ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 10-15 მლნ. ჰა ტყე იწვის.
ტყის ხანძრები გარემოს სწრაფად შესამჩნევ, პირდაპირ და არაპირდაპირ ზიანს აყენებს, რომლის შედეგებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე თანდათანობით ვლინდება.
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, როგორც ცნობილია, მოხდა 100 ჰექტარი ტყის მასივის განადგურება, რაც უარყოფითად აისახება როგორც გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც.
და მაინც, კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ტყის ხანძრები ეკოლოგიასა და ადამიანზე:
ტყის ხანძრების დროს იცვლება ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობა და სტრუქტურა. წვა მიმდინარეობს ჰაერში არსებული ჟანგბადის ხარჯზე. ჰაერი ბინძურდება ნახშირორჟანგის, მხუთავი აირის, აზოტის ჟანგების და ტყის სხვა პიროლიზური პროდუქტებით. მერქნის არასრული წვის შედეგად, ჰაერში გროვდება დიდი ოდენობით მუტაგენური და კანცეროგენული თვისებების მქონე ორგანული ნივთიერებების, მათ შორის, ფენოლური შენაერთების და რადიონუკლიდების შემცველი ჭვარტლი. მცირდება ატმოსფეროს გამჭირვალობა, უარესდება ხილვადობა, იზრდება ნისლიანი დღეების რაოდენობა. გაუმჭირვალე ჰაერი გარდა იმისა, რომ ამცირებს დღის განათებას, აკავებს ულტრაიისფერი სხივების ტალღებს, რის შედეგადაც ფერხდება ფოტოსინთეზის პროცესები. ეს თავის მხრივ, უარყოფითად ისახება მცენარეული ორგანიზმების ზრდა-განვითარებასა და სასიცოცხლო პროცესებზე. ფერხდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნორმალური განვითარება. ხანძრის დროს გამოყოფილი მხუთავი აირები და ტოქსიკური გაზები ორგანიზმში მოხვედრის შედეგად, აღიზიანებს ლორწოვან გარსებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. განსაკუთრებით უარესდება სასუნთქი ორგანოების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ჰაერის დაკვამლიანება აუარესებს ნიადაგის მიკროკლიმატს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად იცვლება ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები და მიკრობიოლოგიური მდგომარეობა, იზრდება рН დონე. იცვლება ჰუმუსის შემადგენლობა. მაღალი ტემპერატურის გავლენით უარესდება ნიადაგის მიკროაგრეგაციის უნარი, ძლიერდება ქარების ზემოქმედება ნიადაგზე, რაც იწვევს მათ ეროზიას და გაუდაბნოებას. ლოკალურად იცვლება ნახშირბადის და აზოტის წრებრუნვა. ნადგურდება ნიადაგის საბურველის და ზედა ფენების ძვირფასი ორგანული მარაგები, რომელთა დაგროვებას საუკუნეები ჭირდება (1 მ. ნიადაგის ნაყოფიერი ფენის წარმოქმნას დაახლოებით 1000 წელი ჭირდება). ნიადაგის საბურველის მთლიანი დაწვა უარყოფითად აისახება მცენარეთა ნიადაგურ კვებაზე და მთლიანობაში, ტყის თვითაღდგენის პროცესებზე. იზრდება ნიადაგის ტენიანობა, რაც ნახანძრალი ადგილების დაჭაობების მიზეზი ხდება.
ხანძარი გავლენას ახდენს ჰიდროსფეროზეც, იცვლება წყლის და მყარი ჩამონადენის საშუალო წლიური ჰიდროთერმული და ბიოქიმიური მაჩვენებლები და წყლის ნაკადების კალაპოტების ჰიდროლოგიური რეჟიმი.
გარდა ზემოჩამოთვლილი ზემოქმედებისა, ტყის ხანძარი დიდ ზიანს აყენებს ბიოსფეროს, რასაც მოყვება ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის, იშვიათი სახეობების, შეუქცევადი კარგვა. კვამლისგან ცხოველების და ფრინველების დიდი ნაწილი ხდება უმოქმედო, იგუდება და იწვის ტყესთან ერთად. ნადგურდება ფაუნის საცხოვრებელი გარემო (ბუდეები, სოროები, საკვები არე), რის გამოც, ხანძარს გადარჩენილ ცხოველებს ახალი საცხოვრებლის მონახვა უწვეთ. ცხოველების საკვების განადგურება შესაძლოა ზოგიერთი პოპულაციის რიცხოვნობის შემცირების და უარეს შემთხვევაში — დაღუპვის მიზეზიც გახდეს.
ხანძრის ინტენსივობიდან გამომდინარე, მცირდება ტყის ბიოლოგიური პროდუქტულობა, მკვეთრად იცვლება ტყის ბუნებრივი თვითაღდგენის პირობები. ხანძრის მეორე და მესამე წელს მასობრივად ხდება ბალახოვანი ბიომასის ზრდა, იცვლება ტყის სახეობრივი შემადგენლობა. კნინდება მერქნიანი სახეობების სიცოცხლისუნარიანობა, მცირდება მათი მდგრადობა მავნებელ-დაავადებების მიმართ, უარესდება ტყის სანიტარული მდგომარეობა, იქმნება მავნებელ-დაავადებების მასობრივი გამრავლების ხელსაყრელი პირობები. განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს ტყის ხანძრები არამდგრად ეკოსისტემებზე და ღია ფართობებზე არსებულ ახალგაზრდა ტყეებზე.
ტყის ხანძრების დიდი წილი ადამიანების მიზეზით ხდება. დაუდევრობა, ჩაუქრობი კოცონი, ანთებული ასანთის, ან ნამწვის გადაგდება, ტყის არასწორი ექსპლუატაცია, ექსპედიციები და სხვ. ხანძარი შესაძლოა გამოიწვიოს შუშის ნატეხმაც, რომელიც ასრულებს ლინზის როლს მზის სხივის დაცემისას. ბუნებრივი ფაქტორებიდან, ტყის ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს მეხმა, კლიმატურმა პირობებმა, ნიადაგის გამომშრალი საბურველის თვითაალებამ და სხვ. წიწვოვან ტყეში ნიადაგის ლიქენების და ხავსების მთლიანი საბურველი, ეთერზეთებით მდიდარი მშრალი წიწვები და მაღალი ტემპერატურისგან გამომშრალი ბალახის საფარველი ზრდის ტყეში ხანძრების გაჩენის რისკს.
წიწვოვანი ტყეები ნაკლებ მდგრადია ტყის ხანძრების მიმართ, ვიდრე ფოთლოვანი. განსაკუთრებით იოლად აალებადი ხელუხლებელი ტყეებია, სადაც ნიადაგები მშრალი წიწვებითაა მოფენილი.
ერთმნიშვნელოვნად თქმა, რომ ხანძრები მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანია, არ იქნება სწორი, რამდენადაც, ზოგ შემთხვევაში ტყის ეკოსისტემების განახლების, თავდაპირველი ბიომრავალფეროვნების აღდგენის და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ტყის ხანძრები აუცილებელიც კია. თუმცა, ხანძრის დადებითი შედეგები უმნიშვნელო ხდება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ხანძრების უარყოფითი ზემოქმედების მასშტაბების ფონზე.
ტყის ხანძრების ხასიათი და ინტენსივობა დამოკიდებულია საწვავი ნედლეულის მარაგებზე, ადგილის რელიეფზე, ჰაერის ტენიანობაზე, კლიმატურ პირობებზე, დღე-ღამის მონაკვეთზე და ქარის სიძლიერეზე.
ერთ შემთხვევაში ხანძარი შეიძლება იყოს ზედაპირული, როდესაც იწვის მშრალი ნიადაგის საბურველი. მცოცავი ცეცხლი სწრაფად ვრცელდება ყველა მიმართულებით და იკავებს დიდ ფართობებს. მიწაც შედარებით სუსტად ცხელდება. ძირითადად ზიანდება მიწისპირა ფენა, ნადგურდება ხავსები, ლიქენები, ბალახი, ბუჩქები და ახალგაზრდა აღმონაცენი. ზიანდება ძირითადად თხელქერქიანი ხეების (ნაძვი, სოჭი და სხვ.), მიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი ნაწილები. მთლიანობაში ტყე არ ნადგურდება და ინარჩუნებს თვითაღდგენის უნარს. მერქნიანების იარუსი არ განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებას. ტყის ქვედა დაზიანებული იარუსები მალევე აღდგება. ასეთი ხანძრისგან მიყენებული ზიანი გაცილებით მცირეა. თუმცა, ნაწილობრივ დამწვარი ხეები კარგი მასალაა ახალი ხანძრისთვის. ხშირად, ასეთი ხანძრების შემდეგ, ტარდება პირწმინდა სანიტარული ჭრები და ხდება მთლიანი ტერიტორიის გაწმენდა.
ზედაპირული ხანძრის ჩასაქრობად, სპეციალურად აწყობენ ფართო ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებს. ნიადაგის მინერალური ფენა აკავებს მიწის ზედაპირზე ნაყარ გამომშრალ ორგანულ ნარჩენებზე აღმოცენებულ ხანძარს და მისი ლოკალიზება იოლდება.
არც თუ იშვიათად, თუ ვერ მოხერხდა ზედაპირული ხანძრის დროული ლოკალიზება, განსაკუთრებით მშრალ და ქარიან ამინდში, ქარი ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას, ცეცხლის ალი ტყის ზედა იარუსებში ადის და მთლიანად ანადგურებს ტყეს.
ინტენსიური ხანძრის დროს, მთლიანად ნადგურდება ტყის მცენარეული საფარი და მიწის საბურველი, ზიანდება მიწის ნაყოფიერი ფენა, ნადგურდება ნიადაგის მიკროფლორა და ენტომოფაუნა, ნიადაგის ზედაპირი იფარება ჭვარტლით. ეს თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ტყის თვითაღდგენის პროცესებზე. ხანძრის შედეგად გამოფიტულ ნიადაგებზე მერქნიანების თესლებს უჭირს განვითარება და იძლევიან სუსტ აღმონაცენს.
თუ ნიადაგის ძალიან ღრმა ფენები არ არის ხანძრისგან დაზიანებული, ნახანძრალ ფართობებზე იქმნება ნოყიერი საკვები ფონი. რასაც ხელს უწყობს ნიადაგის მიკროორგანიზმების გააქტიურება, რომლებიც ღრმა ფენებში დაგროვილ ორგანულ ნარჩენებს შლიან მცენარეებისთვის შესათვისებელ ფორმად და ასეთი გზით ანოყიერებენ ნიადაგს აზოტოვანი და არაორგანული ნაერთებით. ეს კი მომავალში ხელს უწყობს მეორეული მცენარეული საფრის და ტყეების თვითგანახლებას.
ნახანძრალზე, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, ჩნდება სიცოცხლის პირველი ნიშნები. თავდაპირველად, მასობრივად ვითარდება სინათლის მოყვარული ტყის და მდელოს ბალახოვანი პიონერი სახეობები. ხანძრიდან ორი წლის შემდეგ, თანდათანობით ჩნდება მერქნიანი სახეობებიც, რომლებიც ძირითადად აღმოცენდება ხანძრის შემდეგ ქარის, ან ფრინველების მიერ მოტანილი და მიწის ღრმა ფენებში გადარჩენილი თესლებიდან. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი მატულობს. 10-15 წლის შემდეგ იწყება მერქნიანი სახეობების იარუსის შეკვრა. ტყის საბურველის ქვეშ, თანდათან გაბატონებას იწყებს ტყის ტიპური სახეობები.
ნახანძრალ ფართობებზე საწყისი სახეობების აღდგენა ვერ მოხდება მანამ, სანამ მთლიანად არ აღდგება ნიადაგის პირვანდელი სტრუქტურა. იმ შემთხვევაში, თუ ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენა განადგურებული, ან მნიშვნელოვნად გაღარიბებულია, ნახანძრალი ტყის ფართობებს ბუჩქნარი იკავებს, რომელიც დომინანტი ხდება და ხელს უშლის ტყის თვითაღდგენას. ასეთი ღარიბი თანასაზოგადოებების ნიადაგები დროთა განმავლობაში ისე იფიტება, რომ ვეღარ იკავებს მერქნიან მცენარეულობას. ამიტომ ტყის აღდგენისთვის აუცილებელი ხდება ბიოტექნიკური ღონისძიებების გატარება — დამწვარი ადგილების რეკულტივაცია, ნაყოფიერი ფენის და მინერალური სასუქების შეტანა გასატყიანებელ ფართობებზე.
სრულფასოვანი ტყის ჩამოყალიბებას 80-100 წელი ჭირდება. თუმცა, არც თუ იშვიათად, თვითგანახლებული ტყეების სახეობრივი შემადგენლობა შეცვლილია. წიწვოვნები ჩანაცვლებულია ფოთლოვნებით, ან სხვა სახეობის წიწვოვნებით.
თუ ხანძარი გავრცელდა არა ერთიან, დიდ ფართობზე, არამედ რამდენიმე ზონაში ცალცალკე, ასეთ შემთხვევაში, ტყის მასივის ნაწილი გადარჩენილია, რაც არსებული ტყის თვითაღდგენისათვის სადედე მასალას წარმოადგენს.
სანამ მოხდება ახალი ნერგების დარგვა, საჭიროა ნახანძრალი ფართობების გაწმენდა დამწვარი ხის ნარჩენებისგან. აუცილებელია ასევე, მოხდეს ნახანძრალი ზედაპირების დამუშავება — გადახვნა და შერევა მიწის ფენებთან. ამის შემდეგ, ნახანძრალ ფართობზე ადრე არსებული, ან კონკრეტულად, ბორჯომის ხეობისთვის დამახასიათებელი ხეების სახეობების დარგვა, ან დათესვა და მათი შემდგომი მოვლა.