ქართველ მამებს მოზარდი ვაჟები ბორდელში მიჰყავთ: რას ფიქრობენ ფსიქოლოგები

ბორდელში მიღებული პირველი სექსუალური გამოცდილება მოზარდებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს, აცხადებენ ფსიქოლოგები
Sputnik

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. უმეტეს შემთხვევაში, ქართველი მოზარდი ბიჭები პირველ სექსუალურ გამოცდილებას ბორდელში იღებენ და ამაში ფულს მათი მამები იხდიან, ნათქვამია UNICEF-ის კვლევაში.

სექსი მასაჟის ნაცვლად: ბათუმში იატაკქვეშა საროსკიპო აღმოაჩინეს >>

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ, როგორც წესი, მამები თავის შვილებს უსაფრთხო სექსთან დაკავშირებით რჩევებს არ აძლევენ.

„კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ სქესობრივი განათლება ბიჭებისთვის მამის საქმედ აღიქმება. თუმცა, როდესაც საქმე მოზარდ ბიჭებს ეხება, მამები აცნობიერებენ გარკვეულ ასაკში თავიანთი ბიჭი შვილების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას, დაამყარონ სქესობრივი კავშირი და მეტიც, ღიად და ფინანსურადაც კი უჭერენ მხარს ამ გამოცდილების მიღებაში“, - ნათქვამია კვლევაში.

საპირისპირო მდგომარეობაში მოზარდი გოგონები არიან. ქართველი მამები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან იმას, რომ მათ ქალიშვილებს ქორწინებამდე ინტიმური კავშირი ჰქონდეთ.

დონალდ ტრამპი სექსსკანდალში გაეხვა: პორნომსახიობი პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის

თავად მოზარდები აცხადებენ, რომ მსგავს თემებზე მშობლებთან საუბარი ერიდებათ და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში ურჩევნიათ.

კვლევა ექვს ქვეყანას მოიცავს: ბელარუსს, ბულგარეთს, საქართველოს, მოლდოვას, მონტენეგროსა და რუმინეთს. გამოიკითხნენ 10-13 და 14-17 წლის ბავშვები და მოზარდები, ასევე მათი მშობლები და აღმზრდელები.

ფსიქოლოგის თვალსაზრისი

მორალური თვალსაზრისით, არასწორია მიაჩვიო ბავშვები სიამოვნების მიღების სანაცვლოდ ფული გადაიხადონ, დარწმუნებულია ფსიქოლოგი დიანა ნიკოლაიშვილი.

„თვითმფრინავის გუგუნივით“: თევზების სექს-ორგიების ხმები ცხოველებს აყრუებს

გარდა ამისა, 12-16 წლის ბიჭები, რომლებსაც მამები ბორდელში უშვებენ, ჯერ არ არიან მზად პირველი სექსუალური გამოცდილების მისაღებად, რაც მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება, აღნიშნა სპეციალისტმა.

„სინამდვილეში ასეთი მამები თავის შვილებს დიდ ტრავმას აყენებენ. მოზარდი, რომელსაც ბავშვობიდან უნერგავენ, რომ სიყვარულისა და სქესობრივი სიამოვნებისათვის ფული უნდა იხადოს, მომავალში სექსს და სიამოვნებას რაღაც საქონელს უტოლებს, რაც არასწორია“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში სექსის კუთხით საკმაოდ კონსერვატიული შეხედულებებია.

„საქართველოში ჯერ არ მომხდარა სექსუალური რევოლუცია, ის ჯერ მხოლოდ მწიფდება, თუმცა მისი პირველი ნიშნები არსებობს. მშობლებს ამ თემის ეშინიათ და არ იციან, როგორ მიაწოდონ ის ბავშვებს“, - აცხადებს ნიკოლაიშვილი.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან, მათთვის ამ თემაზე სრული ტაბუ არის დადებული. სწორედ ამიტომ ბევრი ქალი საქართველოში სქესობრივ პარტნიორებთან სერიოზულ პრობლემებს განიცდის, აღნიშნა სპეციალისტმა.