თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში გერმანიის გუნდთან ანგარიშით 77:87 დამარცხდა.
გერმანელმა კალათბურთელებმა უპირატესობა შეხვედრის პირველივე წუთებში მოიპოვეს და დაწინაურდნენ (9:2) კიდეც. ადვილად მისახვედრი იყო, რომ G ჯგუფის ლიდერები თბილისში გამარჯვებისთვის იყვნენ ჩამოსული.
საქართველოს ნაკრებს ლიდერების – შენგელიას, შერმადინის, მარკოიშვილისა და ცინცაძის გარეშე შეუძლებელი უნდა გაეკეთებინა, რათა შეხვედრაზე დადებითი შედეგისთვის მიეღწია, თუმცა მასპინძლებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს.
პირველი მეოთხედი გერმანიამ 10 ქულის სხვაობით 27:17 მოიგო. „დიდ შესვენებაზე“ გუნდები ანგარიშით 51:38 გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ 7–12 ქულის განსხვავება მთელი მატჩის განმავლობაში შენარჩუნდა. მასპინძლებმა ვერაფრით მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
იმედის ნაპერწკალი ქართველ გულშემატკივრებს შესვენების შემდეგ გაუჩნდათ, როცა საქართველოს ნაკრებმა მაიკლ დიქსონის წყალობით მატჩის მესამე მეოთხედის მოგება შეძლო ანგარიშით 24:18. თუმცა, საბოლოო ჯამში, გერმანიამ შეძლო მატჩის ათქულიანი სხვაობით 87:77 დამთავრება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა:
„ჩვენ მოედანზე ნაკრების ექვსი ლიდერი მოთამაშის გარეშე ვიყავით. ამ სიტუაციაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო კარგი შედეგის ჩვენება. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ძალზე კარგად იმუშავეს და ყველაფერი 100%-ით გააკეთეს, რისთვისაც მადლობა მათ“, – განაცხადა ზუროსმა პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრებისთვის გერმანიის წინააღმდეგ მატჩი G შესარჩევ ჯგუფში მეოთხე გახდა.