თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოში, სოფელ კოჯბაანში ხეტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კერძოდ, სამართალდამრღვევმა სოფელ კოჯბაანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დალუქეს.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.
ივლისის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხე-ტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ხე-ტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.
ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მხოლოდ ერთ დღეში 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს.
რა რაოდენობის ხე მოიჭრა 2015-2018 წლებში >>
ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.