თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაკავებულია 98 ნარკორეალიზატორი: შსს შვიდი თვის მონაცემებს აქვეყნებს >>
დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შს სამინისტრო აგრძელებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია დაცვის მხარისთვის და ისინი აპირებენ, მოსამართლის დღევანდელი გადაწვეტილება გაასაჩივრონ. ადვოკატები ბრალდებას გასაღების ნაწილში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. თავის მხრივ პროკურორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ადვოკატები სრულყოფილად არ გაეცნენ საქმის მასალებს, რომელიც პროკურატურამ ბრალდებულების წინააღმდეგ მოაგროვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.