მძღოლებო ფრთხილად: თქვენ თბილისის მასშტაბით 200 „ჭკვიანი" კამერა გიყურებთ

ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეოკონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში ნომრის ამომცნობი 200 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით 9 ივლისიდან ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რატომ იღუპება საქართველოს გზებზე ყოველწლიურად ამდენი ადამიანი

საქართველოში გასული წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო პროექტი ე.წ. ჭკვიანი კამერების ასამოქმედებლად, რომლებიც სამართალდარღვევას ავტომატურ რეჟიმში, ოპერატორის გარეშე აფიქსირებენ და ჯარიმას წერენ.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქართველოს გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის პირველი სამი თვის სტატისტიკური მაჩვენებელი გასული მთელი წლის მაჩვენებელს აჭარბებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე 1 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და აქედან 66 შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ტექდათვალიერების პირველი „მსხვერპლნი": ავტომობილებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს>>>

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ახალი ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომლებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ავტომატურ რეჟიმში მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. კამერები დამონტაჟდა წერეთლის, ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის გამზირებზე, თამარაშვილის, დადიანის, ლეხ კაჩინსკის, გობრონიძის, რომელაშვილის ქუჩებსა და მარცხენა სანაპიროზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების ანალიზის შედეგად მოახდინა ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება, სადაც მძღოლების მიერ ყველაზე ხშირია დადგენილი სიჩქარის ნორმის გადაჭარბების შემთხვევები", — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შსს-მ თბილისში სიჩქარის მზომი ექვსი ახალი სექციური რადარიც დაამონტაჟა – აღმაშენებლის ხეივანზე, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე და თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე.

ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ფოტო-ვიდეოკონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.

1100 საკონტროლო ვიდეოკამერიდან დიდი ნაწილი ბუტაფორიაა

გარდა დედაქალაქისა, ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მზომი 6 ახალი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა აჭარის რეგიონშიც: ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთი, მახინჯაური-ბათუმი, სენაკი-ფოთი-სარფი და ქალაქ ქობულეთში აღმაშენებლის გამზირი. წლის ბოლომდე რეგიონული მასშტაბით ყველაზე მეტად გადატვირთულ საავტომობილო გზებზე 1000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ამოქმედდება.

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის 19 ათას მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთვა>>>

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გზებზე უსაფრთხოების დონის გაზრდისა და ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებს.

2017 წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტმა რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენაა მიმართული.

კონკრეტული ადგილები თბილისში, სადაც ახალი ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერებია დამონტაჟებული:

1. წერეთლის გამზირი — სტანისლავსკის ქ.-ის კვეთა (დინამოს მიმართულებით)

2. წერეთლის გამზირი — სტანისლავსკის ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)

3. წერეთლის გამზ. — ბაგრატიონის ქ. (დინამოს მიმართულებით)

4. წერეთლის გამზ. – ბაგრატიონი ქ. 2 (მეტრო დიდუბის მიმართულებით)

5. ი.ჭავჭავაძის გამზირი — ბერძენიშვილის ქ.

6. ლეხ კაჩინსკის ქ. – აწყურის ქ.

7. დადიანის ქ. — კოხრეიძის ქ.

8. დადიანის ქ. — ზაზიაშვილი ქ.

9. გობრონიძის ქ. – დუმბაძის ქ.

10. გობრონიძის ქ. – ნონეშვილის ქ.

11. რომელაშვილის ქ. — ისაკიანის ქ.

12. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია — კინო „საქართველოს“ მიმართულებით)

13. გურამიშვილის გამზირი (მეტროს მიმდებარე ტერიტორია 2) მეტრო „სარაჯიშვილის“ მიმართულებით

14. მარცხენა სანაპირო — ქორწინების სახლთან

15. თამარაშვილის ქუჩა — უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა

16. ვაჟა-ფშაველას გამზირი