საპრეზიდენტო არჩევნები – თამაში, რომელშიც ყველა მოგებულია ხალხის გარდა

როგორ ემზადება ქართული პოლიტიკური სპექტრი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რა შანსები აქვთ სავარაუდო კანდიდატებს და შეძლებს თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატის გარშემო გაერთიანებას?
Sputnik

მართალია, არჩევნებამდე 7 თვე მაინც არის დარჩენილი, მაგრამ ისეთი ოპოზიციისთვის, რომელიც პარლამენტშიც კი საკმაოდ მწირადაა წარმოდგენილი, ან საერთოდ არაა, საარჩევნო მარათონის დაწყება სულაც არაა გვიანი. საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით არ დაუსახელებია მმართველ გუნდს და ზაფხულამდე ამას არც უნდა ველოდოთ, აი, ოპოზიციაში კი უკვე იკვეთება კონკრეტული ტენდენციები.

პრეზიდენტად კენჭისყრას არ გამორიცხავს გიორგი მარგველაშვილი. სხვათა შორის, მის წინააღმდეგ ბუმერანგის პრინციპი უკვე ამოქმედდა და ხელისუფლება პირველ რიგში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს „დაეტაკა“ მისივე მოყვანილი „ჯიპელი“ კადრის თამარ სანიკიძის მეშვეობით. საქმე ისაა, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში მარგველაშვილი „ჯიპას“ უბრუნდება. მაგრამ თუ მას ავტორიზაცია–აკრედიტაციაზე პრობლემები შეუქმნეს და მარგველაშვილი კუთხეში მიიმწყვდიეს, გამოდის, რომ თავად ხელისუფლებას, უფრო სწორად, ივანიშვილს სურს, ფილოსოფოსმა კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი და გაზომოს საკუთარი ძალები დამოუკიდებლად – ანუ, რამდენ ხმას მიიღებდა „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის გარეშე.

ვის დაუპირისპირებს ოცნება გიგი უგულავას?

შესაძლებელია თუ არა ოპოზიციის გაერთიანება მარგველაშვილის გარშემო? როგორც ჩანს – არა. მხოლოდ ოპოზიციის ნაწილს შეუძლია გადააბიჯოს ძველ წყენებს და საკუთარ ამბიციებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მარგველაშვილთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს. ნიკა მელიამ არაერთხელ განაცხადა, საერთო კანდიდატის გარეშე ფონს გასვლა გაგვიჭირდებაო. ამ მოლაპარაკებებს უკვე გამოაკლდა ბოკერია–უგულავა–ბაქრაძის დაჯგუფება. საქმე ისაა, რომ ყოფილ პარტნიორებს, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად სძულთ ერთმანეთი და კიდევ — მათ ივანიშვილთან პარტნიორობაში ადანაშაულებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. თუ ბოკერია–უგულავას დაფინანსების წყაროებს კარგად ჩავუღრმავდებით, არ გაგიკვირდეთ და იქ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს აღმოაჩენთ და არა მარტო მათ. პარლამენტის რამდენიმე მილიონერ დეპუტატსაც, რომლებიც უმრავლესობის შიგნით არიან, მაგრამ დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიას დააფინანსებენ. ევროპელი ნაციონალების შიდა სამზარეულოს ხმებით, სწორედ ის იქნება ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

„ოცნება" პრეზიდენტობას ბიძინა ივანიშვილს სთხოვს?

მარგველაშვილს გაუჭირდება ყოფილი მეგობრების შემორიგება ივანიშვილისგან დისტანცირებულ პარტიებშიც. როცა რესპუბლიკელებმა და ალასანია–დემოკრატებმა მის სასახლეში მოუხშირეს სიარულს, მარგველაშვილმა თქვა — ივანიშვილისგან წამოსვლის შემდეგ ჩემკენ გამორბიანო. არადა, ამ ხალხში მინიმუმ 5 საპრეზიდენტო კანდიდატია. ხუმრობით რომ ვთქვათ, ყველა ქართველს ხომ ჰგონია, რომ ის ყველაზე კარგად შეძლებს ქვეყნის მართვას. სწორედ ამიტომ შეიქმნა ლიდერთა საბჭო. მისი ლიდერებიდან მინიმუმ სამი უკვე გამოთქვამს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. ღიად ამის შესახებ უკვე განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. ასევე, დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ნინო ბურჯანაძე. საუბრობენ დავით უსუფაშვილის შესახებაც. უსუფაშვილს დიდი დასავლური მხარდაჭერა და ცუდი პიარი აქვს. სიმართლე რომ ითქვას, საქართველოსნაირ ქვეყანას მისნაირი პრეზიდენტი ძალიან დაამშვიდებდა და დაამშვენებდა, მაგრამ ჯერ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რა სურს უსუფაშვილს და მეორეც — პიარს და დაფინანსებას ამ საქმეში მეორე კი არა, პირველი ადგილი უჭირავს. უცხოელმა თუ ქართველმა იმიჯმეიკერებმა ისეთი პოლიტიკოსები შემოგვასაღეს ინტელექტუალებად, ცივილიზაციის ისტორია კი არა, შესაძლოა, „გლახის ნაამბობი“ არ ჰქონდეთ თავიდან ბოლომდე წაკითხული. თუმცა, ეს ზოგადი ამბავია — პოლიტიკაში როდი მოდიან ყველაზე დიდი მოაზროვნეები.

ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი?

არ გაგიკვირდებათ და საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ არჩევნებში „პატრიოტებსაც“. გიორგი სააკაძის, ზეზვას და მზიას შთამომავალი დავით თარხან-მოურავი, სანამ მონარქია აღდგება, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში მოსინჯავს ბედს და ხმების გარკვეულ რაოდენობასაც მიიღებს. არ გაგიკვირდეთ, ამ არჩევნებში ყველა როდი იბრძვის უდავო გამარჯვებისთვის. მასში მონაწილეობისა და გარკვეული რაოდენობის ხმებისთვის საკმაოდ მსხვილი სახელმწიფო დაფინანსებაა გამოყოფილი, რომ აღარაფერი ვთქვათ უფასო სატელევიზიო რეკლამაზე. ასე რომ, ესაა თამაში, სადაც მოგებული რჩება ყველა, ხალხის გარდა.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, „ქართული ოცნება“ აქტიურად ეძებს ე.წ. არაპოლიტიკოს პრეზიდენტობის კანდიდატს, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ და კალათბურთელ ზაზა ფაჩულიასაც ასახელებენ. ფაჩულიას საახლობლო საკმაოდ კარგად ჰყავს ათვისებული „ქართულ ოცნებას“ პარტიულ სტრუქტურებში. ასევე საუბრობენ ისეთი ტიპის საპრეზიდენტო კანდიდატებზე, როგორიცაა გელა ჩარკვიანი, ლადო პაპავა…

სააკაშვილის არჩევანი – ყველაფერი ან არაფერი

პოლიტიკაში მყოფი ადამიანებიდან დღეს ყველაზე დიდი შანსი, როგორც ამბობენ, მიხეილ ჯანელიძეს აქვს, რომელიც ძალიან მოსწონს ივანიშვილს, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი და ყველაზე ნაკლები სურვილი თავად ბიძინა ივანიშვილს აქვს. როგორც ამბობენ, მას ამერიკელი მეგობრები დაჟინებით ურჩევენ, თავად აიღოს ეს მძიმე ტვირთი.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბევრი რამაა დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე. თუმცა ამ არჩევნებში ყველაფერია მოსალოდნელი. ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკმაოდ დისკრედიტებულია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიცია გაერთიანებას ვერ მოახერხებს — მასში მინიმუმ სამი დაჯგუფებაა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, თუ შიდა და გარე ძალების ზემოქმედებით გარკვეული პოზიტიური ნიშნები დაინახეს, ყველაზე შეუთავსებელმა პოლიტიკურმა ელემენტებმაც კი მოახერხონ შერწყმა. პოლიტიკაში ხომ ასე ხშირად ხდება სიურპიზები…

…და არსად ისე არ ამართლებს გამოთქმა „არასოდეს თქვა არასოდეს“ როგორც ამ სფეროში…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას.