20:22 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
141 0 0

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის  სამუშაოებთან დაკავშირებით გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას დღეს დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დეზინფორმაცია უწოდა ბოლო პერიოდში გავრცელებულ ხმებს, თითქოს დაგეგმილია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის „ჩაბეტონება“ და სარესტორნო სივრცეების მოწყობა, ამის შესახებ მან Facebook-გვერდზე ვიდეოჩართვისას ისაუბრა.

„კონცეფცია მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ეს ერთი დიდი სივრცე ისე დაიყოს, ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 მისი თქმით, ამ დროისთვის მუშაობა პროექტის დეტალებზე მიმდინარეობს.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ პროცესში და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით, ჩვენ კარი არასდროს არავისთვის დაგვიხურავს, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამისთვის შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, პროექტის განხილვაში კი მონაწილეობის მიღებას საზოგადოებაც შეძლებს.

გუშინ თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობისას მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით,  თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი არ ითვალისწინებს პარკის სპეციფიკას, ლანდშაფტს, ბუნებრივ განაშენიანებას და არც იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ მას.

ახალი ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა გახდება, 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 5 ოქტომბერს მოეწერა.

მთავარი თემები