თავისუფლება დუმილის სანაცვლოდ - რა გარიგებას სთავაზობენ დეკანოზ მამალაძეს

როგორც მსჯავრდებულმა განაცხადა, თავისუფლების სანაცვლოდ კონკრეტული პირები მას გარიგებას სთავაზობდნენ.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებულმა დეკანოზმა, მამა გიორგი მამალაძემ  ე.წ. მატროსოვის ციხიდან, „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა.

ციანიდის საქმე: შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს

როგორც გიორგი მამალაძემ განაცხადა, მას თავისუფლების სანაცვლოდ  კონკრეტული პირები გარიგებას სთავაზობდნენ.

დეკანოზის თქმით, თუ ის ამ გარიგებას დასთანხმდებოდა, საპატიმროს დაატოვებინებდნენ, თუმცა, მას ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და არაფერზე ესაუბრა. 

„იყო შემოთავაზება რამდენიმე ხნის წინ, რომ მე გამათავისუფლებდნენ, იქნებოდა ეს შეწყალება თუ სხვა, მოხდებოდა ჩემი საპყრობილიდან გათავისუფლება იმის სანაცვლოდ, რომ შემენარჩუნებინა დუმილი და დამეტოვებინა ქვეყანა“,  — აცხადებს მსჯავრდებული დეკანოზი.

დეკანოზის განცხადებით, ის უკან დახევას არ აპირებს. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

უზენაესმა სასამართლომ საუკუნის საქმის განხილვაზე უარი განაცხადა

მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ხუთშაბათს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

პატიმრობაში მყოფ დეკანოზს, თუკი მას პრეზიდენტი არ შეიწყალებს, 7-წლიანი პატიმრობა ელის.