არაფერი ახალი და განსაკუთრებული, მით უფრო მოულოდნელი. ყველაფერი ამჯერადაც ისე იყო, როგორც ადრე, ანუ ჩვეულებისამებრ. წინამდებარე სტატიაზე მუშაობის დაწყებამდე საინფორმაციო სააგენტოების პუბლიკაციებს გადავხედე და სხვა მრავალ ახალ თუ კარგად დავიწყებულ ძველ ამბავთან ერთად ისიც შევიტყვე, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა შესაძლოა 21 წლის პირებსაც აეკრძალოთ. ეს მოსალოდნელი სიახლე ხალხის რჩეულთაგან ერთ-ერთმა ლევან გოგიჩაიშვილმა გვამცნო. მისი განმარტებით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში გათვალისწინებული ცვლილებების პროექტით, აღნიშნულ თამაშებზე დაშვების ასაკად თავდაპირველად 21 წელი განისაზღვრა. დეპუტატის მოსაზრებით, ასაკობრივი ზღვარი 22-23 წლამდე უნდა გაიზარდოს. არც ის არის გამორიცხული, რომ აზარტულ თამაშებში ჩართული პირები მომავალში საჯარო უწყებებში ვეღარ დასაქმდნენ. მკითხველს შევახსენებ, რომ პარლამენტმა კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაასრულა, თუმცა კანონის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. რატომ? კანონმდებელმა ძირითად მიზეზად მთავრობასთან მიმდინარე კონსულტაციები დაასახელა და დასძინა, რომ კანონპროექტს მიმდინარე სესიაზე აუცილებლად განიხილავენ.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს საქართველოში გავლენიანი პირები ლობირებენ და კანონის მიღებასაც სწორედ ეს აფერხებს. არსებობს სხვა მოსაზრებაც, კერძოდ, ეს კონკრეტული ბიზნესი ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წყაროა და დიდია ფისკალური ეფექტიც.
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ნება – ეს არის მიზეზი! ლობისტები არიან ჩართული, ცდილობენ, კანონპროექტი რაც შეიძლება გვიან ამოქმედდეს… საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ლუდომანებისთვის რეგიონის ქვეყნებიდან, სამორინეებს ხშირად სტუმრობენ თამაშის მოყვარულები მეზობელი ქვეყნებიდან, სადაც სათამაშო ბიზნესი აკრძალულია – თურქეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ერთიც უნდა ითქვას, ქვეყანაში ტრენდული გახდა მიდგომა, რომ ეკონომიკისთვის ყველა ბიზნესი კარგია, რაც შეცდომაა. არ შეიძლება ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული ბიზნესი ჩააყენო გართობასა და ხალხის გაყვლეფაზე ორიენტირებული ბიზნესის მსგავს მდგომარეობაში. ჩვენში სათამაშო ბიზნესი წახალისებულია და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს. დაბეგვრის რეჟიმი მხოლოდ მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. აზარტული თამაშის წახალისებით ხელისუფლება ხელს უწყობს უმუშევრობას და თუ კიდევ ასე გაგრძელდა, შემცირდება ჯანსაღი ეკონომიკის შექმნაზე ორიენტირებული კომპანიების წილი. შედეგად, ჩაკვდება ღირებულებათა შექმნის შესაძლებლობა და წასაგებიც აღარავის აღარაფერი ექნება…“
როგორ განვითარდება მოვლენები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, გაჭიანურდება თუ არა კანონის მიღების პროცესი, დრო გვიჩვენებს. ამასობაში კი სტატისტიკის ეროვნული სამსახური კომპანიათა იმ ათეულს აქვეყნებს, რომლებსაც გასულ წელს ფულადი რესურსების ბრუნვის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ე.წ. „ტოპ-ათეულში“ სამი კომპანია სათამაშო ბიზნესს წარმოადგენს. შპს „მარსი“ (CRYSTALBET), შპს „ჩემპიონები 111“ (EUROPEBET) და შპს „სუპერბეთი 2014“(LIDERBET). დარწმუნებული ვარ, ამ კომპანიების მიღმა მკითხველების ერთი ნაწილი ე.წ. „ონლაინ-ტოტალიზატორებს“ ამოიცნობს.
არავინ კამათობს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის ფონზე ეს ფაქტი საგანგაშოა. დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ცნობით, დღესდღეობით ონლაინ ტიპის თამაშებში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. იმ საგადასახადო პოლიტიკით კი, რომელიც ახლა გვაქვს, მინიმუმ 200 მილიონ ლარს ვკარგავთ ყოველწლიურად ბიუჯეტში. როგორც ფინანსისტები აღნიშნავენ, სტატისტიკა მოწმობს, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარ ფინანსებს აზარტულ თამაშებში ხარჯავს.
ფინანსისტი ზურაბ კეკულაძე: „ფული ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებას აკლდება! გამოდის, ქვეყანა და ეკონომიკა ღირებულებებს კი არ ქმნის, ფლანგავს. აზარტულ თამაშებში ძირითადად ჩართულია მოსახლეობის ყველაზე აქტიური ნაწილი, ახალგაზრდები 15-დან 40 წლამდე, ისინი, ვინც უნდა შექმნას ეკონომიკა. დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ადამიანი დროს წაგებაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე კარგავს და ვინ უნდა შექმნას ეკონომიკა, ვინ უნდა იმუშაოს?!.“
საგულისხმოა, რომ აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია და შესაბამისი კომპანიების მთლიანი შემოსავლების მოცულობა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბიზნესის ამ სფეროთი დაკავებული კომპანიების ფინანსური ნაკადების ბრუნვა 2006 წელს 30.1 მილიონი ლარი იყო; 2007 წელს — 64.9 მილიონი ლარი; 2008 წელს — 70.7 მილიონი ლარი; 2009 წელს — 74.3 მილიონი ლარი; 2010 წელს — 112.7 მილიონი ლარი; 2011 წელს — 366.3 მილიონი ლარი; 2012 წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 996.0 მილიონი ლარი შეადგინა; 2013 წელს — 1 213.4 მილიონი ლარი; 2014 წელს — 2 032.8 მილიონი ლარი; 2015 წელს ბრუნვამ უკვე სამ მილიარდ ლარს გადააჭარბა და — 3 890.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2016 წელს ეს მაჩვენებელი 4 036.4 მილიონი ლარი იყო. ამ ფონზე მკითხველი იფიქრებს, რომ ასევე მზარდი და, რაც მთავარია, მთლიანი შემოსავლების შესაბამისია კომპანიათა საბიუჯეტო შენატანებიც. მაგრამ ასე არ არის.
ფინანსისტი გიორგი კაპანაძე: „მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად საკმაოდ მაღალია ბრუნვა და სათამაშო ბიზნესით დაკავებული კომპანიები მაღალ შემოსავლებს იღებენ, ისინი ბიუჯეტში თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იხდიან. ეს კომპანიები გადასახადებს იხდიან ისე, როგორც ჩვეულებრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოება, რაც არ არის სწორი. მათთვის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი უნდა არსებობდეს, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ აზარტული თამაშების კომპანიათა ლობირების თუ სხვა მიზეზით დღემდე ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ და კვლავ საგანგაშო ვითარებაა!..“
ერთი სიტყვით, აზარტული თამაშების ბიზნესი დღემდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უკონტროლო სფეროა. მილიარდებიანი ბრუნვის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მიზერული თანხები ირიცხება, ხოლო ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კიდევ უფრო მძიმდება. ამ ფონზე კი კანონის მიღება ჭიანურდება!..