შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის 1209 მსხვერპლი – რატომ სდუმან კანონმდებლები

არა საწარმოო გენოციდს! - ახალგაზრდები პარლამენტს შრომის კანონმდებლობის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
Sputnik

საქართველოს პარლამენტში შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა პრინციპებისა და პირველი მოსმენის დონეზე გაიყინა. კომუნისტებს ჰქონდათ საინტერესო გამოთქმა – თუ გსურთ გაყინოთ პრობლემა, მის მოსაგვარებლად კომისია შექმენითო. ჰოდა, უმრავლესობამაც კომისია შექმნა და კარგად მოსაუბრე ინტელიგენტი დიმიტრი ცქიტიშვილი ჩაუყენა სათავეში. ის არასოდეს იტყვის, გლეხს რომ სწავლა სურდეს, გლეხი არ იქნებოდაო, მაგრამ არც რადიკალურად მოითხოვს დამსაქმებლებისგან რაიმეს შეცვლას. არადა, ბოლო ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოში უფრო მეტი მუშა დაიღუპა მშენებლობებსა და მაღაროებში, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - შრომის უსაფრთხოება საქართველოში

სანამ პარლამენტი დუმს და უმრავლესობაში თავშეფარებული სოცდეკები წუწუნებენ — კანონმდებლობა მომზადებული გვაქვს და გვბლოკავენო, „აუდიტორია 115“ და ახალგაზრდა აქტივისტები აქციებს აანონსებენ. აი, რას წერს ახალგაზრდა აქტივისტი ირაკლი კუპრაძე: „2011 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას“.

ახალგაზრდული მოძრაობა 14 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას აანონსებს.

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოება გაკონტროლდება

26 წლის ახალგაზრდის სიკვდილით შეძრულია ჟურნალისტური კორპუსიც. ყველა, ვინც იმ დღეს მშენებლობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა კაცი ნახა, რომელსაც მეუღლე და პატარა შვილი დარჩა, შეძრა იმ ენით აღუწერელმა ტრაგედიამ, როცა ადგილზე მისულმა დედამ მეხსიერება დაკარგა მწუხარებისგან და გაოგნებული იქვე მომუშავე მეუღლეს ეუბნებოდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა. ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც მზადაა მოუწესრიგებელ შახტებში ჩავიდეს ლუკმა-პურის საშოვნელად, ყოველდღიურად არჩევანს აკეთებს შიმშილით სიკვდილსა და ყოველდღიურ საფრთხეს შორის. გაგიკვირდებათ და მათი ხელფასი, საუკეთესო შემთხვევაში, 1000 ლარია.

EMC-ი სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

შრომის კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობასა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი არჩილ გამზარდიაც. „პატივცემულო ხელისუფლებავ, ეს თემა, ჩავთვალოთ, რომ თქვენი ინდიკატორია, რაც თქვენ ნამდვილ სახეს აჩვენებს. რამდენად ხართ ორიენტირებული ადამიანზე, როგორც ამას ყოველ წუთში აცხადებთ“, — წერს არჩილ გამზარდია.

იმედია, საგაზაფხულო სესიების დაწყებასთან ერთად პარლამენტი მშრომელი ადამიანების დასაცავად მუშაობას გაააქტიურებს. 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!