თბილისში მალე პირველი ელექტროავტობუსი გამოჩნდება

თბილისის მერმა და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც ხაზი გაუსვეს სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას
Sputnik

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. თბილისის მერია რამდენიმე დღეში საცდელად  ახალ ელექტროავტობუსს შემოიყვანს, განაცხადა „დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„წელს ჩვენ შემოგვყავს 100 ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მომდევნო წლების განმავლობაში ვაპირებთ, ასევე, ელექტროავტობუსების შემოყვანას. რამდენიმე დღეში საცდელად შემოგვყავს ახალი ელექტროავტობუსი, რომელიც დედაქალაქში ერთ კონკრეტულ ხაზზე იმოძრავებს. მომდევნო წლებში კი ამ მიმართულებით კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

დედამიწის დღე: დასუფთავების აქცია თბილისში

თბილისის მერის განცხადებით, 48 წელია მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ზოგადად, მთელი მსოფლიო დღეს სეროზული გამოწვევების წინაშე დგას არსებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამ მხრივ, სამწუხაროდ, არც თბილისია გამონაკლისი, სადაც სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები გვაქვს. 

კახა კალაძის თქმით, ის ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საუბრობდა.  მათ დაძლევაში კი მნიშვნელოვანია დედაქალაქის მთავრობის როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. 

„ჩვენ ეს პრობლემა ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანება და სკვერების რეაბილიტაცია, თუმცა ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კომპონენტია ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით“, — განაცხადა კალაძემ.

„ნუ გვაბოლებ“ , „ SOS იპოდრომი“: რას ითხოვენ თბილისის მერიისგან

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სწორედ ასეთი ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. აქედან გამომდინარე, წელს თბილისის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა“, — აღნიშნა კახა კალაძემ. 

დიდ დიღომში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ, ელიზაბეთ რუდთან ერთად, ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ “დედამიწის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთო. თბილისის მერმა და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი ავტომობილების ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი შეამოწმეს, რითაც ხაზი გაუსვეს სუფთა ჰაერის შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც Autotest Georgien-ის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, გამონაბოლქვის ტესტის არსებობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯია და ამერიკის საელჩო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ყველა მანქანისთვის სავალდებულო ტესტის დაწესებას.