რამდენად ძვირია კრედიტი საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliთი-ბი-სი ბანკის შენობა
თი-ბი-სი ბანკის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ლამის ყოველი მეორე ადამიანი ხშირად იმეორებს, რომ აქ სესხი უსამართლოდ ძვირია და ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით ქართველებს ბევრად მაღალი პროცენტების გადახდა გვიწევს.

კრედიტის თემა რომ მგრძნობიარე საკითხია, იციან პოლიტიკოსებმა და ხალხის გულის მოსაგებად ბანკების კრიტიკას არ იზარებენ ხოლმე. ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაუღალავად უმეორებდა ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებაში მისი გუნდის მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში სესხის განაკვეთი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

„თქვენ გექნებათ საშუალება იაფიანი და ხელმისაწვდომი ხანგრძლივი იაფი ფულის, 10-დან 20 წლამდე, ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი, იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3 პროცენტი გადასახადი“, — განაცხადა ივანიშვილმა 2012 წელს წინასაარჩევნო მიტინგზე.

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში არა მარტო 2012-ში გაიმარჯვა, 2016-შიც, თუმცა არც 3%-იანი და, მით უმეტეს, „უფასო ფული“ ამომრჩეველს თვალით არ უნახავს. ამის ნაცვლად დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისევ საბანკო სექტორის კრიტიკა დაიწყეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბანკებს ეკონომიკის განვითარების მუხრუჭები უწოდა. საქართველოს მთავრობამ საბანკო სექტორს ბრალი დასდო თან კრედიტების იოლად გაცემაში, თან ამ კრედიტების სიძვირეში. იმავდროულად პრეტენზია წაუყენეს – რატომ არ აფინანსებს საბანკო სექტორი იმათ, ვისი დაფინანსებაც მთავრობის წევრების აზრით არის მნიშვნელოვანი.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
მერე რა, რომ ძაღლი ყეფს... ქარავანი მიქრის!...

საბანკო სექტორის კრიტიკას ახალი იდეაც მოჰყვა – მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, ვისაც კარგი ბიზნეს-იდეა აქვს, მაგრამ ბანკი სესხს არ აძლევს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ეკონომიკურ გუნდთან ერთად „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე“ მუშაობს. მისი თქმით, როდესაც დამწყებ მეწარმეს კომერციული ბანკი ბიზნეს-გეგმას მოუწონებს, მაგრამ სესხს იმიტომ არ მისცემს, რომ ამ მეწარმეს საკუთარი სახსრები საერთოდ არ გააჩნია, სახელმწიფო დაეხმარება თანამონაწილეობისთვის საჭირო რესურსით.

რატომ არის ევროპასთან შედარებით სესხი საქართველოში უფრო ძვირი

2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეკონომიკაზე გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 21.7 მლრდ ლარია. მთლიანი სასესხო პორფელის ლარიზაციის მაჩვენებელი 40.7%-ია, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია. ლარში სესხების ზრდის მთავარი მიზეზი 100 000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვა და დედოლარიზაციის სხვა რეგულაციებია. ამ ცვლილების გამო მოსახლეობა იძულებულია აიღოს ლარის სესხი, რომლის საპროცენტო განაკვეთიც დოლართან შედარებით კიდევ უფრო ძვირია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის მე-4 კვარტალში სესხების საშუალო წლიური განაკვეთები შემდეგი იყო: მოკლევადიანი სესხი ლარში – 21,3%, გრძელვადიანი სესხი ლარში – 16,3%, მოკლევადიანი სესხი დოლარში – 8,7%, გრძელვადიანი სესხი დოლარში – 8,5%.

თუ ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ საშუალო საკრედიტო განაკვეთებს ვნახავთ და საქართველოსას შევადარებთ, სხვაობა მართლაც თვალშისაცემია.

© Sputnik / Maria Tsimintiaყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები ევროკავშირის ქვეყნებში
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები ევროკავშირის ქვეყნებში - Sputnik საქართველო
ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთები ევროკავშირის ქვეყნებში


წყარო: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA)

გამოცემა „ფაქტმეტრის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ზონაში დაბალი საპროცენტო განაკვეთის ძირითადი მიზეზი ბანკებს შორის მაღალი კონკურენცია და გასასესხებელი კაპიტალის დიდი მოცულობაა. განაკვეთის სიდიდეს სესხზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. ევროპის ქვეყნებში გასასესხებელი კაპიტალის მოცულობა მაღალია, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაბალია. მაგალითად, დანიაში, რომელიც დაახლოებით საქართველოსხელა ქვეყანაა, ხუთი ისეთი ბანკია, რომელთა სააქციო კაპიტალი თითოეულის $10 მლრდ-ს აღემატება. საქართველოში კი ყველა მოქმედი კომერციული ბანკის (სულ 16 ბანკია) ჯამური სააქციო კაპიტალი დაახლოებით $1.8 მლრდ-ია.

სესხის სიძვირის ერთ-ერთი მიზეზია საკრედიტო რისკი. მარტივად რომ ვთქვათ – იმის ალბათობა, რომ კრედიტორმა ბანკის წინაშე აღებული ვალდებულება ვერ შეასრულოს. ამიტომ რაც მაღალია რისკი, მით მეტია განაკვეთიც. ასეთი რისკი საქართველოში არც თუ დაბალია თუნდაც იმის გათვალისწინებით, რამდენმა დაკარგა გირაოდ ჩადებული ქონება.

მეორე – ქვეყნის რისკი – რისკი, რომ ქვეყანაში დაიწყოს ეკონომიკური კრიზისი: მაღალი ინფლაცია, სავალუტო კრიზისი, ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუარესება. რეიტინგის გაუარესებას ინვესტიციების შემცირება და უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალის გაძვირება მოსდევს, შედეგად, სესხი ძვირდება.

ასევე სავალუტო რისკი – უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს სავალუტო რისკიც ახლავს. კურსის მკვეთრი ცვლილების გამო მსესხებლებმა თანხა შეიძლება ვერ დააბრუნონ და ბანკს პრობლემა შეექმნას.

თბილისი - Sputnik საქართველო
შეზღუდული თავისუფლება, ანუ „ნოყიერი დიეტის“ მენიუ

განაკვეთებზე ასევე მოქმედებს რეფინანსირების განაკვეთი, რომელსაც ეროვნული ბანკი ადგენს. რეფინანსირების სესხი მოკლევადიანი სესხია, რომელსაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე გასცემს. ბაზარზე ფულის მიწოდების გაძვირება/გაიაფებით ეროვნულ ბანკს ინფლაციის მართვა შეუძლია. შერბილებული მონეტარული პოლიტიკის დროს ბანკებში განაკვეთები მცირდება, გამკაცრებისას კი – მატულობს. დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 7,25%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ლარში სესხების განაკვეთი 7,25%-ზე ნაკლები ვერ იქნება. 2013 წლამდე, ვიდრე სავალუტო კრიზისი დაიწყებოდა, განაკვეთი 3.75%-ს შეადგენდა.

როგორია იპოთეკური სესხის განაკვეთები მეზობელ ქვეყნებში

როდესაც შედარებით დიდ თანხებს ეხება საქმე, მოსახლეობის საკმაო ნაწილს იპოთეკური სესხი აქვს აღებული. ამ ტიპის სესხებთან დაკავშირებით საინტერესოა საერთაშორისო სტატისტიკური ინფორმაციის პორტალის Numbeo-ს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში იპოთეკურ სესხებზე ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი – 13,24% თურქეთშია, რასაც 12,46%-ით სომხეთი მოსდევს. მესამე ადგილს 11,73%-ით იკავებს რუსეთი, რომელსაც 11,37%-ით საქართველო მოჰყვება.

Numbeo-ს ინფორმაციით, საქართველოს სამეზობლოში უძრავი ქონების იპოთეკური სესხის აღება ყველაზე დაბალ პროცენტად აზერბაიჯანშია შესაძლებელი, სადაც წლიური განაკვეთი საშუალოდ 9,28%-ს შეადგენს.

ბანკი - Sputnik საქართველო
არაპროფილური აქტივები - მიზეზი რის გამოც ბანკები თავს იკავებენ ბიზნესის დაკრედიტებისგან

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2010-2017 წლებში სესხების საპროცენტო განაკვეთები 7-8%-ით შემცირდა. შესაბამისად, თუ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ბაზარი განვითარების გზით წავა, ხელისუფლება კონკურენციას არ შეზღუდავს და ბანკებს არასასურველ ტვირთს არ აჰკიდებს, სესხები, წესით, კიდევ გაიაფდება.

ასეა თუ ისე, საბანკო სექტორი საქართველოში ერთი მხრივ წარმატებული სფეროა, მეორე მხრივ – პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. გასაგებია, რომ ხალხს სურს სესხის იაფად აღება შეეძლოს, მაგრამ იაფ სესხს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესება სჭირდება, მათ შორის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და, გნებავთ, პოლიტიკური სტაბილურობისაც. სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე კი, პირველ რიგში, ქვეყნის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ცალკე საკითხია, რომ როდესაც ფულს ისესხებ და პირობებზე შეთანხმდები, ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შეასრულო. ჯერ ფული ისესხო, მოიხმარო და შემდეგ გაგახსენდეს, რომ „ზედმეტად ძვირის“ გადახდა გიწევს ნასესხები ფულის სანაცვლოდ, მარტივად რომ ვთქვათ, არასერიოზული არგუმენტია.

 

თემურ იოსელიანი

ყველა ახალი ამბავი
0