თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ კომპონენტების ჩამონათვალი, რომლებიც ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერების დროს შემოწმდება.
ტექნიკურ ინსპექტირებას 2018 წლის 1 ივლისიდან გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.
ინსპექტირების ჩასატარებლად აუცილებელია სატრანპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს. მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება.
ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე https://pti.ge/. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 1484. ზარი უფასოა.
მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ სერვის-ცენტრებში. მსუბუქი ავტომობილის შემოწმება 60 ლარი დაჯდება, სატვირთოსი — 100 ლარი. ნორმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში პრობლემა გარკვეულ ვადაში უნდა აღმოიფხვრას.
პერიოდული ტექნიკური შემოწმება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა წონა 3,5 ტონას აღემატება და ავტომობილებისთვის, რომლებშიც რვა და მეტი სამგზავრო ადგილია, ასევე გაზზე მომუშავე ავტომანქანებისთვის.
სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას 2018 წლის 1 ოქტომბრიდან გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ); ხოლო 3.0 ძრავზე ნაკლების მქონე ავტომობილები — 2019 წლის 1 იანვრიდან.
ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააუქმეს. მაშინ გადაწყვეტილება ამ სფეროში კორუფციის მაღალი რისკის გამო მიიღეს.