საშინელი ისტორია: ქმარს ცოლი სახლში ჩაკეტილი ჰყავდა და სცემდა

მოძალადეს აღკვეთი ღონისძიება იმის წყალობით შეუფარდეს, რომ მრავალი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ცოლმა სახლიდან გაქცევა მოახერხა
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლომ მამაკაცს, რომელიც ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეზე ძალადობდა და სახლში გამოკეტილი ჰყავდა, 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარი ეხება 2017 წლის ივნის–ივლისში განვითარებულ მოვლენებს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ადრე ნასამართლევია და როდესაც საპყრობილე დატოვა, მან მეუღლეზე ეჭვიანობა დაიწყო.

საქართველოში ოჯახური დანაშაულის ფაქტები გახშირდა>>>

აღიარების მოპოვების მიზნით, მამაკაცი მეუღლეს სისტემატურად სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ის მოითხოვდა, რომ მეუღლეს საყვარლის ვინაობა გაემხილა. სასურველი პასუხის ვერმიღების გამო, მან ქალს მოკიდებული სიგარეტის ფეხზე ჩაქრობით და სხეულის სხვადასხვა მიდამოში კბენით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

მოგვიანებით ეჭვიანმა ქმარმა ცოლი სახლში ჩაკეტა, ჩამოართვა ტელეფონი და გაქცევის მცდელობის შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. ამასთან, ქალს ოთახიდან ოთახში გასვლა ქმარზე ხელჩაკიდებულს შეეძლო. 

ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად – სიახლე ოჯახში მოძალადის მიმართ

გაქცევის რამდენიმე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – დაუმორჩილებლობის გამო კი ქმარმა იგი რამდენჯერმე ძლიერად სცემა. ერთხელ ქალმა გონებაც კი დაკარგა.

თუმცა, ტყვეობაში მყოფი ქალი მაინც არ დანებდა. 2017 წლის 28 ივლისს, როდესაც მეუღლე აბაზანაში იყო, ქალი მერვე სართულზე საკუთარი ბინის აივნიდან მეზობელთან გადაძვრა და გაიქცა.

მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე დააკავა. სასამართლო მოსმენებისას ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, მეუღლემ კი ჩვენება შეცვალა, თუმცა სასამართლომ, ფსიქიატრიული და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების, თვითმხილველების ჩვენებებისა და საქმის სხვა მასალების გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  სასამართლომ მამაკაცი დამნაშავედ ცნო  სსკ–ის მუხლებით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ და „ პასუხისმგებლობა ოჯახური ძალადობისთვის – წამება“.

„ქალთა მოძრაობა“ სახელმწიფოსგან ფემიციდის აკრძალვას მოითხოვს>>>

ბოლო წლებში საქართველოში ოჯახური ძალადობის ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევები გაიზარდა. შსს–ში ამის მიზეზად ასახელებნ იმას, რომ მსხვერპი ქალები პოლიციას სულ უფრო ხშირად მიმართავენ.

2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით ოჯახური დანაშაულის ბრალდებით შსს–ს თანამშრომლებმა 855 ადამიანი დააკავა.