თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ქართული ღვინო 2014-2016 წლებში საექსპორტო ფასით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა, ამას American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ადასტურებს.
ორგანიზაციის მონაცემებით, ექსპორტზე გატანილმა 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებამ 3,49 აშშ დოლარი შეადგინა.
ამერიკული ორგანიზაციის მიერ შედგენილი რეიტინგით, პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს 6,59 დოლარით, მას მოსდევს ახალი ზელანდია, რომლის ღვინოც 5,39 დოლარი ღირს, მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია (3,68 დოლარი), მეოთხეზე — ავსტრია (3,51 დოლარი), ხოლო ქართული ღვინო (3,49 დოლარი) მეხუთე ადგილზეა.
საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია (3,41 $), არგენტინა (3,11 $), პორტუგალია (3,07 $), გერმანია (3,06 $), იტალია (3,06 $) და ა.შ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, რეიტინგში საქართველოს პოზიცია ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.
„მისასალმებელია, რომ ქართული ღვინის ექსპორტთან ერთად, იზრდება ქართული ღვინის ხარისხი და ფასი საერთაშორისო ბაზარზე. ამ მდგომარეობის მიღწევას კი წინ უძღვოდა ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებული, სწორი მარკეტინგული კამპანია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“, — აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 107,8 მლნ აშშ დოლარია.