თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება; სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა და გარემო მათთვის მაქსიმალურად უნდა იყოს ადაპტირებული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
შშმ პირთა ახალი უფლებები ძალაშია: კანონი სრულად ამოქმედდა>>
დედაქალაქის მერმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, ამიტომ სმენადაქვეითებულებისთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ ყოველდღიურ მუშაობაში მათი საჭიროებების გათვალისწინებას ვცდილობთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც ქალაქში ხორციელდება, მათზე მაქსიმალურადაა მორგებული. თბილისი უნდა იყოს ინკლუზიური ქალაქი და ამ მიმართულებით ძალ-ღონეს არ ვიშურებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, თარჯიმნის საშუალებით დედაქალაქის მოსახლეობა ინფორმაციას თანაბრად და ოპერატიულად მიიღებს.