ელტონ ჯონის კონცერტისთვის დამატებითი ავიარეისი დაინიშნა

კონცერტისთვის დამატებითი რეისი საქართველოს რკინიგზამაც დანიშნა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, სერ ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს 30 ივნისსა და 1 ივლისს გამართავს. ლეგენდარული მომღერლის და მისი ბენდის კონცერტები შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება. 

ელტონ ჯონის კონცერტისთვის „საქართველოს რკინიგზამ" დამატებითი რეისები დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იუწყება, რომ თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი შაბათს, 30 ივნისს შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა 09:30 საათზე შესრულდება, ბათუმიდან კი თბილისის მიმართულებით 11:30 საათზე.

ელტონ ჯონის კონცერტისთვის დამატებითი რეისი დანიშნა ასევე „საქართველოს რკინიგზამ“. კერძოდ, 30 ივნისსა და 1 ივლისს Black Sea Arena-ზე მუსიკოსის კონცერტზე დასწრების მსურველებს თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი „შტადლერის“ (Stadler Kiss) ორსართულიანი მატარებელი მოემსახურება.

რა ტემპერატურაზე ინახავს ელტონ ჯონი სათვალეებს: რა მოითხოვა მომღერალმა საქართველოში>>>

საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნეს Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. ქართულ სცენაზე მუსიკოსი შეასრულებს ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს.

აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონის კონცერტი ჯერ კიდევ 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. ეს უკანასკნელი ბრიტანელი ვარსკვლავის მუსიკალური დირექტორი და ბენდის უცვლელი წევრია 1972 წლიდან.

შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი Black Sea Arena-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით – 1 ივლისის კონცერტზე. 

ელტონ ჯონამდე მსმენელს ჯგუფი Kennedy Administration „გაახურებს"

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Eastern Promotions და SOLO — „საქართველოს ბანკის" კლიენტთა პერსონალური მომსახურება.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-სა და SOLO ლაუნჯშია შესაძლებელი და მისი ფასი 150-დან 700 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება SOLO-ს მომხმარებლებს, მათთვის ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება.

ელტონ ჯონი 2018 წლის სექტემბერში იწყებს ბოლო მსოფლიო ტურნეს — Elton Farewell Tour, რომელიც სამ წელს — 2021 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში იგი ყველა კონტინენტს ეწვევა და 300 კონცერტს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოა სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც ელტონ ჯონი 2018 წელს კონცერტებს გამართავს.