სატრანსპორტო პოლიტიკა: რა სიახლეები იგეგმება დედაქალაქში

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თბილისის მეტროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი 15 სექტემბრიდან სამ წუთამდე შემცირდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ყველაზე მეტი მგზავრი მეტროთი გადაადგილდება და მეტროს მუშაობის მიმართულებით რიგი ღონისძიებები განხორციელდა – დაემატა ოთხი ახალი შემადგენლობა, განხორციელდა სარკინიგზო ხაზების იმ ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაცია, რომლებიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა, ასევე გადამზადდნენ მემანქანეები.

„ყოველივე ამის შედეგად, 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში ლოდინი ოთხი-ხუთი წუთი უწევდათ, შესაძლებელი იქნება სამ წუთამდე დავიდეს ამ ცვლილებების შედეგად", – განაცხადა კალაძემ.

მეტროს სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო
მეტროში მატარებლების ახალ, ევროპული ტიპის ვაგონებს დაამატებენ

კალაძის განმარტებით, თბილისის მერია ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აპირებს, დაემატება ახალი ვაგონები და მომავალში შესაძლებელი გახდება, მგზავრთა მოცდის დრო მეტროსადგურებში ორ წუთამდე შემცირდეს.

დღეისთვის მატარებლებს შორის ინტერვალი დღის საათებში 3–დან 5 წუთამდე მერყეობს, საღამოს საათებში კი 8–დან 10 წუთამდე.

თბილისის მერმა მუნიციპალურ ავტობუსებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე დედაქალაქში 90 ახალი ავტობუსი შემოვა. თუმცა, კალაძის თქმით, ეს საკმარისი არ არის და მალე ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება ახლით. კერძოდ, მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული 8 მეტრიანი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესყიდვის პროცესი. 2019 წლის ბოლოსთვის კი ქალაქში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება.

„მთელი ქალაქის მასშტაბით ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა და რამდენიმე თვეში ზუსტად გვეცოდინება არის თუ არა იმის საჭიროება, რომ კიდევ დავამატოთ ავტობუსები. საჭირო იქნება თუ არა 2020-2021 წლებში ავტობუსების დამატებით შემოყვანა იმისთვის, რომ გადაადგილება უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ამას კვლევა გვაჩვენებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0