, ეს იყო ბარაქის მიმნიჭებელი და მარცვლეულის ამაღორძინებელი ძალის, მზის ღვთაების სიმბოლო, წმინდათაწმინდა და ზრდისა და ნაყოფიერების ძალის ასტრალური დანიშნულების ფიგურა - ვაზის ექვსი ლერწი მჭიდროდაა ერთმანეთზე გადაგრეხილი და რგოლად მოკეცილს თავები ტირიფის წნელით აქვს დამაგრებული. რგოლის შიგნით თხილის მომსხო ჯოხებია ჯვარის სახედ დატანებული. თხილის წვერები რგოლშია გაყრილი და ნაწილობრივ გარეთ არის გამოშვერილი. თხილის ჯოხებს წვერებზე ჩამოაცმევდნენ წითელ ვაშლებს, რომელშიც ვერცხლის წვრილი ფულია ჩარჭობილი. გვერგვს ირგვლივ ზემოდან ბაძგარის (Ilex colchica Pojark.) ფოთლიანი ტოტებით რთავდნენ. გვერგვის ცენტრში დებდნენ „საოჯახო ტაბლას“ - შუაზე ჯვარდასახულ სართვიან კვერს, დგამდნენ ჯამით თაფლს, ვერცხლის წვრილ ფულს და შაქრის ნაჭრებს. 

გვერგვს ახალი წლის წინა დღეს საღამომდე სასაფურეზე (საფუვრის ჭურჭელზე) ათავსებდნენ. საღამოს როცა შინაური მკლოვიარე (მეკვლე) სხვა ბურულში (შენობაში) მიდიოდა დასაძინებლად, მას გვერგვიც თან მიჰქონდა. დილით გვერგვით ხელში მკლოვიარე სახლის კარს მიადგებოდა და დაიძახებდა: - კარი, შინიდან შეეკითხებოდნენ - რა მოგაქვსო, მკლოვიარე უპასუხებდა - დადიანის თეთრი და ქონებაო. კითხვა - პასუხი სამჯერ მეორდებოდა. შემდეგ მკლოვიარე შენ შევიდოდა, ღომის, ან პურის მარცვალს სოხანეზე მიმოაბნევდა, გვერგვით კერის გარშემო სამჯერ შემოივლიდა, შემდეგ გვერგვს კვლავ სასაფურეზე მოათავსებდა, თითონ ცეცხლის პირას დაჯდებოდა, ცეცხლში ალმოკიდებულ მუგუზალს ნაფოტს მიარტყამდა, ნაკვერჩხალს გააყრევინებდა და თან დაიძახებდა - ამდენი გოჭი, ამდენი ქათამიო. ამ დროს სახლის უფროსი ქალი ოჯახის წევრებს ღვინით ხელს აბანინებდა. დაბანის დროს ხელების ქვეშ ჯამს შეუდგამდა, ხელებზე მარილს წააყრიდა და თან ამბობდა: - ღმერთო, ტკბილად დამიბერე ჩემი ქმარ-შვილი, უმტკივრად მიმყოფეო. შემდეგ ამ ღვინიან ჯამს და გვერგვს შუა კალოზე გაიტანდნენ, გვერგვს მიწაზე დადებდნენ, ღვინოს კი გვერგვის თავზე ზევით ჰაერში აასხამდნენ, რაც შეიძლება მაღლა და თან შესძახებდნენ: - ამ სიმაღლე ხვავი, ამ სიმაღლე ხვავიო. შინ დაბრუნებისას გვერგვს კვლავ კერის გარშემო შემოატარებდნენ, ოჯახის ყველა წევრი სათითაოდ ხელს შეახებდა და თან იტყოდა: - ბევრი კარგი წელიწადი მოგვასწროს ღმერთმაო. ბოლოს გვერგვს ისევ სასაფურეზე დადებდნენ და აქ იდო მთელი წლის განმავლობაში. 

საღადაა „კრიმანჭული“ და „ოროდელა“, სადღაა თოვლი და კალანდობა?! - გურული სადარდებელი

ამავე დატვირთვის ყოფილა გურიის მთიან მოსახლეობაში „კალპიანი ჩიჩილაკი“. ეს არის ლერწისგან მოწნური, სუროს ნორჩი ფოთლებით, ნაყოფით, კურკანტელით (კუნელი) და თხილის კვირტიანი ტოტებით მორთული რგოლი, რომელსაც ჩიჩილაკის თავზე ჩამოაცვამდნენ. კალპის ზემოთ ჩიჩილაკს ჩამოაცმევდნენ ბოკელს, ჩიჩილაკის წვერში დამაგრებულ ხის ჯვრის ორ წვერზე ამაგრებდნენ „ყვინჩილას“, დანარჩენ ორზე კი ბროწეულს, ვაშლს, ან სხვა ხილს.

დასავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღეს აუცილებლად ატარებდნენ ფრინველთან დაკავშირებულ რიტუალებს.

გურიაში ახალი წლის წინა „ცხემლის ჭრის დღეს“ ოჯახის უფროსი კაცი დილით ადრე ცხმელას (რცხილა) მოჭრიდა, დააპობდა და სახლის კართან დააწყობდა. ამავე ცხმელაზე საგანგებოდ გასუქებულ ორ ახალგაზრდა მამალს - „ცხმელის დღის მამლუჩას“ და „გასალოც ზვარაკს“ დაკლავდა, სისხლს კერიის გარშემო, ან კერიაში ჩააქცევდა და ილოცავდა - ბევრი მოსავალი, კაი წელიწადი და სიმთელე დაგვიბედეო. მამლუჩას იმავე საღამოს ჭამდნენ, მეორეს საახალწლო გობზე დებდნენ. მამლის შიგნეულს რიტუალის შემსრულებელს მიართმევდნენ.

ახალი წლის დილით ოჯახის უფროსი შემოლოცვის შემდეგ გარეთ გავიდოდა და ცხმელის ხის სამ მოზრდილ ნაჭერს შემოიტანდა, ცეცხლს დაანთებდა, ახალ წელს მიულოცავდა და თან იძახოდა - ხალა, ხალაო. ანთებულ მუგუზალს ნაპერწკალს გააყრევინებდა და თან დაიძახებდა - ასი გოჭი, ასი ქათამი, ასი მისი მოჩხოროზი, ასი ძროხა, ასი ინდაური, ასი ნალია, ასი ბეღელი. შემდეგ ოჯახის ყველა წევრი გარეთ გავიდოდა და სამჯერ თითო ღერ შეშას შემოიტანდა. ხალა, ხალას ძახილით კერიას სამჯერ შემოუვლიდა, ცეცლხლს შეუკეთებდა და ცეცხლს მრავალი ახალი წლის მშვიდობიან გათენებას ეხვეწებოდა. ახალი წლის ცეცხლის დანთებით ოჯახი ბედნიერებას, გამრავლებას და მოსავლიანობას იბედებდა.

რამდენი საუკუნის ისტორია აქვს ცნებებს „თამადა“ და „სადღეგრძელო“

იმერეთში სცოდნიათ კოპიტის (იფანი) ჭოგრების და ლურჯი ჭყორის მოტანა, რომელსაც ოჯახის უფროსი ყველა ნაგებობას, ბეღელს, ხულას, სასიმინდეს, მარანს მიულოცავდა და ზედ მიაკრავდა. ახალი წლის დილას ცეცხლს დაანთებდა, კოპიტის ჯოხს მუგუზალს ისე მიარტყამდა, რომ ბევრი ნაპერწკალი გაეყარა. ჯოხის მირტყმით და იმ დროს წარმოთქმული სიტყვებით სურდათ პურისა და ღვინის დოვლათი, ოჯახის სიმრავლე, კარგი წელიწადი და ბედნიერება დაებევებინათ.

რაჭა-ლეჩხუმში ოჯახის უფროსი ქალი „საოჯახო ქათამს“ ცეცხლთან ახლოს მიდგმულ სასაფურეს შემოავლებდა და ცეცხლს შეულოცავდა - ოჯახის სამშვიდობოდ მომირთმევია ეს ქათამიო. მერე ამ ქათამს კაცი დაკლავდა და ოჯახის წევრები შეჭამდნენ. ქათმის შიგნეულს რიტუალის შემსრულებელ ქალს მიართმევდნენ. ამ ცერემონიალის დასრულების შემდეგ ოჯახის დიასახლისი, ან უფროსი კაცი ცხმელის რამდენიმე მუგუზალს გარეთ გაიტანდა და ახორის (ბოსელი) და კარიის (საქათმე) კართან დადებდა, რომ საყოლს და ქათმებს ზედ გადაევლო - გამრავლდეს საყოლიო, „მუგუზალზე გავლილი ძროხა და ქათამი თვალს არ ეიღებსო“.

მესხეთ-ჯავახეთში მეკვლეს ჩუმად უყრიდნენ სკამის ქვეშ ქერის მარცვალს, როგორც დოვლათის სიმბოლო. შემდეგ ამ მარცვალს ქათმებს აჭმევდნენ. სწამდათ, რომ ამ გზით ქათმები გამრავლდებოდნენ.

მთიულეთსა და გუდამაყარში ახალი წლის წინა საღამოს ტარდებოდა ნაყოფიერების, მიწის მოსავლის გადიდების და ბედნიერების გამოსათხოვი „ბებერაის“ რიტუალი. ბებერაზე - იფნის მორზე მხედრულად გადამჯდარი ოჯახის უფროსი კაცი შინ შედიოდა და დაილოცებოდა, შემდეგ მივიდოდა შუაცეცხლთან და ბებერას კერაში წაურთავდა. ხის მორი ნაყოფიერების და გამრავლების სიმბოლოდ მიაჩნდათ.

ხევსურეთში კი შობას აუცილებლად ცხვებოდა „ქრისტეს საგძალი“ - დიდი რიტუალური კოტორი (ერბოში აზელილი ხაჭოიანი პური), რომელსაც ახალ წლამდე ინახავდნენ. ახალ წელს გაჭრიდნენ და იტყოდნენ: „ძალო და მადლო ქრისტესავ, შენ შეიწიე საგძალიო“.