გუდაურში დაშავებულები თბილისში ვერტმფრენებით გადმოჰყავთ

დაშავებულთა შორის შვედეთის მოქალაქე ორსული ქალია.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში დამნაშავეა, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც გუდაურში შემთხვევის ადგილზე ჩავიდა.

16 მარტს, დაახლოებით 13 საათზე სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ავარიული გაჩერების შემდეგ საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა და ავარია მოხდა, რის გამოც, წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა.

მინისტრის განცხადებით, დაშავებულებს თბილისში ვერტმფრენებით გადმოიყვანენ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“: გუდაურში ავარიის მიზეზი ელექტროენერგიის შეწყვეტა არ ყოფილა

„ვერტმფრენი დაჯდა და, შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ის უკვე გუდაურშია, ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, გუდაურში საბაგიროს „საძელეზე“ შეწყდა ელექტროენერგია, ვიზიტორების საევაკუაციო სამუშაოების დაწყებამდე საბაგირო გაურკვეველი მიზეზების გამო საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა. სავარძლები ერთმანეთს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ვიზიტორების დაშავება.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გუდაურში საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მათ შორის შვედეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც, სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანენ.

ამ დროისთვის გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა.

სერგეენკო: გუდაურში დაშავებულთა შორის შვედეთის მოქალაქე ორსული ქალბატონია

მინისტრის თქმით, ერთი პაციენტს აქვს ხელის ღია მოტეხილობა და თავზე ჭრილობა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, არ ყოფილა გონების დაკარგვა. მეორე პაციენტი კი არის ორსული ქალბატონი — შვედეთის მოქალაქე, მას აქვს ტკივილები წელის არეში მსუბუქიდან საშუალომდე ხარისხის. დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებით, გუდაურის საკურორტო ზონაში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არანაირი ავარიული გათიშვა არ დაფიქსირებულია.

გუდაურში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

რა მოხდა გუდაურში – ბოლო ინფორმაცია და ახალი ვიდეოკადრები

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაშავებულებს დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.