გაძვირებული ცხოვრება და საშემოდგომოდ დათვლილი სიღარიბე...

ეროვნული ვალუტა უფასურდება, ფასები იზრდება! მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ნასესხები ფულით იკვებება... რას ვერ ან არ ხვდება ხელისუფლება და როდემდე იქნება სიღარიბე ცხოვრების ნორმა?
Sputnik

ქვეყანაში ცხოვრების დონე თვიდან თვემდე უარესდება... ეს ჩემი დასკვნა როდია, ციფრებიც ამაზე მეტყველებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული წლის ზაფხულიდან მიმდინარე წლის ზაფხულამდე პერიოდში საქართველოში სამომხმარებლო ფასები 2.2 პროცენტით გაიზარდა. ჯამურად 13.5 პროცენტით გაძვირდა კომუნალური ხარჯები, იგულისხმება წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასური.

ჯანმრთელობის დაცვა მოქალაქეებს 5.1 პროცენტით გაუძვირდათ. მათ შორის სამედიცინო აპარატურასა და სხვა სახის მოწყობილობაზე ფასებმა 9.1 პროცენტით მოიმატა. ამბოლატორიული მომსახურება გაძვირდა 3.4 პროცენტით, ხოლო სტაციონარში მკურნალობის ფასი გაზრდილია 2.4 პროცენტით. სამედიცინო პერსონალი გვაფრთხილებს, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის მავნებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მოწევა ჯანმრთელობასთან ერთად სულ უფრო ურტყამს ჯიბეს. თამბაქოს ნაწარმზე ფასები მარტო ბოლო ერთი წლის მანძილზე მომატებულია 8.9 პროცენტით. ამავე პერიოდში გაძვირდა ტრანსპორტიც 4.6 პროცენტით. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებმა 8.3 პროცენტით მოიმატა. მოქალაქეთა უმრავლესობას ტრანსპორტის შენახვა წლიდან წლამდე სულ უფრო ძვირი უჯდება. ბენზინის გაძვირების ზაფხულიდან დაწყებული ტენდენცია ძალაშია. საწვავის ფასი თავის ისტორიულ მაქსიმუმზეა. და ალბათ ამიტომაც 10.8 პროცენტით შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა...

საკრედიტო შიმშილი, ანუ თანამედროვე თამასუქები და ვექილი პლევაკოს რეპლიკა...

რა არ გაძვირდა? - შესაძლოა ჩამეძიოს სიდუხჭირით დაქანცული მკითხველი და მართალიც იქნება. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ექსპერტ-ანალიტიკოსები წერდნენ, რომ ყოველი მესამე ადამიანი სესხს ფიზიკური გადარჩენისთვის იყენებს. მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ნასესხები ფულით იკვებება. მათი ფინანსები სხვა ვერაფერს წვდება. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ჩვენი საზოგადოების ეს ჯგუფი ვერ ამჩნევს, რომ ერთ წელიწადში გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. კერძოდ, ტანსაცმელზე ფასები შემცირებულია 7.9 პროცენტით, ხოლო ფეხსაცმელზე – 6.8 პროცენტით.

როგორც ექსპერტ-ანალიტიკოსები წერენ, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს ელემენტარული საშუალებაც არ აქვს, რომ ყოველდღიურ ხარჯს გაუმკლავდეს. ასეთი მძიმე შემოდგომა ქვეყანაში ბოლო წლებში ჯერ არ მოსულა. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ სიღარიბის მაჩვენებლის ზრდა და ჭარბვალიანობა დასახელდა.

საზაფხულო „საქანელა“, ანუ საშემოდგომო გამოცდის მოლოდინში

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაზეც ჩვენში სამომხმარებლო ბაზრის გაძვირება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების სიმცირე მიანიშნებს. ჭარბვალიანობასთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ უკეთესი ვითარება არც ამ მხრივაა. მსესხებელთა არმიამ ბანკებიდან სწრაფი სესხების კომპანიებსა და მიკროსაფინანსოებში გადაინაცვლა, სადაც მოთხოვნას ვერ აუდიან. მიუხედავად იმისა, რომ სესხზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, კრედიტის აღების მოთხოვნით მოქალაქეები ფინანსურ ორგანიზაციებს უფრო გახშირებულად მიმართავენ. სპეციალისტების შეფასებით, ამის მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და სტაგნაციაა, რაშიც ხალხი ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩნდა...

შეზღუდული მევახშეობა... ანუ ახალი წესები საკრედიტო ბაზარზე...

ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე: „ვითარების შეცვლა შეუძლებელია, სანამ ეკონომიკისა და კერძო ბიზნესის ინტერესები ერთმანეთს არ გაემიჯნება. ქვეყანაში გვაქვს ფინანსური სისტემა, რომელიც არც გიორგი კვირიკაშვილისა და არც მამუკა ბახტაძის დროს არ აწყობილა და, საერთოდ, არც ამ ხელისუფლების დროს. ცხოვრების დონის გაუარესება დაიწყო დაახლოებით 2005-06 წლიდან, როცა ეკონომიკაში ფინანსების მიწოდების ერთადერთ საშუალებად საბანკო სისტემა გადაიქცა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოდელი, როცა ეკონომიკური განვითარება მოკლევადიანი ეფექტების გამოყენებით ხდებოდა. ეკონომიკის განვითარება საბანკო სისტემას გადააბარეს, ხოლო კერძო ინტერესი ყოველთვის მოკლევადიანია. წლების განმავლობაში ძირითადად იმპორტი ფინანსდება და ახლაც ასე ხდება. ნორმალური ეკონომიკა რომ გვქონდეს, ფულიც აქ უნდა დარჩეს და პროდუქტიც. სამწუხაროდ, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას არ ესმოდა, რომ კერძო ინტერესები ეკონომიკას ვერ დაძრავდა. წარმოუდგენელია, ბიზნესმა ეკონომიკა განავითაროს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. ბიზნესმა შეიძლება ქვეყანას გარკვეული მომსახურება შესთავაზოს, მაგრამ ამაზე შორს არ მიდის... სახელმწიფოს ვალდებულებაა, რეალური სექტორის განვითარებაზე იზრუნოს, პირველ რიგში კი სოფლის მეურნეობას მიხედოს. რეგიონებში დიდი რაოდენობით აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. არავის გასჩენია სურვილი, რომ მიწა აეთვისებინა. ინვესტიციების გარეშე ამას ვერავინ მოახერხებს. ეს სახელმწიფოს საქმეა. ამიტომ არც ჭარბვალიანობა უნდა გვიკვირდეს, რადგან დღეს კონკრეტული ადამიანები კი არა, ეკონომიკაც ვალებით სულდგმულობს...“

დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

სპეციალისტთა ერთი ნაწილი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს. მათი აზრით, ახლა გაცილებით მძიმე ვითარებაა და ისეთი პირი უჩანს, რომ უახლოეს წლებში ხალხისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება...

სოციოლოგი პაატა აროშიძე: „დღეს სახელმწიფოში ბევრად უარესი ვითარებაა, ვიდრე ეს ჩვენ ან, თუნდაც, ხელისუფლებას წარმოედგინა. პროცესი ახლა არ დაწყებულა. საბანკო ვალდებულებები, რაც მოქალაქეებს გააჩნიათ, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. დასაქმებულთა დაახლოებით 60-80 პროცენტს სეზონური სამუშაო გააჩნია, ხოლო ვალის დაფარვა მთელი წლის განმავლობაში უწევს. მოსახლეობა ვერ აუდის საკრედიტო ვალდებულებებს და იძულებულია სხვა სესხის დახმარებით გადაჭრას პრობლემა. ფაქტობრივად, ქვეყანაში სასესხო პირამიდაა და ამ გაჭირვებას თავს ვერავინ აღწევს. მესმის, რომ უნდა გამკაცრდეს სესხზე ხელმისაწვდომობა, მაგრამ აქ მეორე პრობლემის წინაშე ვართ – რა არჩევანს ვთავაზობთ მოსახლეობას ამის სანაცვლოდ? რამდენადაც ვიცი, იშვიათად არის ვალი აღებული ბიზნესის წამოსაწყებად ან ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. სესხს ხალხი თავის გადასარჩენად იღებს, რომ ყოველდღიური მოთხოვნები დაიკმაყოფილოს. სხვა პრობლემაა ის, რომ ფასები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავალი, იზრდება გადასახადის სიმძიმე და საბოლოო ჯამში ხარჯთან გამკლავება შეუძლებელი ხდება. ეს კი უკვე კომპლექსური საკითხია, რასაც მხოლოდ საბანკო რეგულაციებით ვერ მოაგვარებენ. პირიქით, რაღაც ეტაპზე ამით ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებენ. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის მოცემულობა, რომ სოფელს არავინ აქცევს ყურადღებას და ხალხი მასობრივად უცხოურ პროდუქტზეა დამოკიდებული, ფუფუნების საგნებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამით ჩვენი მოსახლეობა თანდათან ღატაკდება და გამოსავალიც არ ჩანს. პერმანენტული ღონისძიებებით ეს ვერ გამოსწორდება, დასაქმებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გატარდეს, სხვანაირად მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია. არც ვფიქრობ, რომ სიტუაცია მომდენო 4-5 წლის განმავლობაში შეიცვლება...“

ლარის ახალი „სტარტი“ და საზაფხულო „ამბიციები“...

ერთი სიტყვით, ეკონომიკა ვერ ვითარდება და არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ეროვნული ვალუტა უფასურდება, საკრედიტო რესურსზე წვდომა რთულდება... საბოლოოდ კი ლოგიკურია, რომ ცხოვრება ძვირდება. უცნაური ის არის, რომ არავინ იცის, როდემდე გასტანს ასე...