პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო: პროფკავშირი უკმაყოფილოა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის დაცვას მისი ძალაში შესვლის შემდეგ განახორციელებს ზედამხედველობის სპეციალური სამსახური, მისი ინსპექტორები შემოწმებებს ჩაატარებენ
Sputnik

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი მიიღო, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, თუმცა პროფკავშირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი ეფექტურობის არ სჯერათ.

კანონპროექტის ძალაში შესვლამდე მას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს.

კანონპრექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში ტყიბულის ნახშირმომპოვებელ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ალაპარაკდნენ შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით საშიშ წარმოებაში.

აქცია თბილისის ცენტრში - მომიტინგეები შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი შეიმუშავა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და პარლამენტში 2017 წლის ზაფხულში შეიტანა. ზაფხულში პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა უამრავი შენიშვნის შემდეგ მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

პირველ რიგში, კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ჩამოყალიბებასა და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე დაცული იყოს.

დამსაქმებლები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან შრომის უსაფრთხოების ნორმები, იზრუნონ დასაქმებულთა და საწარმოში მყოფ პირთა უსაფრთხოებაზე.

მათ თავად უნდა შეაფასონ მუშაობის რისკები, საფრთხეების აღმოსაფხვრელად შეიმუშაონ ღონისძიებები, ჩაატარონ თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი და უპირატესობა კოლექტიური დაცვის საშუალებებს მიანიჭონ.

დასაქმებულები, თავის მხრივ, ვალდებულნი იქნებიან დაიცვან უსაფრთხოების ინსტრუქციები, ამასთან მათ ექნებათ უფლება უარი თქვან ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მათ სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას აშკარა საფრთხეს უქმნის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვონ სხვა, უფრო უსაფრთხო სამუშაოზე გადასვლა.

უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას

დასაქმებულებს ექნებათ უფლება დამსაქმებელთან ერთად განიხილონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მიიღონ ინფორმაცია რისკების შესახებ და შრომის უსაფრთხოების პირობების დასადგენად ექსპერტი დაიქირავონ.

თუ საწარმოში 20 ან ნაკლები ადამიანი მუშაობს, დამსაქმებელს თავად შეუძლია შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები, მაგრამ იმ პირობით, თუ მან წინასწარ მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარა. თუ საწარმოში 20-დან 100-მდე თანამშრომელია, დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების მინიმუმ ერთი სპეციალისტი დანიშნოს.

კანონის დაცვის კონტროლს ზედამხედველობის სპეციალური სამსახური განახორციელებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით ჩამოაყალიბებს.

ამ სამსახურის ინსპექტორებმა შემოწმებები უნდა ჩაატარონ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მათ საწარმოთა დაჯარიმებისა და საქმიანობის შეჩერების უფლება ექნებათ.

რეგისტრაციის გარეშე საშიში სამუშაოების განხორციელება 1000 ლარით დაჯარიმდება. ასეთივე ჯარიმა ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევის დროს არის გათვალისწინებული.

ომბუდსმენი სამუშაო ადგილებზე პრობლემებისადმი ყურადღებას მოითხოვს

ხოლო 100 ლარიდან 8 000 ლარამდე ჯარიმა გათვალისწინებულია შრომის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისას, რომელსაც საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

„კანონი არ ითვალისწინებს ინსპექტორების მიერ რიგგარეშე შემოწმებების შესაძლებლობას. ეს კანონი — წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ხელისუფლებამ, თუ მას უნდა ეფექტური კანონმდებლობის მიღება, არ უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებლების და კაპიტალისტების აზრი. ამ კანონპროექტით ხელისუფლება შეეცადა რაც შეიძლება ნაკლებად აწყენინოს ბიზნესმენებს“, — განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიგა ბექაურმა ტელეარხ „მაესტროს“ ეთერში. 

კანონპროექტში მინუსებს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ხედავენ. ადამიანის უფლებათა შესწავლისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის თქმით, ინსპექტორის მანდატი შრომის უსაფრთხოების წესების დაცვისთვის არასაკმარისია.

ანალოგიურ თვალსაზრისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოშიც“ იზიარებენ.

„ახალი კანონის მიღება ვერ უზრუნველყოფს უბედური შემთხვევების სათანადო გამოძიებას და ვერ უზრუნველყოფს მუშების უსაფრთხოებას“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამუნა ტატანაშვილმა.