რა იქნება საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევები 2018 წელს?

ლარის კურსი და ინფლაცია იმიტომ არის ასე მტკივნეული საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ დაკავშირებულია საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან- საბანკო ვალებთან
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკას 2018 წელს ორი მთავარი გამოწვევა აქვს — ინფლაცია და ლარის კურსი, განუცხადა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა „Sputnik- საქართველოს".

„წინა წლებში ქვეყანა ენდოგენური ფაქტორებით განპირობებული გამოწვევების წინაშე იდგა. მე ვგულისხმობ ჯერ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს, ხოლო შემდეგ ნავთობის ფასების ვარდნას, რომელიც დაახლოებით 115-120 აშშ. დოლარიდან (პიკური მაჩვენებლიდან), 40 დოლარამდე დაეცა", — აღნიშნა ლევან ქისტაურმა. 

საქართველოში ინფლაციის გათვალისწინებით პენსიების ინდექსირების დაწყება იგეგმება

მისი თქმით, ამან გამოიწვია მთელი მნიშვნელოვანი პერტურბაციები გლობალურ ეკონომიკაში, პირველ რიგში იმ ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის მომპოვებლები არიან და რომელთა ეკონომიკაც ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე დგას. საქართველოს კი ეს გადმოეცა იმ მექანიზმებით, რომლებიც გამომდინარეობს ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებიდან.

„პირველ რიგში ვგულისხმობ რუსეთს, სადაც ნავთობის ფასებმა მთელი რიგი მაკროეკონომიკური პრობლემები გამოიწვია და რაც შემდგომ საქართველოზეც აისახა. იმ პერიოდისთვის რუსეთი თურქეთთან ერთად იყოფდა პირველ-მეორე ადგილს, როგორც ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. დღეს არსებული პრობლემები ცოტა განსხვავებულია, დღეს საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები არის ინფლაცია და ლარის კურსი", — აღნიშნა ლევან ქისტაურმა.

ქისტაურის განმარტებით, ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების (მიზნობრივი მაჩვენებლის წინასწარ განსაზღვრის — რედ.) რეჟიმი არსებობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზანი ინფლაციის მართვაა.

„2017 წელს ინფლაცია 4%-ის ფარგლებში იყო დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდა უნდა ყოფილიყო ამ მაჩვენებელთან ახლოს. მაგრამ რეალურად დეკემბერში წლიური ინფლაცია მივიღეთ 6.7%. თითქოს 2.7 პროცენტული პუნქტი დიდი ცდომილება არა არის, მაგრამ ის ძალიან მწვავედ დააწვა ჩვენს მოსახლეობას", —განმარტა ლევან ქისტაურმა. 

სამაგალითო მოდელი: საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა

მისი თქმით, 2017 წელს ინფლაციის ზრდა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორით, კერძოდ, 2016 წლის ბოლოს საწვავზე აქციზის ზრდით.

„თუ ალკოჰოლსა და თამბაქოზე გაზრდილმა აქციზმა, ფასები უშუალოდ სასმელზე და სიგარეტზე გაზარდა, საწვავის შემთხვევაში ბენზინზე და დიზელზე გაზრდილმა ფასმა ტრანსპორტზე და სხვა საქონელსა და მომსახურეობაზე ფასების მატება გამოიწვია. რაც დღეისათვის მოსახლეობის სერიოზული სატკივარია", — განაცხადა ლევან ქისტაურმა.

რაც შეეხება ლარის კურსს, 1 აშშ დოლარის ღირებულება დღეს დაახლოებით 2 ლარსა და 55 თეთრს შეადგენს. თუმცა, წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის საკმაოდ მნიშვნელოვან რყევებს ქონდა ადგილი. 2017 წლის განმავლობაში ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.35 — 2.72-ის დიაპაზონში იცვლებოდა. თუმცა, რეალურად პრობლემას ქმნის არა გარკვეული ნიშნული, რომელსაც შეეჩვევა ბიზნესიც და საზოგადოებაც, არამედ ყველაზე მტკივნეული ლარის კურსის მაღალი ვოლოტირება და არაპროგნოზირებადობაა.

„მე როგორც ეკონომისტი ვამბობ, რომ ლარის პრობლემა არა მის კონკრეტულ ნიშნულში, არამედ მის ასეთ რყევაშია, რაც ბიზნესისთვის, შიდა მეურნეობისთვის თუ მოსახლეობისთვის გარკვეულ არაპროგნოზირებად გარემოს ქმნის", – აღნიშნა ლევან ქისტაურმა.

მისვე თქმით, ლარის კურსი და ინფლაცია განსაკუთრებით იმიტომ არის ასე მტკივნეული საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ დაკავშირებულია საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემასთან, კერძოდ, საბანკო ვალებთან. 

მსოფლიო ბანკმა ქართული ეკონომიკის პერსპექტივები შეაფასა

„პრობლემაა როგორც მოსახლეობაზე გაცემული კრედიტების მოცულობა, ასევე ის, რომ ფიზიკურ პირებზე სესხების უდიდესი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია გაცემული. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლარის კურსის დევალვაცია დაახლოებით 70%-ით მოხდა, ეს ნიშნავს რომ მოსახლეობას, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში, ამდენით გაუძვირდა სესხის მომსახურეობა", – განაცხადა ლევან ქისტაურმა.

მისი თქმით, თუ მსესხებელს ქონდა პირობითად, ხელფასი 1700 ლარი, (რაც საქართველოში მაღალი ხელფასია) და მოსდიოდა 1000 დოლარი, საიდანაც 500 დოლარს მიმართავდა სესხის მომსახურებაზე, დანარჩენი თანხით კი ცხოვრობდა, ახლა მას ამ თანხით დაახლოებით 670 დოლარი მოუვა. სესხის მომსახურეობა კი კვლავ 500 დოლარი უჯდება, შესაბამისად საარსებოდ მას უკვე მხოლოდ 250 ლარი დარჩება. მას არ შეუძლია სესხს არ მომემსახუროს, იპოთეკაში აქვს ბინა, უძრავი ქონება და ა.შ. ამიტომ შეამცირა საკვების მოხმარება, ტანსაცმლის შეძენა, დასვენება, გართობა და სხვ. ამან თავის მხრივ შეამცირა ეკონომიკაში გადახდისუნარიანი მოთხოვნა და უკან დასწია ქართული ეკონომიკა. რომ არა ასეთი წნეხი, საქართველოს ეკონომიკას დღეს გაცილებით უკეთესი ზრდის ტემპები ექნებოდა, ვიდრე დღეს გვაქვს. თუმცა, არც მშპ-ს ზრდის ის 4.8 %-ია ცუდი მაჩვენებელი, რომლითაც საქსტატის ცნობით გასული წლის 11 თვეში გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. უფრო მეტიც, ეს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.