რამ გაზარდა ტურისტების რაოდენობა 2017 წელს

2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
Sputnik

თბილისი, 7 – Sputnik. ევროკავშირთან ვიზალიბერაიზაციის ამოქმედებამ საქართველოს ცნობადობა და მისდამი ნდობა რეგიონში მნიშვნელოვნად გაზარდა,  მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.

„მართალია, თავისუფალი სავიზო მიმოსვლა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის  მოქალაქეებზე ვრცელდება, მაგრამ საქართველო ხდება მეზობლებისთვისაც საინტერესო“, — აღნიშნა ლევან კალანდაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ეკონომისტის თქმით, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად საქართველო საერთაშორისო მოგზაურებისთვის საინტერესო გახდა ევროპასთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ  ხელშეკრულებების გამო.

„ოპერატიული ნამუშევარია“ - ტურისტმა მაშველებს მადლობა გადაუხადა

2017 წელს საქართველოს 7,554,936  საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით — ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი ინფორმაციით, იანვარი — დეკემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც 757,962-ით მეტია 2016 წლის იანვარი — დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.9%).

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) ირანიდან 322,938 (+118.3%) შედგა. 

საქართველო 2018 წლის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს შორის დასახელდა

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ — დეკემბერში გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო (39.9%), ნიდერლანდები (31.1%), ესპანეთი (29.9%), საფრანგეთი (29.6%) და გერმანია (25.7%). განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია (316.1%), საუდის არაბეთი (164.6%), ქუვეითი (154.3%), ირანი (118.3%), ინდოეთი (64.1%), ჩინეთი (54%) და სხვა.

ლევან კალანდაძეის აზრით, ტურისტების რაოდენობის ზრდაზე გარკვეულწილად იმოქმედა თურქეთში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც. 

„დღეს საქართველო ტურისტებისთვის საინტერესოა ასევე როგორც სტაბილური და ახალი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა ჩვენს რეგიონში და ამითაც არის გამოწვეული ის, რომ ტურისტული ნაკადები ბოლო დროს მნიშვნელოვანწილად გაიზარდა“, — აღნიშნა ეკონომისტმა.

Financial Times-ი ტურისტებს 2018 წელს საქართველოში უხმობს

ლევან კალანდაძის თქმით, ტურიზმის განვითარებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ერთხელ ჩამოსულ ტურისტებს ქვეყნის მონახულების სურვილი მეორედაც გაუჩნდეს და საქართველოში ამის პოტენციალი არსებობს, მართალია აქტიურად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები  სერვისებთანთან დაკავშირებით.

„საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ დონეზეა ის სერვისები, რომლებიც ტურისტებს მიეწოდებათ. ამიტომ ხელისუფლებამ არა მხოლოდ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე  უნდა იზრუნოს, არამედ  ჩამოაყალიბოს ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც დაეხმარება ტურისტულ ინდუსტრიას სერვისების ხარისხის გაუნჯობესებაში“, —მიაჩნია ლევან კალანდაძეს.

2017 წელს საქართველოს ცნობადობის ამაღლების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

მონაწილეობა 21 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში;

ონლაინმარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში;

სარეკლამო კამპანიები: BBC, Euronews, Discovery, Tripadvisor, Expedia.

99 საერთაშორისო პრესტური (საქართველოს ესტუმრა 683 უცხოური მედიის წარმომადგენელი);

14 ინფოტური (საქართველოს ეწვია 239 ტუროპერატორი).

ქართველი სტუდენტები ტურისტული კომპანიების კვლევით სამუშაოებში ჩაერთვებიან

საქართველოს შესახებ სტატიები მოამზადეს შემდეგმა მედიასაშუალებებმა: BBC, National Geographic, National Geographic Traveller India, Forbes,  Le Monde, The Independent, The Guardian, Elle, Observer, Birdwatching Magazine UK; Thrilist, Conde Nast; Daily Mail, Vogue; Huffington Post და ა.შ.

"შემოსავლების ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა. თუ 2016 წელი იყო პირველი წელი, როდესაც შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან  2 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7  მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მივაღწევთ 2 მნიშვნელოვან ციფრს: პირველად გვეყოლება 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს", — განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.