ონლაინ-ვაჭრობა – ლარის კურსი ეცემა, მთავრობა კი გაზრდილ გადასახადებს არ ამცირებს

ინტერნეტ–ვაჭრობა რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სფეროა, გამოცემა „ფორბსის“ მიერ მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში გამოქვეყნებულმა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების ახალმა სიამაც აჩვენა, რომლის სათავეშიც პირველად მოექცა ინტერნეტ–ტრეიდინგული კომპანია „ამაზონის“ შემქმნელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსი.
Sputnik

სამწუხაროდ, უცნობია, რამდენია საქართველოს მოქალაქეების წვლილი ბატონი ბეზოსის ამ დაწინაურებაში, თუმცა ერთი კი ფაქტია – საქართველოს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს მისი ამ პოზიციის კიდევ უფრო გამყარებას (იქნებ ბილ გეიტსს ან უორენ ბაფეტს ქომაგობს?).

ლაპარაკია უცხოეთიდან ინტერნეტის მეშვეობით სხვადასხვა ნივთების გამოწერა-ჩამოტანაზე. უფრო ზუსტად კი, ინტერნეტით შეძენილი ნივთის სავალდებულო განბაჟებაზე, რომელიც ნებისმიერ პროდუქტს ეხება, რომლის ფასიც, ტრანსპორტირების ღირებულების ჩათვლით, 300 ლარს აჭარბებს. ასეთ ნივთზე მყიდველმა პროდუქციის ღირებულების 18% დამატებით უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში.

რამდენად ძვირია კრედიტი საქართველოში

300-ლარიანი ზღვარი 2009 წლიდან მოქმედებს, ე.ი. იმ დროიდან, როცა 1 დოლარი 1.66 ლარი ღირდა. ანუ, თუ ნაყიდი ნივთი 180 დოლარზე ძვირი არ იყო, განბაჟებაც არ უწევდა. ამჟამად 1 დოლარი 2.46 ლარი ღირს, შესაბამისად, დღევანდელი კურსის პირობებში განბაჟების ზღვარი 121 დოლარია. წინა წლებში რამდენჯერმე იყო მსჯელობა 300-ლარიანი ზღვარის აწევაზე, რათა ონლაინ–მოვაჭრეებს მცირე შეღავათი მაინც ჰქონოდათ და დამატებით განბაჟების ხარჯი არ ჰქონოდათ გასაწევი. თუმცა ხელისუფლებამ თხოვნას ყური არ უგდო და ბიუჯეტში მისაღებ ფულზე უარი არ თქვა.

საქართველოში ონლაინ–ვაჭრობის მთავარი მიმართულება ქვეყნის გარეთ ვაჭრობაა, თორემ ადგილობრივად ინტერნეტით იმავე ნივთის და იმავე ფასად შეძენაა შესაძლებელი, რასაც ადგილზე, მაღაზიაში შემოგთავაზებენ. ონლაინ–ვაჭრობა განსაკუთრებულით მიმზიდველი იმ მხრივ არის, რომ ხშირად ამერიკიდან, ჩინეთიდან ან ევროპიდან საგრძნობლად იაფად არის შესაძლებელი რაიმეს ყიდვა. ხშირად კი სასურველი პროდუქცია აქაურ მაღაზიებში უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს და გამოწერა ერთადერთი გამოსავალია.

რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური „თელიასონერა“

სწორედ იმ მიზეზით, რომ ონლაინ–შოპინგს აზრი არ დაეკარგოს, გაჩნდა მოწოდებები, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ლარის გაუფასურებით დაზარალებული ონლაინ–მყიდველების მდგომარეობა და განბაჟების ზღვარი გაზარდოს. როგორც მოგახსენეთ, როდესაც 2009 წლის აგვისტოდან ძალაში ახალი საკანონმდებლო ნორმა შევიდა და გზავნილებზე განბაჟების ზღვარი 1500-დან 300 ლარამდე შემცირდა, 1 დოლარის ფასი 1.65 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

საყურადღებოა, რომ როდესაც ლარის გაუფასურება უკვე ტენდენციად იყო ჩამოყალიბებული, სწორედ მაშინ, უფრო ზუსტად კი 2015 წლის 1 აპრილიდან ფინანსთა სამინისტრომ გაამკაცრა ამანათების განბაჟების სისტემა.

„დეკლარირება გახდება სავალდებულო და ექნება იურიდიული ძალა. დაუდეკლარირებელი ამანათი გაჩერდება საბაჟოზე და მის მფლობელს ინვოისის წარსადგენად მიეცემა 3 დღის ვადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი გადავა სახელმწიფო საკუთრებაში. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის მიმღები დეკლარირების დროს შეგნებულად შეამცირებს ამანათის ღირებულებას (განბაჟების თავიდან ასაცილებლად ან სხვა ნებისმიერი მიზნით), მოხდება სახელმწიფოს მიერ მისი დაჯარიმება არანაკლებ 50 ლარის ოდენობით“, — ნათქვამია საფოსტო კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

სტარტაპერების გადაუხდელ კრედიტებს სახელმწიფო დაფარავს

რატომ დასწიეს განბაჟების ზღვარი

საბაჟო და საგადასახადო კოდექსების ლიბერალიზაციის შედეგად 2007 წლის ბოლოს ინტერნეტით შეძენილი ნივთის დაბეგვრის ზღვარი 300 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ცვლილების მიზანი მაშინ საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება იყო. 2009 წლის 10 აგვისტოდან კი ძველებურად, 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილი განბაჟებას დაექვემდებარა.

ფინანსთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ ლიბერალიზაციით მოქალაქეებმა ბოროტად ისარგებლეს და ინტერნეტით პროდუქციის გამოწერა კერძო ბიზნესად აქციეს: 1500 ლარის ფარგლებში იწერდნენ სხვადასხვა პროდუქციას, არ იბეგრებოდნენ და შემდეგ საქონელს ადგილობრივ ბაზართან შედარებით ნაკლებ ფასში ჰყიდდნენ, რითიც დარეგისტრირებულ კეთილსინდისიერ გადამხდელებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ.

სხვათა შორის, ინტერნეტით შეძენილი პროდუქცია იბეგრება ევროკავშირშიც. 22 ევროზე მეტი ღირებულების პროდუქტზე დღგ-ის გადასახადი ვრცელდება, რომელიც, ქვეყნების მიხედვით, 15-დან 25%-მდე მერყეობს.

აშშ-ში ინტერნეტით პროდუქციის შეძენაზე გადასახადი საერთოდ არ ვრცელდება. ამერიკა ელექტრონული ბიზნესის მხრივ მსოფლიო ლიდერია.

საქართველოში დარეგისტრირებულ ინტერნეტ-მაღაზიებს შეკვეთილი საქონელი მეტწილად ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან ჩამოაქვთ. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, ინტერნეტ-მაღაზიებისა და გადამზიდავების დაკვირვებით, ყველაზე ხშირად მომხმარებელი ინტერნეტით ტანსაცმელს და ფეხსაცმელს იწერს. მეორე ადგილზეა საიუველირო ნაწარმი, მესამეზე — მანქანის ნაწილები. გადახდის ფორმას მომხმარებელი თავად ირჩევს — ნაღდი ფულით ან საბანკო გადარიცხვით.

საქართველოს საგარეო ვალი – რამდენად საგანგაშოა ეს ტვირთი

პეტიცია საბაჟო ზღვარის გასაზრდელად

მას შემდეგ, რაც ლარის კურსი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და, შესაბამისად, გზავნილების განბაჟების ზღვარი 181 დოლარიდან უკვე 120 დოლარს ჩამოსცდა, ინტერნეტით ნივთების გამომწერები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და შესაბამისი პეტიციაც შექმნეს.

2015 წელს საიტზე Manifest.ge გავრცელდა პეტიციის ტექსტი, რომელიც ხელისუფლებას მიმართავს, რომ გაითვალისწინოს შექმნილი მდგომარეობა და საზღვარგარეთიდან გამოწერილ ნივთებზე საბაჟო ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს, რაც, პეტიციის ავტორთა აზრით, კონკურენციას შეუწყობს ხელს, ხოლო მომხმარებელს ვაჭრობისას უკეთესი არჩევანის საშუალება ექნება.

მართალია, როდესაც ლარი დაახლოებით 45%-ით არის გაუფასურებული და დოლარზე ვაჭრობის შემთხვევაში ყველა ნივთი შესაბამისად ამდენივე პროცენტით გაძვირდა, მხოლოდ საბაჟო გადასახადის მოხსნა მთლიანად ვერ დააკომპენსირებს სხვაობას, მაგრამ გარკვეული შეღავათი ნამდვილად იქნება.

პეტიციას გამოქვეყნებიდან ორიოდე კვირაში 5000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რაც მთავრობას მის განხილვას ავალდებულებდა. თუმცა მთავრობას ამ მხრივ არაფერი შეუცვლია. მეტიც, ცნობილი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. მათი თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ფიზიკური პირებისთვის იმპორტის გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც დაუბეგრავ ნიშნულს 300 ლარიდან 500 ლარამდე ზრდის, ბიუჯეტში შემოსავალს შეამცირებს.

მთავრობები იცვლებიან, ხოლო ხელისუფლებაში მოსული ადამიანებისთვის მუდმივად არის ცდუნება, წინა პლანზე საბიუჯეტო შემოსავალი დააყენონ. დღევანდელმა ხელისუფლებამაც ამ შემთხვევაში ცდუნებას ვერ სძლია. თან, იმის შეხსენებაც ღირს — არის ხოლმე სიტუაცია, როცა დოლარი სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში უფასურდება, ლარი კი მაინც კარგავს კურსს დოლართან მიმართებაში. ჰოდა, გვაქვს შედეგი: მთავრობა, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ვერ უმკლავდება, ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ ფულს ართმევს.


თემურ იოსელიანი