შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

გამოწერა
ისევე როგორც საქართველოს კუთხეები, მათი ტრადიციებიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია.

ტრადიციის თანახმად, მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. 

სამეგრელო

სამეგრელოში ახალ წელს კალანდობას უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან.

ახალი წლის დილას ოჯახის უფროსი სახლიდან გარეთ გადის, ხელში მორთული ჩიჩილაკი უჭირავს და რიტუალს ატარებს, რის შემდეგაც სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს და საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ღორის თავი, ხაჭაპურები, ხილი და სხვ სანოვაგე ალაგია. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით „დააბერებს“. 

სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ალაგებენ  ხილს და ტკბილეულს, მოხარშულ გოგრას, ხაჭაპურს, ფელამუშს და ღვინოს. სამეგრელოში მეკვლეს დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადება მის დასახვედრად.

გურია

გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს კალანდობას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი  ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთას. გურიაში ახალი წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს. 

© Sputnik / Levan Avlabreliჩურჩხელები და ჩირები
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - Sputnik საქართველო
ჩურჩხელები და ჩირები

იმერეთი

იმერეთი საქართველოს სხვა კუთხეებისაგან თავისი სამზარეულოთი და უგემრიელესი კერძებით გამოირჩევა, ეს საახალწლო სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანს. 

მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქა შესთხოვს. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ულაგიათ. 

ქართული სუფრა
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - Sputnik საქართველო
ქართული სუფრა

აჭარა

აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აჩმა და ბაქლავა. მარცვლეული და განსაკუთრებით ხორბალი მთელ საქართველოში  ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ აჭარაშიც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან ილოცებიან.  

© photo: courtesy of Department of Tourism and Resorts of Adjaraბათუმი ზამთარში
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - Sputnik საქართველო
ბათუმი ზამთარში

რაჭა

ახალ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ რაჭაში. საახალწლოდ აქ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს კი ძველი წლისთვის. დიასახლისები აუცილებლად აცხობენ ადამიანის სახის „კაც-ბასილას“ და ერთ დიდ პურს „კერია-ბერია“-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას „მაკვრიელი“ ანუ მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით „შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის“, შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს „კერია-ბერია“-ს უნაწილებენ.  

საოცარი სიტყვებით ლოცავს მეკვლე ოჯახს: „გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“. თუ ოჯახი მეკვლეს კარგად დასცდის, მას კიდევ სამი წლით აირჩევს. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩამაგრებული ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში. დალოცავს ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყება ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებს ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.

სვანეთი

მეკვლეობის ტრადიცია მნიშვნელოვანია სვანეთშიც. ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში (წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო ჭურჭელი) ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“ სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, უფროს-უმცროსობით ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს.

სვანეთში ახალი წლის ღამეს ძალიან ერიდებიან სტუმრად წასვლას. 

© Sputnik / Levan Avlabreliმაღალმთიანი სვანეთი
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი სვანეთი

სვანურ საშობაო სუფრაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ხორცეულს. აქ შობას საკლავის გარეშე არ აღნიშნავენ. იკვლება ხბო, ხარი, უმეტესად კი ღორი. საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს კუბდარი, ხაჭაპური, ფხლოვანი, ფეტვრა. ტრადიციულად ხარშავენ ხბოს ან დეკეულის ბეჭს, ამზადებენ ღორის კუპატებსა და ზისხორას, რომელიც წარმოადგენს უძველეს სვანურ კერძს.

ხევსურეთი

ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები (ხატის მზარეული) ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს, თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნება. ახალ წელს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ. 

© FB/ Maurice Wolfთოვლის ბაბუა
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - Sputnik საქართველო
თოვლის ბაბუა

ქართლი

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე "დასაბერებლად" თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში,,აბრამიანს" უწოდებენ.  

© Sputnik / Alexander Imedashviliმწვადის შეწვა ქართულად
შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში - Sputnik საქართველო
მწვადის შეწვა ქართულად

ქართლ–კახეთი

ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხავს. ახალი წლის ღამეს  ჩურჩხელებს, ჩირს,  ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში.

ყველა ახალი ამბავი
0