თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს – ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რომლებიც რეალურად ოქმების შედეგებს ეფუძნება, ზურაბიშვილს აქვს 65%, ხოლო ვაშაძეს – 35%.
მისი თქმით, პრაქტიკულად, რეალური შედეგებით, რომლებიც ოქმების მონაცემებს ეყრდნობა – დათვლილია 630 უბნის შედეგები, 290 ათასი ხმა, ანუ საერთო ხმების 15%–ზე მეტი – სალომე ზურაბიშვილს აქვს 188 103 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 102 735 ხმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოფიციალურ შედეგებს ელოდებიან, ზურაბიშვილის გამარჯვება დღესავით ნათელია.
ქართული ტელეკომპანიების Rustavi2 და Imedi დაკვეთით მომზადდა ეგზიტპოლები და ორივეს შედეგებით სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით ეგზიტპოლი მოამზადა ამერიკულმა კომპანია Edison Research–მა. ეგზიტპოლის თანახმად, საქართველოს სალომე ზურაბიშვილმა ხმების 55% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 45%. შედეგები მომზადდა 17 საათის მონაცემებზე დაყრდნობით.
ტელეკომპანია Imedi–ს დაკვეთით საერთაშორისო ასოციაცია Gallup International-ის მიერ მომზადებული ეგზიტპოლის თანახმად, 18:00 საათისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 58% მოაგროვა, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 42%.
მამუკა ბახტაძე: „მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას ქვეყანაში“>>
დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძოდნენ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და გრიგოლ ვაშაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენელი.
მეორე ტურში საარჩევნო ზღვარი არ არსებობს – გაიმარჯვებს ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.