კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს მიწის ნაკვეთები გადაეცა

გამოწერა
თბილისის მერმა იმ მოქალაქეებს, ვისაც ფართის დაკანონების პრობლემა აქვს, მოუწოდა, ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს მიმართონ.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 1500-მდე ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გადაეცა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

თბილისის მერმა სხდომაზე საკუთრების დაკანონებისა და კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მერიის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასამდე ოჯახიდან ნახევარი დააკმაყოფილა. მისი თქმით, ეს ოჯახები წლების განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ, თუმცა მათ ყურადღებას არავინ აქცევდა.

„სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს... ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ამასთან მიმართებით და დღეს უკვე დაკმაყოფილებული გვყავს 1500-მდე ოჯახი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ინვესტორთან შეთანხმებით“, – განაცხადა მერმა.

კალაძის განცხადებით, მერია ზედამხედველობას გაუწევს, რომ ეს ადამიანები კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილდნენ.

„დარჩენილ 1500 ოჯახს კი ვაძლევ პირობას, რომ ეს პრობლემა მათაც მალე მოუგვარდებათ“, – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება საკუთრების დაკანონებას, როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიამ დაახლოებით 1400-მდე პირს ათწლეულების განმავლობაში საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონა.

თბილისი - Sputnik საქართველო
ბინა ერთ ლარად: თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ 26 ოჯახს გადასცა

„ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც წლებია კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათი დაკანონება ვერ მოახერხეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ მიწა მიიტაცოს და შემდეგ მისი დაკანონება მოითხოვოს. ამას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რითიც დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა მერმა.

ჯერ კიდევ 2018 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი–ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

ასევე, თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს.

ყველა ახალი ამბავი
0