რამდენიმე დღეს წინ სოფლად ბიზნესის განვითარების დასახმარებლად ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) 9 მლნ ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამა გამოაცხადა. საგრანტო პროგრამის მიზანი სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაა. კერძოდ, არაფერმერული ბიზნესის განვითარება, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის ხელის შეწყობა.
საგრანტო პროგრამის პირობები:
აღნიშნული საგრანტო პროგრამა განხორციელდება 8 მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში. პროგრამის პირველ ეტაპზე განცხადებები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე მიიღება.
წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარებმა უნდა უზრუნველყონ. თავად სააგენტო კი თითოეულ ბიზნეს-პროექტზე გასცემს არანაკლებ 20 ათასი და არაუმეტეს 170 ათასი ლარის ოდენობის გრანტს.
კომერციული საქმიანობისთვის გათვლილი განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს განახლებადი ენერგიების გამოყენებით თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1 500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წარმოდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების არანაკლებ 20%-იანი თანადაფინანსება ბენეფიციარმა უნდა უზრუნველყოს. ეს შეიძლება იყოს ფულადი სახსრები, ან ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს (პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებული) მეწარმე იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები.
ვის აქვს პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება:
- საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
ბენეფიციარს მოეთხოვება შემდეგი პირობების დაცვა:
- პროექტის განსახორციელებლად შერჩეული უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან მიღებული ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით
- უძრავ ქონებას არ უნდა ედოს ყადაღა ან/და იპოთეკა (დასაშვებია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების იპოთეკა);
- არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის ან შემოსავლების სამსახურის მიმართ.
- იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის ბენეფიციარი, მას განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა ჰქონდეს პროექტის პირობები დარღვეული.
რა სახის პროექტები არ დაფინანსდება:
პროექტები, რომლებიც უკავშირდება
- სამხედრო, ბირთვულ, სპირტის და ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს და სახიფათო ნივთიერებების წარმოებას;
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველად და სურსათის წარმოებას
- სათამაშო ბიზნესს და აზარტულ თამაშებს;
- საფინანსო მომსახურებას (მათ შორის სალომბარდო);
- საქველმოქმედო საქმიანობას;
- ვაჭრობას.
როგორ მივიღოთ თანადაფინასება:
თანადაფინანსების მისაღებად შემდეგი ეტაპები უნდა გაიაროთ:
1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია
განაცხადის შესავსებად უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge). რეგისტრაცია ხორციელდება აუცილებელი ველების შევსების შემდეგ.
რეგისტრაციისას სავალდებულოდ შესავსები ველები:
• სახელი/გვარი;
• დაბადების თარიღი;
• პირადი ნომერი;
• მობ/ტელ ნომერი;
• დამატებითი ტელ. ნომერი;
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• პაროლი
განაცხადის შევსება
1. შედიხართ ვებ-გვერდის საკუთარი მართვის პანელში;
2. აჭერთ ღილაკს „განაცხადის დამატება“;
3. ირჩევთ - „ფიზიკური პირი“/„იურიდიული პირი“;
4. ავსებთ განაცხადის ელექტრონულ ფორმას;
5. ავსებთ განაცხადის ფორმაში ყველა აუცილებელ ველს;
6. განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ავსებთ ბიზნეს-მოდელის ელექტრონულ ფორმას;
7. ღილაკზე დაჭერით ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი;
8. აჭერთ ღილაკს „განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შენახვა“.
განაცხადის/ბიზნეს-მოდელის შესავსებ გვერდზე განთავსებულია ღილაკი „განაცხადის გაგზავნა“, რომელზეც დაჭერის შემდეგ ვებ-გვერდზე ჩნდება შეტყობინება განაცხადის გაგზავნის თანხმობის შესახებ – „ვეთანხმები“.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში შევსებული განაცხადი აღირიცხება სისტემაში და მიენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
განაცხადის/ბიზნეს-მოდელის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ მისი კორექტირება დაუშვებელია.
აპლიკაციის შეფასება
პოტენციური ბენეფიციარების მიერ გაგზავნილი განაცხადები სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღირიცხება და ავტომატურად გადაუნაწილდება სააგენტოს თანამშრომლებს განსახილველად. განაცხადების განხილვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ დროს ხელმისაწვდომია განაცხადით მოთხოვნილი თანადაფინანსების შესაბამისი ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში ბენეფიციარი ვალდებულია ყოველწლიურად წარმოადგინოს აუდიტორული დასკვნა ფინანსური მდგომარეობის, პროფილის შენარჩუნების, დასაქმებულთა რაოდენობის, გადახდილი ხელფასების, გაწეული მომსახურების ან/და წარმოებული პროდუქციის მოცულობის და შესყიდული ნედლეულის (ღირებულება და მოცულობა) შესახებ.
სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, პროექტის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობის და პროექტის პროგრესის შეფასების მიზნით განახორციელოს ვიზიტი პირადად ან დამოუკიდებელი სპეციალისტის/ექსპერტის/აუდიტორის მეშვეობით.
გაითვალისწინეთ, პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესაბამისი განაცხადის ფორმები და ბიზნეს-მოდელის ფორმა, ასევე მომზადების ინსტრუქციები მოცემულია ელექტრონული სახით ვებ-გვერდზე (www.arda.gov.ge) და ხელმისაწვდომი გახდება რეგისტრაციის გავლის შემდეგ.