ირაკლი კობახიძე: გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა

გედევან ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მომავალში  მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება, განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2 —თან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ გედევან ფოფხაძის მიერ  საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების საკითხთან დაკავშირებით. 

ემოციები თუ განხეთქილების დასაწყისი: თაობათა ბრძოლა „ქართულ ოცნებაში"

გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება 5 აპრილს გააკეთა.  აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან  თანაპარტიელების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა დაასახელა. კაკაბაძის კანდიდატურა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა, რომელსაც მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა და  რელიგიური თემებით სპეკულირებდა.

„სამწუხაროდ, გედი ფოფხაძემ საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს. ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ასეთ თემებს განვიხილავთ და მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება“, — განაცხადა კობახიძემ.

გედი ფოფხაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დატოვების ფაქტს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ის უკვე შეხვდა გედევან ფოფხაძეს და გადაწყვეტილების შეცვლა სთხოვა.  

პრემიერ–მინისტრი: გედი ფოფხაძეს შევხვდი და ვთხოვე არ დაეტოვებინა უმრავლესობა

„მე გული დამწყდება, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას, დიდი იმედი მაქვს, რომ არ დატოვებს უმრავლესობას, იმიტომ რომ შევხვდი მას და ვთხოვე არ დაეტოვებინა უმრავლესობა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება  არ არსებობს. არის ძალიან დემოკრატიული პროცესი,  რომელიც არის ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარი.

გედევან ფოფხაძე უმრავლესობასთან 5 აპრილს  დაგეგმილ შეხვედრაზე არ მისულა. მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ექსპერტებმა და ოპოზიციამ  მმართველ პარტიაში არსებულ განხეთქილებასა და გადაადგილებების დაწყებაზე დაიწყეს საუბარი.

გედევან ფოფხაძე 2014 წლიდან მმართველი პარტიის წევრია. მაშინ  თავისი თანაპარტიელებისგან („ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“) განსხვავებით, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს, ის მმართველ პარტიაში შევიდა. 2016 წელს ფოფხაძემ  საპარლამენტო  არჩევნებში გაიმარჯვა და   დეპუტატი გახდა.