მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული  — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით წელს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება არაერთი ღირსშესანიშნაობა: სლოვენიაში ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. ანკარის ტყუპი ცათამბჯენი; ლიეტუვაში ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი.  საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები. საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც დუბლინის ცენტრში, კანადაში ოატავას მერიის შენობაზე და სხვა ცენტრალურ შენობებზე.

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია. ქალაქ ვილნიუსის თბილისს სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგ მონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.  ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს.

საქართველოს დამოუკდებლობის დღესთან დაკავშირებული ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშიანაუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.

26 მაისს საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოში გაიმართება სახელოვანი ქართველი მეცნიერის, ერთიანი ევროპის იდეას ერთ-ერთი ფუძემდებლის, მიხეილ მუსხელისადმი (მიშელ მუსხელი 1903-1964) მიძღვნილი ღონისძიება. მიღებაზე წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით მოძიებული აქამდე უცნობი უნიკალური მასალა ამ უმნიშვნელოვანესი პიროვნების შესახებ.

გამოქვეყნდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების პროგრამა

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები 26 მაისის შემდეგაც გაგრძელდება.

4 ივნისს პარიზში, UNESCO-ს სათაო ოფისში ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება. 17 ოქტომბერს კი ელისო ბოლქვაძის სოლო კონცერტს გამართავს ბრატისლავაში.

ლევილის ქართულ მამულში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება 16 ივნისს გაიმართება. ამით  სიმბოლურად ჩაეყრება საფუძველი სამეცნიერო კულტურულ ცენტრის საძირკველს. ლევილის მამულის ბაზაზე მოეწყობა პირველი რესპუბლიკის ისტორიული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი, ლევილის ქართული აკადემია, რაც ლევილს ევროპაში ქართული კულტურის მნიშვნელოვან კერად აქცევს.

ევროკომისიის თავმჯდომარე საქართველოს ესტუმრა

პირველ ოქტომბერს ვენის ხელოვნების მუზეუმ Albertina-ში გაიხსნება ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 2019 წლის პირველ იანვრამდე გასტანს.

საზეიმო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიის, ქვეყნის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.