კორუფციული სკანდალი - ყოფილმა მინისტრებმა პირველი განცხადებები გააკეთეს

ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან პროკურორების ნებისმიერ კითხვებს უპასუხონ
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ პროკურატურაში მათი დაბარების მიზეზები განმარტეს.

ქუმსიშვილი და ალავიძე კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდნენ — პროკურატურამ საქმე აღძრა >>

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქუმსიშვილი და ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება

„ალბათ 20 დღის წინ ვიმყოფებოდი პროკურატურაში გამოკითხვაზე, პოსტის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, პროკურატურამ მკითხა ჩემი მოსაზრება რამდენიმე საკითხთან მიმართებაში. მათ შორის იყო ისეთი საკითხიც, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს გადაიგზავნა პროკურატურაში, მეტ კონკრეტიკას უბრალოდ ვერ მოგახსენებთ. აქედან გამომდინარე, ყველა ჩემი მოსაზრება მოვახსენე და მაქსიმალურად ვუპასუხე იმ კითხვებს, რომლებიც დაისვა“, — განუცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს.

ბახტაძის შემცირებულმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას და მზად არის ყველა კითხვას უპასუხოს.

„დღეს ჩამოვფრინდი უცხოეთიდან და შესაბამისად, დღეს გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომელიც არ ვიცი, შეიძლება დამთხვევაა. ნებისმიერ კითხვას, რომელიც საზოგადოებას ექნება, პასუხს გავცემ. დასამალი არაფერი მაქვს. მიმაჩნია, რომ ღირსეულად ვემსახურე კარიერის განმავლობაში ჩემს ქვეყანას. საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ეს კითხვები იყო ძალიან მარტივი და არ იყო პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ივლისის დასაწყისში ახალი ამბების სააგენტო 2020news-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმად ქუმსიშვილმა და ალავიძემ ქვეყნის არდატოვების ხელწერილს მოაწერეს ხელი. გასულ კვირაში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ ინფორმაციას ჭორები უწოდა.

„მინდა ვთქვა, რომ ბევრი ჭორია გავრცელებული წლების განმავლობაში. ჩემი სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს უარი ნათქვამი. როგორც წესი, შემდგომში ეს ჭორები მოდიოდა ამ ადამიანებისგან და ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური „თელიასონერა“ >>

ალავიძემ, თავის მხრივ, მედიასთან ურთიერთობას, განცხადების გავრცელება არჩია.

„ვიმყოფებოდი მთავარ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და ასევე შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს. გამოძიებას მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული სრული და ამომწურავი ინფორმაცია. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ, პასუხი გავცე შეკითხვებს“, — ციტირებს ალავიძის განცხადებას ტელეარხი Rustavi2.

ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს

კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.

„როგორც ჩანს, სამართალდამცველებს აქვთ გარკვეული კითხვები, ეს არის მათი პრეროგატივა, პარლამენტი ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში“, — განაცხადა კობახიძემ.

ქუმსიშვილი და ალავიძე მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს გადადგა. მამუკა ბახტაძის განახლებულ მთავრობაში ქუმსიშვილი და ალავიძე პორტფელების გარეშე დარჩნენ.