მომავალი წლის ყულაბა, ანუ ბიუჯეტის პოლიტიკური გათვლები

რა გავლენა ჰქონდა ბიუჯეტის ფორმირებაზე პოლიტიკურ პროცესებს, რეალობას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩამოყალიბდა, გაითვალისწინა თუ არა მთავრობამ სოციალური სიდუხჭირით გაბრაზებული ხალხის გზავნილი, რამდენს და რისთვის დახარჯავს მთავრობა?
Sputnik

პოლიტიკური ვნებათაღელვის მიუხედავად გიორგობისთვის პირველი ნახევრის მიწურულს პარლამენტის დეპუტატებმა მოიცალეს და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას ორი დღე დაუთმეს. აქვე შევახსენებ პატივცემულ მკითხველს, რომ ე.წ. საბიუჯეტო პროცესი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ ოქტომბრის თვის პირველ დეკადაში დაიწყო, როცა მთავრობამ ხალხის რჩეულებს 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წარუდგინა. საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვებისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კანონმდებლებმა ბიუჯეტის პროექტი შემდგომი გადამუშავებისათვის მთავრობას დაუბრუნეს.

საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით მთავრობამ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს გადაუგზავნა. დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა. როგორც ქვეყნის მთავარმა ფინანსისტმა განაცხადა, ეს ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა გათვლილი და სრულად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ფინანსთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის ფორმირების კონცეფციასა და მთავრობის პრიორიტეტებზე... 

საახალწლო „საჩუქარი“?!. ანუ რატომ გადაიდო საბანკო შეზღუდვები

ივანე მაჭავარიანი: „ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ინვესტიციების ზრდა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. წინა პერიოდში სახელმწიფოს ინვესტიციების ძალზე დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიემართებოდა, თუმცა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ თითოეული მოქალაქე ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. საამისოდ უნდა გაიზარდოს ინვესტიციები ადამიანური რესურსების განვითარებაში, ამიტომ ბიუჯეტი დავგეგმეთ ოთხი ძირითადი მიმართულებით:

პირველი − ადამიანური კაპიტალი − სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. ეს არის ძირითადად ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგია და სოფლის მეურნეობა; მეორე − ფიზიკური კაპიტალი − ეს არის ისევ ინფრასტრუქტურა, თუმცა არა მხოლოდ გზები, არამედ მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ირიგაციის სისტემები და მრავალი სხვა;

მეამე − ფინანსური კაპიტალი − ეს ნიშნავს სახელმწიფოს როლს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაში. იგულისხმება ღონისძიებები ორიენტირებული ბიზნესის ხელშეწყობაზე;

მეოთხე − უსაფრთხოება. ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება დაცულობის მაღალი სტანდარტი და კანონის უზენაესობა...“

საახალწლო „საჩუქარი“?!. ანუ რატომ გადაიდო საბანკო შეზღუდვები

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად, ბიუჯეტი ვერასდროს გახდება და არც უნდა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმმართველი. მთავრობის მიზანია, ერთი მხრივ, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით შექმნას კერძო სექტორის სტაბილური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო და მუდმივად იზრუნოს ამ გარემოს გაუმჯობესებაზე, ხოლო მეორე მხრივ – განახორციელოს ისეთი კაპიტალური ხარჯები, რომელსაც მოჰყვება კერძო სექტორში გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა და ინვესტიციები. სწორედ ეს ორიენტირი კერძო სექტორზე და ბიზნესზე გახდა იმის მთავარი პირობა, რომ საქართველო არაერთ საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა და ქვეყანას აქვს რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი. ფინანსთა მინისტრმა გაიხსენა ის, რომ ოქტომბრის თვის ბოლოს გამოქვეყნდა ე.წ. ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგი, სადაც საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა და მსოფლიოში მეექვსე, ევროპაში კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

წინასაარჩევნო გამოცანა, ანუ რატომ უფასურდება ლარი?

ივანე მაჭავარიანი: „მსოფლიო ბანკის შეფასების კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინდიკატორი: მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში ვუსწრებთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც, კერძოდ, სერბეთს, რუმინეთს და ა.შ. ხოლო კორუფციის კონტროლის რეიტინგში ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა − ლიეტუვა, ლატვია, ხორვატია, რუმინეთი. რეგულირების ხარისხის რეიტინგში კი 39-ე ადგილზე ვართ და ასევე აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანას ვუსწრებთ. რაც შეეხება გადასახადების ტვირთის სიმსუბუქეს, ამ რეიტინგში მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი, ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ქვეყნების ხუთეულშია...“

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიღწეული შედეგების გასაუმჯობესებლად გაგრძელდება რეფორმები სახელმწიფო ფინანსების მართვის და ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.

ვინ უფრო მეტად ეზიზღებათ საქართველოში − „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“

პოზიტიური შინაარსით დატვირთული ე.წ. ნარატივის გარდა გაისმა კონკრეტული ციფრები, ანუ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები. გაირკვა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტით, ბიუჯეტის შემოსავლები, პირველ ვერსიასთან შედარებით, 357.0 მილიონი ლარით იზრდება. მათ შორის გადასახადების ნაწილი იზრდება 80 მილიონი ლარით; გრანტები – 102 მილიონი ლარით; კრედიტები – 145 მილიონი ლარით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება 90 მილიონი ლარით. ბიუჯეტის  საწყისი ვერსიისგან განსხვავებით, ხარჯვითი ნაწილი 268 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის არის 70 მილიონი ლარი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის. ეს თანხა გათვალისწინებულია 50 ლარის ღირებულების პაკეტის გასაცემად, რომელიც ოცლარიანი ფულადი დახმარებისა და ოცდაათლარიანი კვების ვაუჩერისგან შედგება. 92 მილიონი ლარია გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს აღჭურვისთვის; საკრედიტო საგარანტიო სქემის ასამოქმედებლად მეწარმეობის განვითარების პროგრამას ემატება 10 მილიონი ლარი; იზრდება გაზიფიცირების პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით და ჯამურად რეგიონებში ამ მიზნით სულ 40 მილიონი ლარი გაიხარჯება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება იზრდება 34 მილიონი ლარით, მათ შორის 10 მილიონი ლარი გათვალისწინებულია ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის. ბიუჯეტის ფორმირებისას რა გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ იმ რეალობას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ჩამოყალიბდა და გაითვალისწინა თუ არა მთავრობამ სოციალური სიდუხჭირით გაბრაზებული ხალხის გზავნილი? პასუხი ამ კითხვაზე სიღრმისეულ ანალიზს ითხოვს, თუმცა კორექტირებულ საბიუჯეტო ციფრებს აშკარად დაჰკრავს პოლიტიკური კონიუნქტურის ელფერი. პროექტის თანახმად, 2019 წელს სოციალური დაცვის პროგრამებზე მიიმართება 2.9 მილიარდ ლარზე მეტი. მომავალ წელს მთავრობა სულ 12 997 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, რაც 538 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის მაჩვენებელზე.

ლარის „შავი“ პერსპექტივა და სამომავლო ხარჯები...

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მთავრობა კვლავაც 4.5 პროცენტის ფარგლებში პროგნოზირებს, თუმცა აქვეა დაპირება, რომ მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად გაიზრდება და 2020 წელს შეადგენს 5.0 პროცენტს, 2021 წელს − 5.5 პროცენტს, ხოლო 2022 წელს − 6.0 პროცენტს. ინფლაციის მაჩვენებელი 3 პროცენტია, საბიუჯეტო დეფიციტი დაგეგმილია 2.6 პროცენტის ფარგლებში.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა სამივე მოსმენით დეკემბრის თვის მესამე პარასკევამდე უნდა დასრულდეს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს და პასუხისმგებლობაც მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს. წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე ხელმოწერა კი მოქმედ პრეზიდენტს მოუწევს...