ადამიანები იმდენად არიან ბედნიერები, რამდენადაც ამას თავად გადაწყვეტენ

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია საჯარო მმართველობის დოქტორი, NLP საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ასოცირებული პროფესორი, ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი ნათია ქოიავა.
Sputnik

ყველა ადამიანი მიღებული გადაწყვეტილებების „პროდუქტს“ წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილებები მათ თავად მიიღეს, სხვებმა გადაუწყვიტეს, ან გაყვნენ დინებას და ცხოვრებამ თავად გადაუწყვიტა. როგორია ეს „პროდუქტი“, როგორი შედეგები გვაქვს ოჯახში, სამსახურში, ურთიერთობებში? მოგვწონს თუ არა ეს შედეგები, კმაყოფილი ვართ თუ არა? თუ პასუხი არის „არა“, ე.ი. ცვლილებების დროა.

ცვლილებები იწყება შენით

ნათია ქოიავა

პიროვნული ზრდა საკუთარი თავის შეცნობით იწყება. პრობლემები ჩვენშია, ჩვენს მიდგომებში, ჩვენს დამოკიდებულებებში, ისინი სხვა ადამიანებში თუ გარემოებებში არ უნდა ვეძებოთ. წარმატება და წინსვლაც მხოლოდ ჩვენშია. როცა გარემოს ან სხვა ადამიანების შეცვლა გვინდა, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ. ყველა ცვლილება იწყება ჩვენით, ეს შიგნიდან გარეთ ხდება და არა – გარედან შიგნით.

თავად განკარგავდე საკუთარ ცხოვრებას, ეს პროაქტიური ადამიანის ჩვევაა. იყო პროაქტიური, ნიშნავს თვითონ ირჩევდე, როგორ მიუდგე ამა თუ იმ საკითხს, იყო პასუხისმგებელი საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედურებაზე; ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების გზაზე იყო მძღოლი და არა უბრალოდ მგზავრი, იმისათვის, რათა თავად გადაწყვიტო, თუ სად არის შენი დანიშნულების ადგილი, სად გინდა რომ საბოლოოდ აღმოჩნდე.

თუ ადამიანს სულს ვერ ანდობ, არც სხეული ანდო...

მსხვერპლის ვირუსი

ამის საწინააღმდეგოდ, რეაქციული ადამიანები არ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედურებაზე, ისინი არ მოქმედებენ, მხოლოდ წუწუნებენ და ჩივიან. ასეთი ადამიანები დაავადებული არიან „მსხვერპლის ვირუსით“. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიანთ წარუმატებლობასა თუ მარცხს მუდმივად სხვა ადამიანებს და გარემო პირობებს აბრალებენ.

რეაქციული ადამიანების ყოველდღიურ ლექსიკონში ჭარბობს გამონათქვამები: ვერ შევიცვლები, ასეთი ვარ; ვერაფერს ვიზამ; არ შემიძლია; იძულებული ვარ, რომ გავაკეთო; შენ მე გუნება გამიფუჭე.

პროაქტიური ადამიანების ლექსიკონში კი ამის საწინააღმდეგო გამონათქვამები ჭარბობს: შემიძლია უკეთესი გავხდე; გამოსავალს ვიპოვი; შევხედავ, რისი გაკეთება შემიძლია; ჩემი არჩევანია, რომ ეს გავაკეთო; უფლებას არ მოგცემ, გუნება გამიფუჭო.

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი: ნუ დარბიხარ, ადამიანო... გაჩერდი!

თავად სიცოცხლესთან ერთად, უდიდესი განძი, რომელიც ადამიანს უბოძეს, არის არჩევანის თავისუფლება. ეს ძალაუფლება და თავისუფლება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება „მსხვერპლის ვირუსით დაავადებულთა” აზროვნების ტიპს და სხვების დადანაშაულების ჩვევას, რომელიც ასეთი გავრცელებულია დღეს ჩვენს საზოგადოებაში.

არსებითად, ჩვენ არჩევანის პროდუქტი ვართ და არა – გენების, აღზრდის ან გარემოს მიერ შექმნილი. მართალია, გენები და კულტურა, ხშირად, ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს, მაგრამ მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვთ. ადამიანად ყოფნის არსი საკუთარი ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობაა. ადამიანი მოქმედებს, ხოლო ცხოველი რეაგირებს. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთება. არჩევანის თავისუფლება საშუალებას გვაძლევს, თავად შევქმნათ საკუთარი თავი, შევცვალოთ ჩვენი მომავალი და ძლიერი გავლენა მოვახდინოთ შემდგომ პროცესებზე. არჩევანის ეს თავისუფლება ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი წარსულის ან ჩვენი გენების პროდუქტი; არც იმის პროდუქტი, თუ როგორ გვექცეოდნენ სხვა ადამიანები. ისინი უდავოდ ახდენენ ჩვენზე გავლენას, მაგრამ ვერ განსაზღვრავენ, როგორები ვიყოთ. ამას ჩვენ თავად განვსაზღვრავთ, ჩვენი არჩევანის საშუალებით.

სიყვარული განშორებასაც უძლებს და სიკვდილსაც, მაგრამ ვერ უძლებს...

დეტერმინიზმი

ფილოსოფიაში არსებობს ასეთი დოქტრინა — დეტერმინიზმი, რომლის მიხედვითაც, ყველა მოვლენას, ადამიანის ქმედებების ჩათვლით, მთლიანად განსაზღვრავს წარსული მოვლენები და გარემოებები, ასე რომ არჩევანის თავისუფლება მხოლოდ ილუზიაა. დღევანდელ კულტურაში, დეტერმინიზმი დანერგილია და გამყარებულია იმ არასასიამოვნო შეგრძნებით, რომ თუ ადამიანს აქვს არჩევანი, მაშინ ის თავად არის პასუხისმგებელი თავის ახლანდელ მდგომარეობაზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ მოსწონს. სინამდვილეში, რასაც დღეს წარმოვადგენთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არჩევანია.

დარდის წრე

არსებობს რაღაც, რაზეც არჩევანი არ გვაქვს. მაგალითად, ჩვენი გენეტიკა. მართალია, ჩვენ ვერ ვირჩევთ ჩვენს გენებს, მაგრამ ვირჩევთ ჩვენს დამოკიდებულებას მათ მიმართ. ის, ვინც მზარდ შინაგან ძალასა და არჩევანის თავისუფლებას ავითარებს, შეიძლება ასევე გახდეს ის, რასაც პირობითად ეწოდება „გარდამავალი ადამიანი“, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს არასასურველი ტენდენციები, რათა ისინი არ გადაეცეს წინა თაობებიდან მომდევნო თაობებს.

რეაქციული ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს ე.წ. „დარდის წრეში“ ატარებენ. მასში შედის ის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ: დაბადების ადგილი, ეროვნება, რასა, მშობლები, გარემო, ამინდი, სხვა ადამიანების საქციელი და ა.შ. შესაბამისად, რეაქციული ადამიანები ამ ყველაფრის გამო მუდამ ჩივიან და წუწუნებენ. „დარდის წრეზე“ მუდმივი ორიენტირებით, ერთ მშვენიერ დღეს, აღმოვაჩენთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე დავკარგეთ კონტროლი და გავლენა, საკუთარი თავის ჩათვლით.

როგორ შევინარჩუნოთ ბედნიერება ოჯახში

პროაქტიური ადამიანები კი „გავლენის წრეში“ ყოფნას ირჩევენ. მასში შედის ის ყველაფერი, რაზეც გავლენას ვახდენთ, რისი შეცვლაც შეგვიძლია. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ იმას, რაც ხდება, სამაგიეროდ, ვაკონტროლებთ ჩვენს რეაქციას მასზე. აზრი არა აქვს იმაზე ნერვიულობას, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია. რაც უფრო ვაფართოვებთ ჩვენს „გავლენის წრეს“, მით უფრო მცირდება ჩვენი „დარდის წრე“.

რეკომენდაციები:

დააკვირდით, რამდენად ხშირად იყენებთ რეაქციული ადამიანის გამონათქვამებს და ჩაანაცვლეთ ისინი პროაქტიური ადამიანის გამონათქვამებით.

იპოვეთ თქვენს „დარდის წრეში“ ისეთი რამ, რაზეც მუდმივად ნერვიულობთ. თუ მისი შეცვლა შესაძლებელია, იმოქმედეთ დღესვე. თუ არა – მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამაზე აღარასოდეს ინერვიულოთ.

თუ გინდათ, ცხოვრებაში მიზანს მიაღწიოთ, გამოიჩინეთ ინიციატივა. ნუ იწუწუნებთ იმის გამო, რომ მაგალითად, არავინ არსად გეპატიჟებათ. გააკეთეთ რაიმე ამის საწინააღმდეგოდ. იპოვეთ გზა ადამიანებთან შესახვედრად, მოექეცით მათ მეგობრულად, ხშირად გაიღიმეთ. თავად დაპატიჟეთ ისინი, მათ ხომ ჯერ არ იციან, როგორი არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ!