ბრძოლა ჰეპატიტთან: საქართველოში დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი გამოჩნდება

С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამით დაავადებულთა თითქმის 100% განიკურნა
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები დეკემბრიდან С ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი პრეპარატით უფასოდ ისარგებლებენ, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება >>

С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში მოსახლეობის დაახლოებით 41% იყო ჩართული, შემთხვევების 98%-ში პაციენტებმა განკურნება შეძლეს. გამყრელიძის თქმით, ახალი თაობის პრეპარატის წყალობით კიდევ უფრო მეტი პაციენტი განიკურნება.

რატომ შეიკავა თავი C ჰეპატიტის მკურნალობისგან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა

„ანუ იმ 2%-ს, ვინც ვერ განიკურნა, ექნება საშუალება, განიკურნოს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მთელი მსოფლიოსთვის საჩვენებელი პროგრამაა, აღნიშნა სპეციალისტმა. С ჰეპატიტით დაავადებულთა ჩართულობის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოში 7-დან 14%-მდე მერყეობს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს, აღნიშნა გამყრელიძემ.

„დამნაშავეა დაავადება" – კომენტარი С-ჰეპატიტით დაავადებულების დაღუპვასთან დაკავშირებით >>

თბილისში მიმდინარეობს რიგით მეოთხე ყოველწლიური კონფერენცია, რომელზეც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს კონსულტაციებს უწევენ С ჰეპატიტთან ბრძოლის გრძელვადიანი სტრატეგიის საკითხებზე. უცხოელი კოლეგები შეისწავლიან С ჰეპატიტის პროგრამის განხორციელების პროცესს საქართველოში და შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2016 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ათწლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანას ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატებით. პროგრამის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია პრეპარატი „სოვალდი“.