როგორი თამაშები უნდა ითამაშონ ჩვენმა შვილებმა – ეს უნდა იცოდეთ

რუბრიკა „ფასილიტატორის" სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიული ცენტრი „არსის" ფსიქოთერაპევტი, ტრენერი თამუნა მერაბიშვილი.
Sputnik

ზრდასრულებისთვის არსებობის მთავარი ფორმა შრომაა, ბავშვისთვის კი თამაში. ბავშვი ამით მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება, რა დროსაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ბავშვის ფანტაზიორობა, როცა მოქმედება გადააქვს წარმოსახვით სამყაროში. თამაში სასიამოვნო განცდების მომტანია. ბავშვის სიცოცხლე თითქმის მთლიანად თამაშშია ჩართული და პატარის განვითარებაც თამაშის პროცესში მიმდინარებს. ჩვეულებრივ ადამიანი რაიმე საქმის გაკეთებამდე ჯერ წარმოსახვაში წყვეტს პრობლემას, ბავშვიც თამაშისას სწორედ ამისთვის ემზადება.

თამაშის დროს ბავშვის ფსიქო-ფიზიკური ძალები ვითარდება. ამიტომ თამაშები როგორც გონებრივი, კოგნიტური პროცესების გამომწვევია, ასევე ფიზიკური ძალების, მოტორიკის განმავითარებელი და შემოქმედებითი პროცესებისა და ფანტაზიის აღმძვრელია.

არასრულფასოვნებისა და დანაშაულის განცდები – ფსიქოლოგიური მეტასტაზი

ბავშვი თამაშს ორი-სამი თვიდან იწყებს, მაგრამ ამ დროს ის მხოლოდ თავისი სხეულის ნაწილებით თამაშობს. აქტიურად აქნევს ხელებსა და ფეხებს, თითებს პირში იდებს, ხელში მოხვედრილ ყველა საგანს ხელს მაგრად ჩასჭიდებს და პირისაკენ მიაქანებს. 5-6 თვიდან გატაცებით ეთამაშება ადამიანებს – ქაჩავს თმებს, სწევს ყურს, ეჭიდება ცხვირს. მსგავს ქცევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარებისთვის. ბავშვს რომ ყველაფერი აინტერესებს, ყველაფერს პირში იდებს და საგნებით მანიპულირებს – ეს მისი ფუნქციური, ბუნებრივი გამოხატულებაა, ამიტომ ამ ქმედებების დაშლა, აკრძალვა, საგნების ხელიდან გამოგლეჯვა აფერხებს მის ფუნქციურ ტენდენციას და ტრავმას აყენებს პატარას, ამიტომ ისეთი საგნები, რომლებიც შეიძლება იოლად დაზიანდეს ან ბავშვი დააზიანოს, მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ პატარას, ვიდრე შემდგომ გამოვგლიჯოთ ხელიდან და ტრავმა მივაყენოთ.

ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმები: ვინ გახდება ჩვენი შვილი - მსხვერპლი თუ მდევარი

პლასტილინი, თიხა, ქვიშასა და წყალში თამაში, სურათების გაფერადება ბავშვისთვის ფასდაუდებელია

ბავშვის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხატვას. ხატვა ჯღაბნით იწყება და თანდათანობით იკვეთება და იხვეწება ფიგურები და ფორმები. ნუ მოვთხოვთ განსაკუთრებულ ნიჭს და ნურც ჯღაბნას დავუშლით, ის ხატვის აუცილებელი ნაწილია. პატარა ხატავს ფანქრით, ფლომასტერით, ცარცით, ის თანდათან არჩევს და ახამებს ფერებს. ამიტომ ამ საქმიანობაზე დახარჯული ბავშვის დრო, ძალისხმევა და რესურსი ფასდაუდებელია. რაც შეეხება სურათების გაფერადებას, მასაც, რა თქმა უნდა, თავისი დატვირთვა აქვს, თუმცა ბევრი ბავშვისგან გაიგებთ, რომ „სხვისი ნახატის გაფერადება არ არის საინტერესო, მე ჩემი დახატულის გაფერადება უფრო მომწონს“, ამიტომ ნუ გაგვიკვირდება და ნურც დავაძალებთ.

ხატვასთან ერთად ბავშვისთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ძერწვა – პლასტილინი, თიხა, ასევე ქვიშასა და წყალში თამაში. ბავშვს შეუძლია მრავალი რამ გამოიგონოს, თუმცა ამ მიზნობრივ თამაშთან ერთად თავად თიხის ზელვა, ქვიშასა და წყალში უბრალოდ ხელებით მანევრირებაც ძალიან სასიამოვნოა ბავშვისთვის. ეს პროცესი სექსუალური განცდების მსგავს ემოციებს აღძრავს, თავისუფლების განცდასა და ხარისხს ამაღლებს, ბავშვი აკვირდება, შეიგრძნობს და ეჩვევა სიამოვნების მიღებას. ჩვენ კი თუ შევაშინებთ წყლით, მიწით, ქვიშითა და თიხით, რომ ისინი ბინძური და სახიფათოა, მაშინ მივიღებთ სურვილებისა და პოზიტიური ემოციების ჩახშობას, არასრულფასოვნების განცდებს, რომ თურმე „ცუდი“ რაღაცეები სიამოვნებს ბავშვს და ამის გამო თვითონაც ცუდია და ნუ გაგვიკვირდება, თუ ზრდასრულობაში ჩვენ შვილს ფსიქოთერაპია დასჭირდება, რადგან შესაძლოა სხვადასხვა ფობიას, ზიზღიანობას და სიამოვნების შიშს ჩავუყაროთ საფუძველი.

ფსიქოთერაპიის კულტურა, ანუ როდის მივმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და ფსიქიატრს

მნიშვნელოვანია ჩვენი პატარა ბანაობისას აბაზანაში წყლით გაერთოს, ქაფითა და სხვადასხვა სათამაშოთი, ნუ ვეცდებით დაბანის შემდგომ სწრაფად, მაშინვე ამოვიყვანოთ აბაზანიდან, ამით ბანაობაც ეყვარება და შემოქმედებითად და ემოციურადაც პოზიტიურად განვითარდება.

სქესის მიხედვით სათამაშოების შერჩევა? – ეს დაუშვებელია

დღემდე ხშირად ვხვდებით სქესის მიხედვით სათამაშოების შერჩევის კონტროლს. კულინარია, ჰიგიენა, „დათუნიას“ ჩახუტება – ზოგადი ბავშვური ინტერესი და მოთხოვნილებაა ბიჭებისთვისაც, მანქანა, ბურთი და ჩაქუჩი კი გოგონებისთვისაც საინტერესოა, აქ არ ირჩევა სქესი. თუ მაინც ვარჩევთ, ეს გამოიწვევს ბავშვის ინტერესებისა და მოთხოვნილებების დეპრივაციას, ეს კი ფსიქიკური ტრავმაა. კულინარიული თამაშები უდიდესი სიამოვნების მომგვრელია პატარებისთვის, როგორც სათამაშოებით შეფ-მზარეულობანას თამაში, ასევე სამზარეულოს პროცედურების გაცნობა. დავიხმაროთ პატარები ცომის მოზელვაში, წიწიბურასა და ბრინჯის გამორჩევაში, კვერცხის ათქვეფაში, ამით დიდი სიამოვნების მიღებასთან ერთად ჭამაც შეუყვარდებათ და ბევრ რამეს ისწავლიან. ნუ გაგაღიზიანებთ მათი მოთხუპნული ხელები და სხეული, დასვრილი გარემო, შემდეგ ერთად დაალაგებთ. ის მშობლები კი, რომლებიც ამას გაურბიან და ერთი სული აქვთ როდის დატოვებენ სამზარეულოს ტერიტორიას ბავშვები, ხშირათ ვიღებთ ზიზღიანობასა და შიშებს.

რატომ ეჭვიანობენ ბავშვები და როგორ დავეხმაროთ მათ

პოზიტიური თამაშები

კონსტრუქტორებით, კუბიკებითა და ლეგოებით თამაში ყველაფერ პოზიტიურს ავითარებს ბავშვებში. მათ თავისი ასაკობრივი ზღვარი აქვთ და კონსტრუქციები თანდათან ტექნიკურად რთულდება და მრავალფეროვანი ხდება. როგორც ვიცით, ყველა მათგანს ასაწყობი ინსტრუქცია მოჰყვება, რაც ბავშვის კოგნიტურ უნარებს ავითარებს. თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, მხოლოდ ინსტრუქციაზე არ ჩავიციკლოთ და ბავშვს შესაძლებლობა მივცეთ უკვე აწყობილი კონსტრუქციები დაშალოს და თავისი შემოქმედებით ააწყოს სასურველი შენობები, მანქანები თუ გმირები. ამით ხელს შევუწყობთ მისი კრეატიული ექსპერიმენტულ-გამომგონებლობითი უნარების განვითარებას.

ილუზიის, ანუ როლური თამაშები

ილუზიის თამაშებს, ანუ როლურ თამაშებს ბავშვები თამაშობენ დიდი მონდომებით, სადაც დიდებს ბაძავენ და ემზადებიან მომავალი ცხოვრებისთვის. პატარა სიამოვნებით თამაშობს „ოჯახობანას“, სადაც ზრუნავს თავის „შვილზე“, თოჯინაზე, ბანს, აცმევს, საცვალს უცვლის, აჭმევს. მანქანას გარაჟში აყენებს, ვითომ მძღოლია, დაზიანებულ საგნებს აკეთებს, როგორც ხელოსანი და პაციენტს მკურნალობს, როგორც ექიმი. როლური თამაშები ბავშვის პატარა ცხოვრებაა, რომელიც ზრდასრულთა დიდ ცხოვრებას ჰგავს. მსგავსი საქმიანობა უფროსებთან იდენტიფიკაცია და ზრდასრულობისთვის მზადებაა. ამიტომ ამ თამაშების ყველა ნიუანსს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ეფექტური განვითარებისთვის.

„მე გოგო მინდა“… „მე ბიჭი მინდოდა“ – გენდერული ძალადობის ბავშვური საწყისები

ხშირად ბავშვებს ნაჩუქარი სათამაშოებით თამაშის უფლებას არ აძლევენ, რადგან ის შესაძლოა ძვირადღირებული იყოს, „ძვირფას ნივთად“ მონათლავენ, შემოაწყობენ თაროებსა და კარადებზე ლამაზ თოჯინებს თუ საკოლექციო მანქანებს ანტიკვარული ნივთებივით და ბავშვებს მოუწოდებენ, რომ სხვა, უფრო იაფფასიანი და უხარისხო სათამაშოებით ითამაშონ, რადგან ამ „ძვირფას“ სათამაშოებს გააფუჭებენ. ბავშვი ამით ერთ რამეს იგებს, რომ ის საკმაოდ ცუდია, რომ კარგი, ლამაზი სათამაშოსთვის არ არის დაბადებული, თან ამ ყველა „სიკეთესთან“ ერთად სახიფათო, საშიშია, რადგან, უფროსების რწმენით, სათამაშოებს იოლად გააფუჭებს, დააზიანებს. ამის შემდეგ ნუ გაგვიკვირდება ბავშვის არასრულფასოვნების განცდები და კონკრეტული ვექტორის აგრესია. ეს ზრდასრულების, მშობლების გამოწვეულია. სათამაშოები საყურებლად, თან ბავშვის ნერწყვების საყლაპად არ არის შექმნილი, სათამაშო თამაშისთვისაა წარმოებული. ბავშვის თვითმიზანი სათამაშოს გაფუჭება არ არის, მისი ინტერესის სფერო სათამაშოებით ექსპერიმენტირებაა, ამა თუ იმ სათამაშოს დაშლა-აწყობა, რადგან ისიც საინტერესოა დაშლილი მანქანა როგორ გამოიყურება, რა ემართება მის ნაწილებს, რა არის მანქანის შიგნით, როგორი იქნება ის, თუ საბურავს მოვაძრობთ ან როგორაა კარი მანქანაზე მიმაგრებული? როგორი ხმა ექნება სათამაშოს, თუ ძირს დავაგდებთ ან რაიმე ახალ თვისებას თუ გამოავლენს? ეს ცნობისმოყვარეობა, ფუნქციური ტენდენციაა, ჩვენ კი ამ ყველაფერს ვუშლით და ამის გამო ვსჯით კიდეც ბავშვს, რადგან ეს საქციელი მისი მხრიდან გამოხატული აგრესია და სადიზმი გვგონია.

ბავშვთა სქესობრივი აღზრდა და მასთან დაკავშირებული სირთულეები – საუბრობს ფსიქოლოგი

ცნობისმოყვარეობა თუ აგრესია – როცა ბავშვი სათამაშოს ამტვრევს

არადა ბავშვს აინტერესებს, თუ ორ თოჯინას ან მანქანას დაშლის, მისი ნაწილების შეერთებით რა გამოვა? იქნებ უფრო ლამაზი ან საინტერესო შედეგი მივიღოთ? ეს ექსპერიმენტირების, გამომგონებლობის თამაშია, ამიტომ ნუ დავუშლით ამის კეთებას, ვინ იცის მათში რა ნიჭი იმალება და ჩვენი დიდაქტიკური ჩარევით რა გამომგონებლური ნიჭის გამოვლენას ვუშლით ხელს?

შესაძლებელია ბავშვი აგრესიულადაც ამტვრევდეს სათამაშოებს. ამას დაკვირვებით იოლად მივხვდებით: ბავშვი ცნობისმოყვარეობის გამო შლის სათამაშოს, თუ მიზანმიმართულ აგრესიას ავლენს მის მიმართ? თუ ეს აგრესიაა, ის ძირითადად მშობელთა ყურადღების მისაქცევად გამოიხატება, ყურედღების ნაკლებობაზე რეაქციაა. ამიტომ ჯერ საკუთარ თავს დავუსვათ კითხვები: სათანადო დროს ვუთმობთ პატარას? რამდენად გვაინტერესებს მისი თამაში და სათამაშოები? ხშირად ვეთამაშებით? თუ მხოლოდ სათამაშოს ვუყიდით, მოვუტანთ და მერე რაც უნდა ის უქნია? ვესაუბროთ ბავშვს, გავარკვიოთ აგრესიის მიზეზი და ერთად ვიმსჯელოთ იმ შედეგებზე, რაც შესაძლოა სათამაშოების მიზანმიმართულ დამტვრევას მოჰყვეს: რა თქმა უნდა, სათამაშოს გაფუჭება შეიძლება, მაგრამ თუ ის აღარ ექნება და მისით თამაშს ვერ მოასწრებს, შესაძლოა გული დასწყდეს. ამიტომ ჯობს ერთად მოიფიქროთ ამ სათამაშოებით საინტერესო თამაშები.