დაგროვების „ხიბლი“ და „რისკი“... ანუ როცა არჩევანი არ არის!

როდიდან და ვისთვის ამოქმედდება დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რატომ არ არის არჩევანის თავისუფლება და რას რისკავს ის, ვინც ფინანსების დაგროვებით იძულებით დაკავდება?
Sputnik

გადაწყვეტილება მიღებულია და კასაციას არ ექვემდებარება! მიუხედავად იმისა, ვის მოსწონს და ვის არა, ე.წ დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის პირველივე დღიდან ძალაში შევა. ეს წინასწარ გაცხადებული ის გარდაუვალი სიახლეა, რომელსაც ჩვენში, ვისთვის ტახის და ვისთვისაც გარეული ღორის წელიწადი მოიტანს. ცნობილია იმ სტრუქტურის დასახელებაც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული ახალი სქემების  განხორციელებაზე, მართვასა და ადმინისტრირებაზე. მცირე მთავრობის კონცეფციას ხელი არ შეუშლია, კანონმდებლებმა ბევრი „მოინდომეს“ და ახალი უწყებაც ჩამოაყალიბეს. ეს არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საპენსიო სააგენტო.

საპენსიო „ხელშეკრულება" და ფიქრები „ღირსეულ“ სიბერეზე...

პატივცემულ პარლამენტარებს თუ დავუჯერებთ, სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული ათეული წლების მანძილზე საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირებული ჩვენი თანხების გონივრულად და რაც მთავარია მომგებიანად განკარგვა. ამოცანა რთულია, მისია მძიმე, მაგრამ საპატიო და ახალი სტრუქტურის დირექტორის თანამდებობრივი სარგოც, სავარაუდოდ, ამიტომ განისაზღვრა არც მეტი და არც ნაკლები 10.000-დან 15.000 ლარამდე. ფინანსთა სამინისტრომ საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს. როგორც „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, „სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა“. არავინ იცის საბოლოოდ რამდენი მსურველი იქნება, განაცხადების მიღება 29 აგვისტომდე გრძელდება. მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, გამარტივებული კონკურსის საფუძველზე, გამარჯვებული კონკურსანტი  შეირჩევა და გაირკვევა ვინ იქნება ის პირველი მერცხალი, რომელსაც, ახლა უკვე მომავალი პენსიონერების დარწმუნება მოუწევს, რომ ადრევ თუ გვიან გაზაფხული მათთვისაც მოვა...

პარლამენტარების უარი და მთავრობის ოპტიმიზმი... რა ბედი ეწევა პენსიას?

მანამდე კი დროა, კიდევ უფრო დიდი დრო გვაშორებს რეფორმის პირველ შედეგებამდე. მკითხველისთვის უცხო არ არის, რომ საპენსიო რეფორმის კონცეფციის შემუშავებისას აზრთა სხვადასხვაობა იყო. მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებისას დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ფრთხილობდნენ, ძირითადად გაისმოდა კრიტიკული მოსაზრებები. სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამ ფორმით ჩამოყალიბებისთვის მზად არ არის! - ასეთი იყო საერთო პათოსი. ის არც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეცვლილა.

ეკონომისტების, ფინანსისტების დ აანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ  მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა დაკავშირებულია სერიოზულ რისკებთან...

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია: „საპენსიო ფონდის არსებობა უთუოდ  გამოიწვევს ჩრდილოვანი ეკონომიკისა და ინფლაციის ზრდას ან დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას... გაიზრდება წნეხი მოსახლეობაზე... შემოსავლების ერთი ნაწილის დათმობა, მომავალში მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მიღების მიზნით, გამართლებულია. თუმცა, გამოცდილება გვიჩვენებს რომ 1995 წლის 2 ოქტომბრიდან, ეროვნული ვალუტის შემოღებიდან დღემდე, არასრულ 23 წელიწადში ლარის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია 275 პროცენტით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ პროდუქციის შესაძენად რაშიც 1995 წლის ოქტომბერში გვჭირდებოდა 100 ლარი, დღეს 375 ლარია საჭირო. ასე, რომ დაახლოებით ოცდაათი წლის მერე საპენსიო ფონდში დაგროვებული 500 ლარი საგრძნობლად განსხვავებული ვერ იქნება დღევანდელი 100 ლარის მსყიდველობითი უნარისაგან. გვესმის მოსაზრებები, რომ საპენსიო ფონდი ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ისტორიაში არავის ახსოვს რომ ცათამბჯენის მშენებლობა სახურავიდან დაწყებულიყო და ფუნდამენტი ბოლოში გაეთხარათ. ჩვენში კაპიტალის ბაზრის არ არსებობა ერთ-ერთი უპირველესი საფრთხეთაგანია ფონდის მდგრადობისთვის. კაპიტალის ბაზარი თუ არ გვექნება, საპენსიო ფონდი იძულებული იქნება საქართველოში დაგროვილი სახსრები გადაახურდავოს უცხოურ ვალუტაში და დააფინანსოს საზღვარგარეთის წამყვანი ეკონომიკები; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამოიღოს ფული ქართული ბიზნესიდან და ჩადოს მაგალითად ამერიკულ და გერმანულ ეკონომიკაში...“ 

საპენსიო სისტემის რეფორმა – მოლოდინი და რისკები...

საქართველოში დასაქმებულთა უმრავლესობას თვეში 600 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას მიეკუთვნებიან. სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა მათაც უმცირებს განკარგვად შემოსავალს. მათთვის თვეში დამატებით 10-15 ლარის ჩამოჭრაც მძიმე ტვირთია...

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე: „ეს საპენსიო რეფორმა მომავალში პენსიონერთა შორის სოციალურ უთანასწორობას გაზრდის, მაგალითად, უმუშევრები ამ სქემით საერთოდ ვერ ისარგებლებენ. ფასიანი ქაღალდების ბაზარი არ არის განვითარებული საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის საიმედოდ განსათავსებლად. ეს პირველ რიგში მცირე ეკონომიკით, ფინანსური განათლების დაბალი დონით და კორპორატიული კულტურის ნაკლებობითაა გამოწვეული. საპენსიო ფონდი ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის. არსებობს ობიექტური მიზეზებიც, მაგალითად, ქართული საფონდო ბირჟების კომერციულ ბანკების საკუთრებაში ყოფნა. ძალიან მაღალია რისკი, რომ საპენსიო ფონდში დაგროვილ თანხას, ძირითადად, მთავრობა და კომერციული ბანკები გაინაწილებენ. შესაბამისად, ეს რეფორმა საკმაოდ სარისკოა, სავალდებულო ხასიათს ატარებს და ადამიანებს მასში ჩართვის არჩევანის თავისუფლება არ აქვს. 1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება...  სავალდებულო ხდება ფულის დაგროვება ისე, რომ მთავრობა არ არის გარანტორი ამ თანხის უკან დაბრუნებაზე...“

საპენსიო რეფორმა: როგორ მიიღებენ პენსიონრები დაგროვილ თანხებს

რისკებზე მიანიშნებს ბიზნესომბუდსმენი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დიდ ტვირთად დააწვება...

ირაკლი ლექვინაძე: „საპენსიო რეფორმის განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ის რისკი, რის წინაშე შესაძლოა ბიზნესი აღმოჩნდეს...“ 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმისთვის მოსამზადებლად ბიზნესს საკმარისი დრო ჰქონდა. მისი აზრით, დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა მომავალზე ორიენტირებულია და ღირსეულ პენსიაზე საუბარი არა თეორიულად, არამედ რეალურად შესაძლებელია...

საპენსიო სისტემის რეფორმა: დავაგროვოთ და მოგვეცემა?!

აკაკი ზოიძე: „მსგავსი სახის სისტემა 122 ქვეყანაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ბაზარზე ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. შესაძლოა, ახალმა სისტემამ იმ პირების უკმაყოფილება გამოიწვიოს, ვისთვისაც რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება, მაგრამ როდესაც შედეგები დადგება, ეს დამოკიდებულებაც თანდათან შეიცვლება...“   

ერთი სიტყვით, „ყინული დაიძრა“... ახალი საპენსიო სისტემა რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

დრო გვიჩვენებს ვინ იყო მართალი და ვინ არა. მთავარია კითხვაზე პასუხი მოსახლეობას ძვირი არ დაუჯდეს... არადა რისკი არის!