მძიმე სტატისტიკა: საქართველოში სამ წელიწადში 500-ზე მეტი ბავშვი გახდა ძალადობის მსხვერპლი

© Pixabay / Greyerbabyმოწყენილი ბავშვი
მოწყენილი ბავშვი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პედოფილია ან, თუ გნებავთ, სხვა შემზარავი დანაშაული, რომელიც ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგაა მიმართული, მხოლოდ პრობლემური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნებისთვის არაა დამახასიათებელი.

უფრო პირიქით – სწორედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ფიქსირდება მსგავსი ტიპის უაღრესად შემზარავი დანაშაულები. განათლება, ზნეობა, რელიგიურობა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესები, აღზრდა – ფსიქოლოგების, ექსპერტებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების აზრით, ესაა ის ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც ადამიანის აღზრდა-ჩამოყალიბება უნდა დაფუძნდეს და შემდეგ საზოგადოებაც დაზღვეული იქნება პიროვნების მანიაკად ქცევისა და ანტისოციალური მოქმედებებისგან. მძიმე დანაშაულის მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის, აღზრდასთან ერთად, ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს უჭირავს დიდი ადგილი. ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლი მოზარდები დიდობაში თავადაც ხშირად ხდებიან მოძალადეები. საკმარისია გავიხსენოთ პედრო ალმადოვარის ფილმი „ცუდი აღზრდა“.

სტატისტიკა კი ამ ბოლო ხანებში მძიმეა – შსს-ს მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში 500-ზე მეტი ბავშვი გახდა სხავდასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლი. აღარ ვსაუბრობთ სკოლებში გავრცელებულ ბულინგზე, რომლის საწინააღმდეგოდაც განათლების სამინისტრო და შსს ერთობლივად მუშაობენ. 

მოსწავლეები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ „უსაფრთხო სკოლის სახელმძღვანელო“ შექმნა

საქართველოში ამ ბოლო ხანებში საყოველთაო გულისწუხილისა და განსჯის საგნად იქცა რამდენიმე მძიმე დანაშაული, რომელსაც ადამიანები ახსნას ვერ უძებნიან და თვით ყველაზე ჰუმანისტებიც კი ხან ლინჩის წესით გასამართლებას, ხან კი სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვენ. ბოლო ასეთი ფაქტი გორში მომხდარი საზარელი შემთხვევაა, რომლის მსხვერპლიც 8 წლის გოგონა გახდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტის გაშუქებას არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტურ ეთიკასთან, რადგან არა მხოლოდ გარდაცვლილი გოგონას და მისი ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა პირველივე წუთებიდან, არამედ ოჯახის ყველაზე გულწრფელი პირველი ემოციების ასახვა სკანდალებზე მონადირე მიკროფონებისა და კამერების თანხლებით. ბრალდებულის დაკავებამ კი ცხადყო, რომ სისტემა, რომელსაც არ უნდა დაეშვა მისი გარეთ ყოფნა, ცუდად, ან საერთოდ არ მუშაობს, რადგან საქმე აშკარად ჩამოყალიბებულ ფსიქოპატთან გვაქვს, რომლის საზოგადოებისგან იზოლირება აუცილებელია და ამას მხოლოდ პენიტენციური დაწესებულება და კანონები ვერ უზრუნველყოფს. საჭიროა ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და სამართალდამცველების ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება, ისევე, როგორც ეს ნელ-ნელა ხდება ოჯახური ძალადობის სფეროში, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ აქაც საზოგადოების გამოფხიზლება ვერაზე მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ გამოიწვია, უდავოდ აღსანიშნავია შსს-ს ძალისხმევა, რომელმაც მხოლოდ 2018 წელს უკვე 4742 შემაკავებელი ორდერი გასცა ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
არსებობს თუ არა ბულინგის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში

ზოგადად, დანაშაულის ზრდის ტენდენციასთან ერთად საზოგადოება სამართალდამცველებს გვერდით უნდა დაუდგეს - თვლიან ფსიქოლოგები და სოციოლოგები. სხვაგვარად ძალოვნებს ძალიან გაუჭირდებათ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით ებრძოლონ კრიმინალს. სტატისტიკა კი საკმაოდ არასახარბიელოა. თუ 2017 წელს 27 568 დანაშაული იყო რეგისტრირებული, 2018 წელს უკვე 43 845 რეგისტრირებული დანაშაულია, თუმცა, საბედნიეროდ, მკვლელობებისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულის სტატისტიკა მაინც დაახლოებით ერთნაირია. აღნიშნავენ კიდევ ერთ ფაქტორს – შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, სტატისტიკა არ იმალება და არ ლამაზდება. სწორედ ამიტომ გვაქვს რეალური რიცხვები, სადაც ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ნარკოტიკული დანაშაულის – შემოტანა-გასაღების ფაქტების გამოვლენა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საჭიროა სახელმწიფომ სპეციალური პროგრამები შექმნას როგორც დაზარალებულებთან, ასევე პოტენციურ მოძალადეებთან ფსიქოლოგების სამუშაოდ. სამწუხაროდ, ჩვენში არავინ სწავლობს, რა იწვევს ზოგადად აგრესიის ზრდას. საინფორმაციო გარემოც და ზოგადად ცხოვრებაც ძალიან სტრესულია. თუმცა უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ახლა ამ საქმეში საზოგადოების და საგანმანათლებლო უწყებების ისეთი ჩართვაა საჭირო, რომელიც რეალიზებული და ბედნიერი ადამიანის აღზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ბოლო 25 წლის სტრესული გარემოს შედეგებს, ალბათ, კიდევ დიდხანს მოვიმკით.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0