კაცობრიობამ დღემდე ისტორიულად ორი ნარკოტიკული საშუალების მასიური ლეგალიზება მოახდინა: ალკოჰოლი და თამბაქო, რომელთა შედეგს მსოფლიო ამ დრომდე იმკის. ევროპის ქვეყნებში თამბაქომ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ შეაღწია და იგი პირველ ეტაპზე სამკურნალო მცენარედ მიიჩნეოდა, რომელიც აყუჩებდა თავის ტკივილს. მისი გამხმარი ფოთლების მეშვეობით შესაძლებელი იყო სისხლდენის შეჩერება.
თამბაქომ, რომელიც გარდა ნიკოტინისა, 20-მდე სხვა მავნე ნივთიერებას შეიცავს, ბუნებრივია, ძალიან მალე გამოავლინა მისი მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და დღემდე იზრდება დაავადებათა ნუსხა. ის, რომ თამბაქო სასუნთქი გზების პირველი მტერია, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ სისტემით და გამალებით ებრძვის მთელ ორგანიზმს: გულს, ფილტვებს, კანს, სისხლს, თავის ტვინს, კუჭს… ნიკოტინი სპერმის გენეტიკურ მასალასაც აზიანებს, რაც შვილებში გენეტიკური დეფექტების გამომწვევ მიზეზადაც შეიძლება მოგვევლინოს.
არავინ დალევს იმ ფინჯნიდან სითხეს, რომელსაც მსხვილი ასოებით აწერია — „კლავს“. სიგარეტის კოლოფზე მსგავსი შინაარსის წარწერას მილიონობით ადამიანი არიდებს თვალს.
თამბაქოს კვამლი 4 ათასამდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა 95% სწორედაც რომ მწეველები არიან. საგანგაშოდ მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მწეველებში. მეტი სიცხადისთვის შეგვიძლია ვნახოთ ზოგადი ჩამონათვალი, რომელსაც ან იწვევს თამბაქო ან მისი განვითარების რისკს ზრდის:
ჰიპერტენზია, გულის რევმატული დაავადება, აორტის ანევრიზმა, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, ტუბერკულოზი, პნევმონია, გრიპი, ბრონქიტი. იწვევს სიმსივნეებს: პირის ღრუს, ხახის, პანკრეასის, ხორხის, საყლაპავი მილის, ფილტვის, ტუჩის, ტრაქეის, ბრონქების, შარდის ბუშტის, თირკმლის…
აღნიშნული საკმარისია იმისთვის, რომ თამბაქოს მავნე ზეგავლენის შესახებ კაცობრიობას საერთო ხედვა გააჩნდეს. განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მოზარდებს გარდატეხის ასაკში, რომლის დროსაც ყველაზე ხშირია მოწევის მიმართ სიმპათიები და დამოკიდებულების გაჩენა. ამ პერიოდში მოზარდის ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს ყველა რგოლი: ექიმი, მშობელი და მასწავლებელი, ვინაიდან თამბაქოს მავნებლობა არა მხოლოდ მწეველ ადამიანზე ვრცელდება, იგი არანაკლებ საშიშია პასიური მწეველებისათვის.
პასიურ მწეველად მიიჩნევა ის ადამიანი, რომელიც შეისუნთქავს თამბაქოს მომხმარებლის მიერ ამოსუნთქულ კვამლს. ხშირად კითხულობენ, დგება თუ არა პასიური მწეველის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე და ამ კითხვის პასუხი მარტივია — დიახ. მეორეული მწეველის ორგანიზმში აღწევს იგივე ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც ჩაისუნთქავს უშუალოდ სიგარეტის მომხმარებელი. ბუნებრივია, აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების უარყოფითი გავლენა უფრო მძლავრად გამოვლინდება, როდესაც იგი ორგანიზმში ხვდება თამბაქოს საშუალებით, თუმცა მისი გავლენა საკამრისად მომწამვლელი რჩება პასიური მწევლისთვისაც. არსებობს ასევე მესამეული მწეველი. ალბათ ბევრი არამწეველი აღმოჩენილა თამბაქოს მომხმარებელთა წრეში და მარტივი შესამჩნევია, რომ აქტიური მწეველის მიერ ამოსუნთქული მავნე ნივთიერებები, რომელიც ჰაერში რჩება ოთხი საათის განმავლობაში, საოცარი სიმძაფრით ჯდება თმებში ან ტანისამოსში, რომლებიც ასევე რისკის შემცველი ხდებიან ირგვლივ მყოფებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. პასიური მწეველობის ზუსტი რისკის განსაზღვრა საკმაოდ რთულია, რადგან თამბაქოს ამოსუნთქული კვამლი წარმოადგენს დინამიკურ ნარევს, რომელიც ურთიერთქმედებს არსებულ გარემოსთან. თუმცა მთელი სამედიცინო საზოგადოება ცალსახად თანხმდება იმაზე, რომ მეორეული მწეველობა არ არის უსაფრთხო თავისი თანდაყოლილი ტოქსიკურობიდან გამომდიანარე.
მარადიული კითხვა: როგორ დავანებოთ თამბაქოს მოწევას თავი?
ისტორიული რეალობა გვიჩვენებს, რომ არ არსებობს თამბაქოსაგან თავის დაღწევის ცალსახა და იდეალური გზა. არსებობს გარკვეული ხედვები და მიმართულებები, თუმცა ნებისმიერი ადამიანისთვის თავის დაღწევის ეტაპები ინდივიდუალურია. პირველი და აუცილებელი, რომლის გარეშეც შედეგი ვერასოდეს იქნება, თავად მწეველის სურვილი და გადაწყვეტილებაა უარი თქვას ამ მავნე ჩვევაზე და რაც უფრო მკაცრი და კატეგორიული იქნება ადამიანი, მით მეტი შანსია სასურველი შედეგის მიღწევისა. არ შეიძლება თამბაქოს მომხმარებლებს შევხედოთ მარტივად, ვინაიდან ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას და იგი ჩვეულებრივი ნარკოტიკია. რაც უფრო დიდია მოწევის „სტაჟი“ და ყოველდღიურად მოწეული თამბაქოს რაოდენობა, მით მეტია ორგანიზმის მოთხოვნილება ნიკოტინზე.
როდესაც ადამიანი უარს იტყვის თამბაქოზე, იმ წუთიდან იწყება ორგანიზმში განახლების ფაზა და მისი ხანგრძლივობა 5-10 წელია. ამ დროს სხეულში მიმდინარეობს პოზიტიური ცვლილებები:
გემოს რეცეპტორები დაუბრუნდება ნორმალურ ფუნქციონირებას
უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, რაც, თავის მხრივ, აუმჯობესებს კიდურების მგრძნობელობას
არტერიული წნევა დაუბრუნდება ნორმას, რის ფონზეც მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამოვლენის რისკი
სისხლში ჟანგბადის დონე ნორმაში დგება, რის ფონზეც უმჯობესდება სუნთქვა
ხველა და ოფლიანობა ჩაბარდება წარსულს
ნელ-ნელა გაქრება ყვითელი ნადები კბილებზე
გაუმჯობესდება სქესობრივი ცხოვრება
ვინაიდან თამბაქო ხელს უშლიდა კოლაგენის გამომუშავებას, მისგან გათავისუფლება ხელს შეუწყობს კანის სისუფთავეს და ნორმალური ფერის დაბრუნებას
თამბაქოსგან გათავისუფლების პირველ ეტაპზე მწველებში თავს იჩენს ნერვული პრობლემები, რაც ბუნებრივია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმი განიცდის ნიკოტინის შიმშილს. ამ დროს ადამიანი შფოთავს, დაღლილია, მოთენთილი, გაღიზიანებული, ზოგჯერ აგრესიულიც კი და კონცენტრირება, ჩვეული საქმიანობით დაკავება უჭირს. ამას გარდა შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება. კუჭში შეკრულობა ან აშლილობა, მადის ზრდა, გულისცემის შენელება. სასურველია ფსიქოლოგიური დასვენების მეთოდების შერჩევა სპეციალისტის დახმარებით.
წარმოუდგენელია თამბაქოსგან გათავისუფლება ჯანსაღი ცხოვრების წესის გარეშე, ფიზიკური დატვირთვა, სწორი კვება და შეგნებული სურვილი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა არის ერთი მთლიანი ჯაჭვი იდეალური შედეგისათვის.
თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულებაა დაიცვას საკუთარი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. იმისთვის, რომ თამბაქო მაქსიმალურად განვდევნოთ ჩვენი ყოველდღიურობიდან, აუცილებელია შეიქმნას ერთიანი საზოგადოებრივი აზრი, რომ „მოწევა არის სამარცხვინო საქციელი“, „მოწევა არის სისუსტის გამოვლენა“, ეს გახლავთ ერთადერთი გზა, მოვახდინოთ მომავალი თაობებისა და თამბაქოს ურთიერთობის პრევენცია.