თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეწყრული ზონა ბაგებსა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში გამოვლინდა, რის გამოც პრევენციული ზომების მიღება გახდა საჭირო.
უსაფრთხოების მიზნით დღეს, 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე გზის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
რამდენიმე დღის წინ მეწყრული ზონა გამოვლინდა თბილისში ვაშლიჯვრის დასახლებასთან მდებარე ფერდობზეც. თბილისის მერიამ 15 მარტს გაავრცელა განცხადება, რომ გასული წლების განმავლობაში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა და, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.