მეტროში მატარებლების ახალ, ევროპული ტიპის ვაგონებს დაამატებენ

© photo: Sputnik / Stringerმეტროს სადგური „ვარკეთილი"
მეტროს სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთს შეადგენს.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია მეტროში მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალის შემცირებაზე მუშაობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის არსებული ინტერვალის შემცირებაზე თბილისის მერი კახა კალაძე ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ საუბრობდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად დედაქალაქის მთავრობა მეტროში ახალი ვაგონების დამატებას გეგმავს.

„ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება და გვინდა, რომ მოლოდინის დროის შემცირება მოხდეს ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების დამატებით. პარალელურად ჩვენ ასევე ვიწყებთ მეტროს იმ ვაგონების რეაბილიტაციას, რომელმაც ამოწურა თავისი რესურსი. დაგეგმილია ჩავუტაროთ მთლიანი რეკონსტრუქცია და მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, იმგზავრონ უფრო კომფორტულად. ეს პროცესები დაწყებულია", – განმარტა კალაძემ.

მერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპანია „შტადლერთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ორსართულიანი მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
შვეიცარიული კონცერნი საქართველოში ქარხანას ააშენებს

„კომპანია „შტადლერთან" გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის ფარგლებში გვინდა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ „შტადლერის" ვაგონების აწყობა-წარმოება მოხდეს საქართველოში და დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ ჩვენი მოთხოვნა, რაც დღეს მეტროში გვაქვს, არამედ მოვემსახუროთ მთლიანად რეგიონს", — განაცხადა კალაძემ.

შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG, რომელიც მატარებლებს აწარმოებს, საქართველოში ქარხნის აშენებას გეგმავს. შესაბამისი მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ შვეიცარიულ კომპანიას, თბილისის მერიასა და „საქართველოს რკინიგზას" შორის ივნისის მეორე ნახევარში გაფორმდა.

მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთს შეადგენს. გასული წლის დეკემბერში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ განაცხადა, რომ 2018 წლიდან იგეგმებოდა მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირება პიკის საათებში 2,5 წუთამდე.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. 2017 წლის ოქტომბრიდან, რაც თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო, 23-ე სადგური გაიხსნა, მისი ხაზების საერთო სიგრძე 56,3 კილომეტრია. მეტროს 23 სადგური ორ ხაზზეა განლაგებული.

თბილისის მეტროპოლიტენი სამხრეთ კავკასიაში სიდიდით მეორეა (პირველი — ბაქოს, მესამე — ერევნის).

ყველა ახალი ამბავი
0