გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის კულტივაციის წინააღმდეგ გამოდის

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მარიხუანის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპატრიარქო საქართველოში კანაფის წარმოების კატეგორიული წინააღმდეგია>>>

საქართველოს პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი „მცენარე კანაფის შესახებ“, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს დაარეგულირებს. 

ნინო ბურჯანაძე: ნარკობარონებიღა აკლდა საქართველოს

ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. აღნიშნულმა საკითხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და, კერძოდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უკმაყოფილებაც გამოიწვია. ამ ფონზე მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანაფის მოყვანა-წარმოების საკითხის განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს მავნებლური ინიციატივა, რომელიც პროექტის სახით შეტანილია პარლამენტში, უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოწვეული და არასოდეს ამის განხილვა არ უნდა შედგეს. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება და არც ერთ მავნებელს თავში არ მოუვიდეს იდეა, რომ საქართველოში ნარკომცენარეები გამოაცხადოს სასოფლო-სამეურნეო კულტურად“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველოში მარიხუანის მოყვანა-წარმოების შესაძლო ლეგალიზებასა და ექსპორტზე გატანის თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს პარლამენტის წინააღმდეგ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის" ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიძის ერთობლივი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. 

ბახტაძე: მარიხუანის კულტივაცია მკაცრად იქნება რეგლამენტირებული

ასე რომ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა – მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს შსს-მ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შეზღუდვებს ითვალისწინებს. საუბარია „ბალახის" მოწევის აკრძალვაზე საზოგადოებრივ ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნების თანდასწრებით. გარდა ამისა, მარიხუანის მოხმარება ეკრძალებათ პედაგოგებს, ექიმებს და ჩინოვნიკებს მუშაობის პერიოდში.

შსს ასევე გეგმავს მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღებას.