საქართველოს კალათბურთის ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები მიმდინარე წლის ზაფხულში გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში გერმანიის გუნდთან ანგარიშით 77:87 დამარცხდა. 

გერმანელმა კალათბურთელებმა უპირატესობა შეხვედრის პირველივე წუთებში მოიპოვეს და დაწინაურდნენ (9:2) კიდეც. ადვილად მისახვედრი იყო, რომ G ჯგუფის ლიდერები თბილისში გამარჯვებისთვის იყვნენ ჩამოსული. 

იმედის ნაპერწკალი ქართველ გულშემატკივრებს შესვენების შემდეგ გაუჩნდათ, როცა საქართველოს ნაკრებმა მაიკლ დიქსონის წყალობით მატჩის მესამე მეოთხედის მოგება შეძლო ანგარიშით 24:18. თუმცა, საბოლოო ჯამში, გერმანიამ შეძლო მატჩის ათქულიანი სხვაობით 87:77 დამთავრება.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა:

„ჩვენ მოედანზე ნაკრების ექვსი ლიდერი მოთამაშის გარეშე ვიყავით. ამ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო კარგი შედეგის ჩვენება. მიუხედავად ამისა,  ბიჭებმა ძალზე კარგად იმუშავეს და ყველაფერი 100%-ით გააკეთეს, რისთვისაც მადლობა მათ“, – განაცხადა ზუროსმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრებისთვის გერმანიის წინააღმდეგ მატჩი G შესარჩევ ჯგუფში მეოთხე გახდა.