თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში შუალედური არჩევნები ვანისა და ხონის ოლქში 28 აპრილს გაიმართება, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
არჩევნების დანიშვნა მას მერე გახდა საჭირო, რაც დეპუტატი მმართველი პარტიიდან გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახალ მოადგილედ დაინიშნა.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნები ოლქის 60 უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
„დღეს დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის“, — ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
დღეისათვის დეპუტატობის მხოლოდ ერთი კანდიდატის შესახებ არის ცნობილი. თებერვლის დასაწყისში არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც საპატიმრო სასჯელი მოიხადა. უგულავა პარტიის „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერია.