თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ აზარტულ თამაშებში უფრო მეტ თანხას ხარჯავენ, ვიდრე საკვებსა და სასმელზე, წერს გაზეთი „ახალი თაობა" საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე „საქსტატზე" დაყრდნობით.
2017 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1,6 მილიარდი ლარით მეტია საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების სავაჭრო ბრუნვაზე, სადაც ძირითადად საკვები პროდუქტები და სასმელი იყიდება.
სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4,1 მილიარდი ლარით აღემატება რესტორნებისა და სასტუმროების ბრუნვის საერთო მოცულობას.
საქართველოში კაზინოს კარი თამაშზე დამოკიდებული პირებისთვის დაიკეტება>>>
საქართველოში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონი 2005 წლიდან მოქმედებს. სწორედ იგი არეგულირებს კაზინოს, ტოტალიზატორების, სლოტ–კლუბებისა და მსგავსი დაწესებულებების მუშაობას.
კანონის თანახმად, აზარტულ კლუბებსა და კაზინოში შესვლა ეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, ხოლო 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებს — სათამაშო აპარატების სალონებში. არასრულწლოვანს ონლაინ–კაზინოში დარეგისტრირება არ შეუძლია.
2017 წლის დეკემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თანახმად, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილ ყველა დაწესებულებაში შესვლა აეკრძალებათ 21 წლამდე ასაკის საქართველოს და 18 წლამდე ასაკის უცხოეთის მოქალაქეებს.
გარდა ამისა, კანონში გაჩნდება ახალი ფორმულირება — თამაშზე დამოკიდებული, რომელთაც აზარტული თამაშებში ჩართვა აეკრძალებათ.
შესწორებების პირველი ვარიანტის თანახმად, საქართველოში თამაშზე დამოკიდებულ პირთა სია შეიქმნება, რომელშიც ის პირები მოხვდებიან, რომლებიც პირადი ინიციატივით შესაბამისი თხოვნით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავენ, ან სიაში მათ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიყვანენ. სიაში პირის შეყვანა მოხდება 3 წლის ვადით.
ყველა სათამაშო დაწესებულება ვალდებული იქნება შენობაში შესვლის ნებისმიერი მსურველი თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიაში გადაამოწმოს.
დეპუტატებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირეს და შესაბამისი შენიშვნების გასათვალისწინებლად და გადასამუშავებლად ფინანსთა სამინისტროს გადაუგზავნეს.