აბი გლუკოზა და ბროწეულის ოყნები...

რატომ ძვირდება მედიკამენტები, ვინ აკონტროლებს ფარმაცევტულ ბაზარს და რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო
Sputnik

პროფესიული საქმიანობისას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, პირად საკითხებზე საუბარი არ მჩვევია. ამჯერად კი გადავწყვიტე ერთი „საიდუმლო“ გაგანდოთ, რაც ნათელს მოჰფენს, რატომ დავინტერესდი წინამდებარე სტატიაში განხილული პრობლემით. ნათქვამია, სანამ კაცი საკუთარ ტყავზე არ იგრძნობს, მანამდე ყურს არ გამოიბერტყავსო, და მგონი ასეა ჩემი ამბავიც… თითქმის ორი ათეული წელია, რაც ჰიპერტონია, ანუ მაღალი არტერიული წნევა მაწუხებს და ექიმების დანიშნულებისამებრ, მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა წნევა, ყოველდღიურად ორი დასახელების მედიკამენტს ვიღებ. არ დავასახელებ, რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს. ვიტყვი, რომ ორივე საკმაოდ ძვირადღირებული პრეპარატია, თუმცა არასოდეს დამითვლია და არც ახლა ვაპირებ იმის გარკვევას, ამ ხნის განმავლობაში რა ფინანსური რესურსი დამჭირდა, რომ, პირდაპირი მნიშვნელობით, ტვინში სისხლი არ ჩამქცეოდა. დარწმუნებული ვარ, ჯამური თანხა სოლიდური იქნება. არც იმას დავმალავ, რომ ბოლო დროს მათ შესაძენად სულ უფრო და უფრო მეტი მეხარჯება. სააფთიაქო ქსელში პარასკევი ფასდაკლების დღეა და გადავწყვიტე ამ სიკეთით კიდევ ერთხელ მესარგებლა. გავოგნდი, როცა იანვრის თვისგან განსხვავებით იმავე დასახელების და რაოდენობის მედიკამენტებში თითქმის 21 ლარით მეტი გადავიხადე…

საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი არ ჩანს. უფრო მეტიც, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები მუდმივად ძვირდება. პრეტენზიებია ექიმების მიმართ, რომლებიც პაციენტებს უფრო და უფრო მეტი დასახელების წამლებს უნიშნავენ. საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მიუთითებს მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე. საქართველოში მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ღარიბ ფენას.

მედიკამენტების ხარისხს საქართველოში ახალი სტანდარტებით შეამოწმებენ

არსებული სიტუაციით, 70 პროცენტზე მეტი ხუთ მსხვილ კომპანიაზეა გადანაწილებული. ესენი არიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები: „პსპ ფარმა“ – 22.32 პროცენტი, „ეი-ბი-სი-ფარმაცია“ – 14.91 პროცენტი, „ავერსი-ფარმა” – 14.54 პროცენტი, „გლობალ-ფარმი“ — 7.02 პროცენტი, სააქციო საზოგადოება „ჯი პი სი“ – 10.20 პროცენტი. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ „ეი-ბი-სი ფარმაცია“ და „ჯი-პი-სი“ გაერთიანდნენ და ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო შეიზღუდა. შედეგად, როგორც ექსპერტები აცხადებენ, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკები კიდევ უფრო მეტად ამაღლდა. მეორე მხრივ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას… სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში სულ 2339 აფთიაქია. მათგან თბილისში 1018 მდებარეობს, ხოლო რეგიონებში – 1321 ფილიალი.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებას წვდომა აქვს მედიკამენტების როგორც საბაჟო, ისე საცალო ფასებთან და ფასნამატი მართლაც არსებობს, თუმცა არ იკვეთება სურათი, რომ კომპანიები რაიმე გიგანტურ, ზემოგებაზე მიდიოდნენ… საინტერესოა, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების ზრდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობას? ჯანდაცვის სამინისტროს პირველი პირის განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან. ბოლო წლინახევრის განმავლობაში ფარმაინდუსტრიაში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი, ძირითადად, გამჭვირვალე თამაშის წესები შემოეტანათ, რამაც დიდი შეთქმულებისა და მანიპულაციების საშუალებები, თუ ასეთი არსებობდა, მინიმუმამდე დაიყვანა. დარგის სპეციალისტებს აქვთ სხვა კითხვაც, კერძოდ, რამდენად მართებულია, როცა საავადმყოფო, სამშობიარო, ამბულატორია, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია ერთი პირის ხელშია?

რატომ გაძვირდა მედიკამენტები - ექსპერტთა მოსაზრება

დავით სერგეენკო: „ამაზე მსჯელობა და რისკების გათვლა საჭიროა, თუმცა ახლა ამ ყველაფრის მექანიკური შეზღუდვით გაუქმება ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება. დიდი ხანი ეს არ უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვამ თავისი ლოგიკური ფორმა უნდა მიიღოს. 2013 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს, რომელიც რეალური იყო, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურებიც ემატებოდა, რაც კატასტროფული ვერტიკალური ინტეგრაცია იყო. ეს 2014 წლის იანვარში დასრულდა, როცა საქართველოს მასშტაბით არსებული რაიონული სასწრაფოები მთლიანად სახელმწიფომ წამოიღო მართვაში. ეს სერიოზული კორექცია იყო. არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ვცდილობთ, მოვაწყოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი სისტემა, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი მოთამაშეების შემოსვლა, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. ეს ორი ფაქტორი გარანტიაა, რომ ჩვენ სასურველი შედეგები მივიღოთ…“

წაიკითხე ქართულად - იმკურნალე სწორად

საინტერესოა როგორია ფასნამატი მედიკამენტებზე ევროპის ქვეყნებში და რა გამოიკვეთება საქართველოში დაფიქსირებულ ფასნამატთან მისი შედარებისას. საკითხი კიდევ უფრო მწვავეა იმ ფონზე, როცა საშუალო ევროპელის მსყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო ქართველის. საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ ჩატარებული კვლევით, გაირკვა, რომ საქართველოში ფასნამატის მარჟა, სულ მცირე, ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულ მარჟას. საშუალო ფასნამატი საქართველოში 102 პროცენტს შეადგენს, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ასეთი სიტუაციაა: უნგრეთი – 27 პროცენტი; პოლონეთი – 32 პროცენტი; ჩეხეთი – 35 პროცენტი; საბერძნეთი – 46 პროცენტი, იტალია – 49 პროცენტი. ეს მონაცემები დათვლილია მედიკამენტის იმპორტიდან საცალო ქსელის დახლამდე.

მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მედიკამენტების შეძენა. ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. თუ აქამდე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც 100.000 ქულაზე ნაკლები ჰქონდა და მათზე მხოლოდ 23 მედიკამენტი ვრცელდებოდა, ახლა ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს. სახელმწიფო პროგრამით უნდა ისარგებლონ ასაკით პენსიონერებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და დამატებითმა კონტინგენტმა. რა შედეგს მოიტანს ეს მცდელობა, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი გაგებით მოვეკიდოთ, რომ ხვალ და ზეგ მედიკამენტების შეძენა უფრო ძვირად მოგვიწევს, ვიდრე დღეს და გუშინ…