თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ზურაბიშვილი და მისი გუნდი: ახალი პრეზიდენტი ერთგულ ადამიანებს ეძებს >>
ამის შესახებ ცნობილი გახდა მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან. აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2015 წლის დეკემბერში გახდა. მანამდე, 2014 წლის მაისიდან ის იყო პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.
„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ – „ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან", – დაწერა აბაშიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მან აღნიშნა, რომ ყველა საკითხში მარგველაშვილის მიერ მინიჭებული ნდობით ამაყობს.
„საოცარი კომფორტია ასე მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა – ჩემს უახლოეს მეგობარს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს!“ – დაწერა აბაშიშვილმა.
მან ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების დამსახურება აღნიშნა, რომლებიც, მისი თქმით, „უმაღლესი რანგის პროფესიონალები“ არიან.
„ჩემო თანამშრომლებო, მეგობრებო, უღრმესი მადლობა თქვენ სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენ ბრწყინვალედ ემსახურეთ თქვენს ქვეყანას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან!.. ვამაყობ! ბედნიერი ვარ! გამიმართლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ რომ გაგიცანით, თქვენთან რომ მომიწია მუშაობამ, რამდენი რამ ვისწავლე“, – დაწერა აბაშიშვილმა.
კვირას, 16 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია და სტუმრების მიღება თელავში გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ ზურაბიშვილი ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციას აპირებს. ადრე მან განაცხადა, რომ საკუთარი გუნდის წევრებს მომავალ კვირაში წარმოადგენს.
„ივანიშვილთან მუშაობა მომწონდა“ - მარგველაშვილი ბოლო განცხადებებს აკეთებს >>
პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ლაშა ჟვანია – პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის უფროსი და ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მისი ყოფილი მოადგილე.