საპენსიო „ხელშეკრულება" და ფიქრები „ღირსეულ“ სიბერეზე...

© Sputnik / STRINGERპენსიონერი გორიდან
პენსიონერი გორიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რატომ გვიანდება საპენსიო სისტემის რეფორმა, რა აფერხებს კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებას, რატომ არ ენდობა საზოგადოება დაანონსებული რეფორმის ძირითად პრინციპებს და საბოლოოდ საპენსიო სისტემის რა მოდელზე შეჩერდება ხელისუფლება?

საპენსიო სისტემის რეფორმირების აუცილებლობის თაობაზე ჩვენში დიდი ხანია საუბრობენ. მეტიც, იყო მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ძალაში შევიდოდა ახალი, ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემა, თუმცა ვერც ხელისუფლებაში და ვერც აკადემიურ წრეებში ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან – რა ძირითად პრინციპებს უნდა დაეფუძნოს საპენსიო მოდელი, რომელიც ამ ქვეყნის პენსიონერთა ღირსეულ სიბერეს უზრუნველყოფს.

აქვე უნდა ითქვას, რომ თავად ამ სიტყვათა წყობის — „ღირსეული სიბერის“ გაგებაც განსხვავებულია, რაც თავისუფალი, საბაზრო ეკონომიკის პირობებში გასაკვირი არ უნდა იყოს და ასეც არის.

საინტერესოა, როგორია საერთაშორისო გამოცდილება. სპეციალისტების განმარტებით, არსებობს საპენსიო სისტემების სამი სტანდარტული სქემა.

აკაკი ზოიძე - Sputnik საქართველო
ქალისა და კაცის საპენსიო ასაკი შესაძლოა გათანაბრდეს

პირველი — საბიუჯეტო მოდელი, რომელიც გულისხმობს საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტიდან დაფინანსებას. დღევანდელი გადასახადის გადამხდელი ფარავს ხანდაზმულობით გამოწვეულ სოციალურ დახმარებას ასაკოვანი ადამიანებისთვის.

მეორე — ეს არის შენატანების დაგროვების მოდელი და ის კაპიტალის ბაზარზე დაფუძნებულ საპენსიო–საფონდო სქემებში მონაწილეობით მომავალი ხანდაზმულობის ფინანსურად უზრუნველყოფას გულისხმობს.

საპენსიო ფონდები შეიძლება იმართებოდეს სახელმწიფო, ან უმეტესწილად კერძო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ხოლო მასში მონაწილეობა არის ზოგ ქვეყანაში სავალდებულო, ზოგ ქვეყანაში – ნებაყოფილობითი, ზოგან კი ორივე კომპონენტს მოიცავს.

მესამე — ტრანსფერების მოდელია და ეფუძნება შენატანების პრინციპს, თუმცა არა დაგროვების, არამედ დღევანდელი პენსიონერის უზრუნველსაყოფად. ამ მოდელს ხშირად თაობათა მოდელსაც უწოდებენ. სამივე ეს სქემა ევროპის სახელმწიფოებში წარმოდგენილია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ან შერეული ფორმით. თუმცა არის ისეთი ქვეყნებიც, სადაც სამიდან ორი, ან მხოლოდ ერთი სტანდარტული მოდელი მოქმედებს.

ბაზარი - Sputnik საქართველო
ვინ სარგებლობს საქართველოში საპენსიო და სოციალური პაკეტით

ჩვენში საპენსიო რეფორმა ბოლოს 2005-2008 წლებში განხორციელდა, როდესაც სახელმწიფომ ბიუჯეტიდან დაფინანსებადი უნიფიცირებული საპენსიო სისტემა შემოიღო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ათ წელზე მეტია ვერ მოხერხდა კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება. ის ახლაც მხოლოდ ჩანასახოვან ფორმაშია და საკანონმდებლო ბაზითაც არ არის უზრუნველყოფილი. მაინც რამ განაპირობა საპენსიო სისტემის ზემოაღნიშნული მეორე და მესამე მოდელების ამოქმედების გადავადება? სპეციალისტები ორ ძირითად ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას.

ფინანსისტი არჩილ იაკობაშვილი: „პირველი — კაპიტალის ბაზარი კვლავ ჩანასახოვან სტადიაშია და ბოლო დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საკანონმდებლო რეფორმების მიუხედავად ეკონომიკა მაინც გაყინული წილების მეურნეობად რჩება. ყოველივე ეს ხელს უშლის გრძელვადიანი მოთხოვნის გაჩენას ფინანსური ბაზრების მრავალპოლუსიანობასა და სეგმენტაციაზე, ხოლო უცხოური კაპიტალს ნაკლებად აქვს ანონიმურობის დაცვისა და ხალხის სამსახურში ყოფნის პერსპექტივა. აქტიურ ადამიანთა უმრავლესობას არა თუ შეხება არ აქვთ, არამედ წარმოდგენაც უჭირთ, თუ რას ნიშნავს აქციონერობა და ობლიგაციების ფლობა, რაც ვერასოდეს გამოსწორდება დაგროვებითი კულტურის გარეშე. მეორე — ჩვენი სახელმწიფო ტოვებს დაანონსებული რეფორმისადმი საკმაოდ ზედაპირული მიდგომის შთაბეჭდილებას. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დეფიციტური ხარჯვის უკვე მეოთხედსაუკუნოვანი ტრადიციის გამო საერთაშორისო კრედიტინფოში თუნდაც მკრთალი, მაგრამ მაინც ყვითელი ფერით არის მონიშნული, და 2011 წლის შემდეგ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი არ შეცვლილა და კვლავაც რჩება საინვესტიციო ხარისხის მიღმა, ართულებს ნდობის მოპოვებას საზოგადოებაში, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში სახელმწიფოს კონტრიბუცია არ მოხდება ახალი ვალების აღების, ე.ი. მომავალი თაობების გაღარიბების ხარჯზე. მთავრობა ვერ არწმუნებს საზოგადოებას, თუ რატომ არის საპენსიო რეფორმა აუცილებელი და რომ ყოველი დღე ამ რეფორმის გარეშე არის დაკარგული. შესაბამისად, პარლამენტს დღეს უწევს ისეთი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც დაკვეთა საზოგადოებიდან არ წამოსულა… უნდობლობის დასაძლევად და საპენსიო რეფორმის გასატარებლად საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რის გამოც რეფორმის ავტორებს მოეთხოვებათ გაცილებით უფრო აგრესიული საინფორმაციო კამპანია, სარეკლამო რგოლები, საზოგადოებრივი განხილვა–შეხვედრები. ხალხმა რეფორმის აუცილებლობა, დაგროვება–გამრავლების პროცესი და ყველა შესაძლო შედეგი სრულად უნდა გაიაზროს…“

პენსიონერი - Sputnik საქართველო
შეძლებენ თუ არა ემიგრანტები საქართველოში პენსიის მიღებას

სპეციალისტთა და ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, ინსტიტუციონალური თვალსაზრისით გაუგებარია, კანონპროექტის ავტორები რატომ არიან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, ხოლო სოციალურ სისტემებზე პასუხისმგებელი სამინისტრო რატომ არის თამაშგარეთ? არადა, სოციალურ თემატიკასთან დაკავშირებული რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი შესაბამისი აღმასრულებელი უწყება უნდა იყოს, საქართველოს შემთხვევაში – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ასეთია წესიც და ტრადიციაც ევროპულ სახელმწიფოებში… საპენსიო რეფორმით სახელმწიფო ერთგვარ ხელშეკრულებას აფორმებს თაობებს შორის. ხელშეკრულების ერთ მხარეს მყოფი მოქალაქე ათეული წლების შემდეგ ხელშეკრულების მეორე მხარეს აღმოჩნდება. ამიტომაც რეფორმის განსახორციელებლად კონსტიტუციური უმრავლესობაც კი არასაკმარისია, და რეფორმის ავტორებს არ აწყენდათ, თუ აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის შედეგით გაიმაგრებდნენ ზურგს…

საბოლოოდ, როგორი იქნება ეს ხელშეკრულება და მასზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა, ამ ეტაპზე არავის უწყის. თუმცა ცნობილი გახდა, რომ საპენსიო ასაკთან დაკავშირებით მთავრობა ცვლილებას გეგმავს და შესაძლოა ქალისა და მამაკაცის ასაკი გათანაბრდეს, ქალბატონებისთვის სამი წლით გაიზარდოს, ხოლო მამაკაცებისთვის ორი წლით დაიკლოს. ანუ, მარტივი არითმეტიკით ირკვევა, რომ არ არის გამორიცხული საქართველოს მოქალაქეთათვის საპენსიო ასაკად 63 წელი განისაზღვროს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს მომავლის საქმეა, მაგრამ ჯერ არავინ იცის ეს „მომავალი“ როდის დადგება, ჩვენში ხომ არცთუ იშვიათად „შორეული მომავალი“ უფრო მალე მოდის ხოლმე, ვიდრე გადაუდებელი „გუშინ“ ან „დღეს“… რატომ დადგა დღის წესრიგში საპენსიო ასაკის საკითხი? პასუხი ამ კითხვაზე მომდევნო სტატიაში.

ყველა ახალი ამბავი
0