სანამ არ გამოიკვლევენ - არ ააშენებენ: ექსპერტი მეტროს ახალი ხაზის შესახებ

მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი მიწადმოქმედების გენერალურ გეგმაში რეკომენდაციის სახითაა შეტანილი.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მიწისზედა მეტროს ხაზის მშენებლობის დაწყებამდე წინასწარი კვლევები უნდა ჩატარდეს, განაცხადა კომპანია City Institute Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ საინფორმაციო პორტალ Kvira-ს პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამართა პრეზენტაცია პროექტის „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი“, რომლის ნაწილს წარმოადგენს თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა. მისი თქმით, დედაქალაქში აშენდება მიწისზედა მეტროსადგურები სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ამისათვის შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენება იგეგმება.

თბილისის მერიამ მეტროში მგზავრთნაკადის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

„მიმართულებაც ვიცით, ესაა ლილოს მიმართულება, ისმის ხშირად – რატომ დიდ დიღომში არა? რა თქმა უნდა, ბევრი მიმართულებითაა საჭირო მეტროს გაგრძელება, ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია, რომელსაც საკმაოდ ბევრი ადამიანი გადაჰყავს, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ არსებობს ინფრასტრუქტურა , დღეს გამოუყენებელი, რომელიც შეიძლება მერიამ გამოიყენოს მიწისზედა მეტროს მშენებლობისთვის ისე, რომ ძალიან დიდი ფინანასური საშუალებები არ დაიხარჯოს ამაში. ტრასა მოწყობილია, აქედან გამომდინარე ბევრად უფრო ნაკლები ხარჯი იქნება და სწორედ ამიტომაა საუბარი მიწისზედა მეტროზე“, - განაცხადა სალუქვაძემ.

სალუქვაძის თქმით, მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტი მიწადმოქმედების გენერალურ გეგმაში რეკომენდაციის სახითაა შეტანილი. City Institute-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე დეტალური კვლევა უნდა ჩატარდეს.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ ვერ მიადგებიან, ნიჩაბს ვერ დაარტყამენ და ვერ დაიწყებენ მშენებლობას, კვლევის გარეშე არცერთი ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტის გაკეთება არ შეიძლება“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

თბილისში მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები გაიხსნება >>

კითხვაზე, შემცირდება თუ არა მგზავრთნაკადი, სალუქვაძის პასუხის გაცემა გაუჭირდა. მან განაცხადა, რომ ყველაფერი კვლევის შედეგად გახდება ცნობილი.

„კვლევებმა უნდა დაადასტუროს რამდენად ეფექტური იქნება ეს მარშრუტი. ლილოს ბაზრობა, „ისთ ფოინთი“ ძალიან აქტიური მიმართულებაა. ჩვენ ახლა მაინც რუსთავისკენ ვიხედებით. რუსთავიდან რამდენი სამარშრუტო ავტობუსი შემოდის და გადის და ტვირთავს ქალაქს. ეს შეიძლება თავიდან ავიცილოთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მეშვეობით“, – განაცხადა სალუქვაძემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა - 40 კილომეტრი, ხოლო მეორე ხაზის - 17.

სატრანსპორტო პოლიტიკა: რა სიახლეები იგეგმება დედაქალაქში >>

მიმდინარე წლის ივლისში თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ კომპანია City Institute Georgia-ს მიერ შემუშავებული გენგეგმის პროექტი მოიწონა. იგი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნეს. სალუქვაძის ვარაუდით, გენგეგმა მიმდინარე წლის ნოემბერში დამტკიცდება.